weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნამოხვანჰესის ინვესტორმა კომპანიამ სრულიად კანონიერად განაახლა საქმიანობა – თურნავა

20:43 შაბათი, 30 იანვარი 2021

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა რიონის ხეობაში დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჰესების კასკადის მშენებელმა კომპანია „ენკამ“ საქმიანობა სრულიად კანონიერად განაახლა.

„დღეს ნამახვანი ჰესის ინვესტორმა კომპანიამ სრულიად კანონიერად, ყველა სანებართვო მოთხოვნის დაცვით განაახლა საქმიანობა. ნამახვანი ჰესი, ისევე როგორც ნებისმიერი ჰესი, რომელიც შენდება საქართველოში, ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილია“, – განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, ნამოხვანჰესი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ყოველთვის იყო მხარდაჭერილი სახელმწიფოს მხრიდან.

„მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მკაცრ მოთხოვნებს არ ვუყენებთ პროექტის ინვესტორს. პრაქტიკულად 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა კვლევა, მათ შორის, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და სხვა.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად დამუშავებული, უსაფრთხო პროექტი, რომელიც არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ შეისწავლა და დაადასტურა, რომ მართლაც, გეოლოგიური თვალსაზრისით,

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო პროექტი, რომელიც თავისი სეისმოლოგიური პარამეტრებით ისეთ თეორიულ მიწისძვრასაც კი გაუძლებს, რომელიც 2000 წელიწადში ერთხელ შეიძლება მოხდეს ჩვენს რეგიონში.

გარდა ამისა, ეს არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ეს არის 800 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ისეთ პერიოდში, როდესაც პოსტკოვიდ კრიზისია მთელს მსოფლიოში. ნებისმიერი ქვეყანა ნატრობს ასეთ დიდ შენატანს, უცხოური ინვესტიციის შემოსვლას მათ ქვეყანაში და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის 2000-მდე საქართველოს მოქალაქის დასაქმების შესაძლებლობა. ძირითადად, ადგილობრივი მცხოვრებლები არიან დასაქმებულები და ცალსახად, ჩვენ ყოველთვის გვერდით დავუდგებით ამ პროექტს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

რიონის ხეობის მოსახლეობის ნაწილი ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტის განხორციელების წინააღმდეგია. ისინი ინვესტორი კომპანიის მიერ სამუშაოების განახლებას თვეების განმავლობაში საპროტესტო გამოსვლებითა და სოფელ ჟონეთში, სადღეღამისო მორიგეობით უშლიდნენ ხელს. პროექტის მოწინააღმდეგეები ითხოვენ, რომ ინვესტორმა კომპანიამ რიონის ხეობა დატოვოს, ტექნიკა სრულად გაიყვანოს და პროექტის განხორციელებაზე უარი ითქვას. მშენებლობის ნებართვების გასაუქმებლად ისინი სასამართლოშიც დავობენ.

დღეს, გამთენიისას, კომპანია „ენკამ“ პოლიციის მობილიზებით და დახმარებით სცადა სამუშაოების განახლება და მოითხოვა სოფელ ჟონეთში, კომპანიის ბაზასთან განთავსებული იმ კარვის აღება, სადაც 96 დღე-ღამის განმავლობაში რიონის ხეობის მცხოვრებლები თავს აფარებდნენ. გარდა ამისა, პოლიციის დახმარებით, შლაგბაუმი დადგეს კაშხლის მშენებლობის ადგილისკენ მიმავალ გზაზე, სადაც გასული წლის 29 ოქტომბერს ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ჯვარი აღმართეს. პოლიციის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს განუმარტეს, რომ როგორც კარავი, ისე ჯვარი კომპანიის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზეა განთავსებული.

 

ნამოხვანის ჰესების კასკადის შესახებ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თურქულ კომპანიას შპს „ენკა რინიუებლზი“ 2020 წლის 28 თებერვალს მისცა დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება - მდინარე რიონზე ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე.

2020 წლის 22 აპრილს ეკონომიკის სამინისტროს „სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ“ ქვემო ნამოხვანი ჰესის მშენებლობის ნებართვა გასცა. დოკუმენტის თანახმად, კომპანიას უფლება აქვს ჰესების კასკადის სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ ნებართვით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემდეგ აწარმოოს. კომპანიას საექსპერტო დასკვნების წარდგენა დაევალა. მანამდე მხოლოდ მოსამზადებელი და მიწის სამუშაოების ჩატარება შეუძლია. „ენკა რინიუებლზის“ მოთხოვნილი დოკუმენტები ჯერ არ წარუდგენია, თუმცა რიონის ხეობაში რამდენიმე მონაკვეთი მთლიანად გადათხარა, განადგურებულია ნამოხვანის ჩანჩქერი, აშენებულია 500 კაცზე გათვლილი დროებითი ბანაკი, შენდება ბეტონის ქარხანა და ჰესების მშენებლობისთვის საჭირო გზები და ხიდი.

ნამოხვანის ჰესების კასკადი ორ ჰესს მოიცავს - ტვიში ჰესი 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ნამახვანი-ჟონეთის ჰესი - 333 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ტვიში ჰესის კაშხლის განთავსება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ.

კაშხლის სიმაღლე 56 მეტრი იქნება. ტვიში ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. ქვედა ნამოხვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში.

წყალსაცავის სრული მოცულობა 167.5 მლნ მ3, სარკის ზედაპირის ფართობი კი 510 ჰექტარი იქნება. ქვედა ნამოხვანის ჰესისთვის დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]