weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ანაკლიის კონსორციუმმა საქართველოს მთავრობას საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა

12:51 ხუთშაბათი, 30 ივლისი 2020

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და კონსორციუმის ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა, ჰოლანდიელმა ბიზნესმენმა ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანეს. სარჩელებით მოთხოვნილია ზიანის ანაზღაურება, რაც, მომჩივანი მხარის მტკიცებით, მილიარდ დოლარს აღემატება.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებით, ეს თანხა მოიცავს კონსორციუმისა და ბობ მეიერის დანაკარგს, რომელიც, მათი განცხადებით, „პირდაპირი შედეგია საქართველოს მთავრობის კამპანიის, ძირი გამოეთხარა ანაკლიის პორტის პროექტისთვის“.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში (ICC) შეიტანა, ხოლო ბობ მეიერმა - საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID).

„მთავრობა უბიძგებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, რომ დაიწყოს საარბიტრაჟო დავა და შესაბამისად, მთავრობამ უნდა იკისროს პასუხისმგებლობა მიღებული შედეგებისთვის.

მთავრობა ყველას არწმუნებს, რომ მან შეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება, ვინაიდან, კონსორციუმმა ვერ შეასრულა ხელშეკრულების გარკვეული ვალდებულებები. სინამდვილეში, მთავრობა მიზანმიმართულად მოქმედებდა იმის უზრუნველსაყოფად, რომ კონსორციუმს ვერ განეხორციელებინა პროექტი წარმატებით.

ამ შემთხვევაში, მთავრობამ ბოროტად გამოიყენა მისი უფლებები, ვინაიდან მმართველმა პარტიამ და მისმა ლიდერმა გადაწყვიტეს, რომ პროექტის წარმატება იყო მათი პირადი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების საწინააღმდეგო. ამ პროცესში, კი მთავრობამ დააზარალა ქართველი ხალხი“, - აცხადებენ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და ბობ მეიერი.

მათივე თქმით, საქართველოს მთავრობის მხრიდან, კონსორციუმის და ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ მხარდაჭერის არქონა განპირობებულია რამდენიმე მოტივით, რომელთაგან ორი ძალზედ აშკარაა.

„პირველი, როგორც ჩანს, ბატონ ივანიშვილს, შესაძლოა ამოძრავებდეს პირადი ინტერესები ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, რომელიც დაკავშირებულია ფოთის პორტთან. მეორე, როგორც გამოიკვეთა, ბატონი ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ძალიან მგრძნობიარეა რუსეთიდან მომდინარე ზეწოლის მიმართ, რომელმაც ნათლად აღნიშნა, მისი უარყოფითი დამოკიდებულება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის (რომელიც არის ძალიან ახლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საზღვართან) და მასთან დაკავშირებული დასავლური მხარდაჭერის მიმართ“, - ნათქვამია მომჩივანი მხარის განცხადებაში.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებაში პროექტის მთავარი ინვესტორების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით გამოძიების დაწყებასაც ეხმაურება.

„აღნიშნული ცილისმწამებლური ბრალდებების წაყენება ბატონების ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ, მიზნად ისახავდა, ინვესტორებისა და დამფინანსებლების დაფრთხობას, რათა მათ თავი შეეკავებინათ პროექტის მხარდაჭერისაგან. ასეთი მხარდაჭერა კი, აუცილებელი იყო პროექტის წარმატებისთვის. სამწუხაროდ, მთავრობის კამპანია ნაყოფიერი გამოდგა, ვინაიდან, ინვესტორებმა და დამფინანსებლებმა, სახელმწიფოს მხრიდან პროექტის მკაფიო მხარდაჭერის არარსებობის პირობებში, თავი შეიკავეს და უარი თქვეს პროექტში მონაწილეობისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება 2020 წლის იანვარში შეწყვიტა. მომჩივანი მხარის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უკანონო იყო და მისი მიღების შედეგად, დაკარგეს ინვესტირებული თანხები, ასევე წაერთვათ სამომავლო შემოსავლები და მიადგათ რეპუტაციული ზიანი.

იურიდიული ფირმა BLC LAW Office-ის პარტნიორის, ქეთი ქვარცხავას განცხადებით, გამორიცხული არ არის ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით საქართველოს სხვა ინვესტორებმაც უჩივლონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]