weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მთავრობა ანაკლიის პორტის ახალი ინვესტორის შესარჩევად ტენდერს გამოაცხადებს  

12:23 ხუთშაბათი, 04 მარტი 2021

მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისთვის ახალი ინვესტორის შერჩევის პროცესის დაწყებას უახლოეს მომავალში გეგმავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს დავიწყებთ უახლოეს მომავალში. ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სააგენტო ტენდერის გამოსაცხადებლად დაიწყებს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებს, ასევე, რაც ასევე მნიშვნელოვანია, დაიქირავებს საერთაშორისო კონსულტანტს, რომელიც დახმარებას გაგვიწევს ინვესტორის შერჩევის პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობას ყოველთვის ჰქონდა გამოხატული უპრეცენდენტო მხარდაჭერა ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ, თუმცა ინვესტორმა ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები – „ვერ შეძლეს საჭირო კაპიტალისა და 400 მილიონი დოლარის ოდენობის სასესხო დაფინანსების მოძიება“.

„ჩვენმა ხელისუფლებამ, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე გამოუცხადა სრული მხარდაჭერა ანაკლიის პორტის პროექტს. შევახსენებ საზოგადოებას, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში შეიტანა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი როგორც განსაკუთრებული პრიორიტეტი. არა ერთხელ გადავადდა ძირითადი და სხვადასხვა ვალდებულება. მათ შორის ძირითადი ვალდებულებები გადავადდა სამჯერ, ასევე მთავრობამ გამოისყიდა და გადასცა ინვესტორს 58 მლნ ლარის ღირებულების საინვესტიციო ტერიტორია. ჩვენ ავიღეთ პორტთან დამაკავშირებელი გზისა და რკინიგზის მშენებლობის ვალდებულებაც, ასევე გზების დეპარტამენტს ეს პროექტი უკვე მზად აქვს. გარდა ამისა, დამატებით, საპარტნიორო ფონდი მზად იყო, ინვესტორისთვის გამოეყო სუბორდინირებული სესხი 100 მლნ დოლარის ოდენობით. იმ პირობით, რომ ინვესტორი შეძლებდა აღებული ვალდებულების შესრულებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი უნდა განეხორციელებინა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელშიც რამდენიმე ინვესტორი კომპანია, მათ შორის, „თიბისი ჰოლდინგი“ შედიოდა. 2019 წელს გენერალურმა პროკურატურამ ჰოლდინგის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და მათ ბრალი 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვისთვის წარუდგინა. მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ბრალის წარდგენა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესაჩერებლად მოხდა. სასამართლომ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით (თითოეულს) 700 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ამის შემდეგ მათ ანაკლიის პორტის მმართველი საბჭო დატოვეს. პროკურატურის გამოძიების შედეგები ამ დრომდე არ არის ცნობილი.

2020 წელს მთავრობამ კონსორციუმთან ხელშეკრულება გაწყვიტა, რაც კონსორციუმისა და ერთ-ერთი ინვესტორის მიერ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში გასაჩივრდა. კონსორციუმი ზიანის ანაზღაურებას ითხოვს და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა მიზანმიმართულად მოქმედებდა იმისთვის, რომ პროექტის წარმატებით განხორციელებას ხელი შეშლოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]