weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პოლიცია ნამოხვანის კაშხლის მშენებლობის ადგილზე ჯვრის დემონტაჟს გეგმავს

10:36 შაბათი, 30 იანვარი 2021

რიონის ხეობაში, იქ, სადაც ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაა დაგეგმილი, დილიდან პოლიციაა მობილიზებული. პოლიციის თანამშრომლები კაშხლის მშენებლობის ადგილიდან, ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ რამდენიმე თვის წინ აღმართული ჯვრის დემონტაჟს გეგმავენ. 

რიონის ხეობის მცხოვრებლების ინფორმაციით, პოლიციამ მათ განუმარტა, რომ კარავი და ჯვარი ინვესტორი კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზეა. 

გადაღებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ ჯვართან მისასვლელ გზაზე პოლიციის თანამშრომლებმა შლაგბაუმი დადგეს.

რიონის ხეობის სოფლების მოსახლეობის ნაწილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგია. ისინი ითხოვენ კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ რიონის ხეობა დატოვოს, ტექნიკა სრულად გაიყვანოს და პროექტის განხორციელებაზე უარი ითქვას. მშენებლობის ნებართვების გასაუქმებლად აქციის ორგანიზატორები სასამართლოშიც დავობენ. 90 დღეზე მეტია ადგილობრივები უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ. 

ნამოხვანის ჰესების კასკადის შესახებ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თურქულ კომპანიას შპს „ენკა რინიუებლზი“ 2020 წლის 28 თებერვალს მისცა დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება - მდინარე რიონზე ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე.

2020 წლის 22 აპრილს ეკონომიკის სამინისტროს „სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ“ ქვემო ნამოხვანი ჰესის მშენებლობის ნებართვა გასცა. დოკუმენტის თანახმად, კომპანიას უფლება აქვს ჰესების კასკადის სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ ნებართვით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ აწარმოოს. კომპანიას საექსპერტო დასკვნების წარდგენა დაევალა. მანამდე მხოლოდ მოსამზადებელი და მიწის სამუშაოების ჩატარება შეუძლია. „ენკა რინიუებლზის“ მოთხოვნილი დოკუმენტები ჯერ არ წარუდგენია, თუმცა რიონის ხეობაში რამდენიმე მონაკვეთი მთლიანად გადათხარა, განადგურებულია ნამოხვანის ჩანჩქერი, აშენებულია 500 კაცზე გათვლილი დროებითი ბანაკი, შენდება ბეტონის ქარხანა და ჰესების მშენებლობისთვის საჭირო გზები და ხიდი.

ნამოხვანის ჰესების კასკადი ორ ჰესს მოიცავს - ტვიში ჰესი 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთის ჰესი - 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ტვიში ჰესის კაშხლის განთავსება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ.

კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ტვიში ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვედა ნამოხვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში.

წყალსაცავის სრული მოცულობა 167.5 მლნ მ3, სარკის ზედაპირის ფართობი კი 510 ჰექტარი იქნება. ქვედა ნამოხვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეები 90 დღე-ღამეზე მეტია რიონის ხეობაში აქციას მართავენ. სოფლების ტვიშის, მექვენას და ნამოხვანის მცხოვრებლებს სადღეღამისო მორიგეობა ჯერ ნამოხვანში ჰქონდათ დაწესებული, იქ, სადაც ჰესების კასკადის მშენებელი კომპანია სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა.

2020 წლის 29 ოქტომბერს, აქციის მონაწილეებმა კაშხლის მშენებლობის ადგილას ჯვარი აღმართეს ათობით პოლიციელის ფიზიკური წინააღმდეგობის მიუხედავად. სასულიერო პირებმა ჯვარი იმავე დღეს აკურთხეს.

აქციის მონაწილეების უწყვეტი პროტესტის შემდეგ კომპანიამ აღნიშნული ტერიტორიიდან ტექნიკა გაიყვანა, რის შემდეგაც ადგილობრივებმა სოფელ ჟონეთში, კომპანიის მეორე ბაზასთან გადაინაცვლეს და ახლაც იქ არიან.

2020 წლის 14 ნოემბერს გამართული აქცია იმერეთის პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა.

 

ამ თემაზე:

სახელმწიფო ვალდებულია ინვესტორის უფლებები დაიცვას – ნამოხვანჰესის მშენებელი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]