weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

„ნამახვანჰესზე ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა უნდა შეწყდეს“

14:04 ორშაბათი, 29 მარტი 2021

„რაც შეეხება ნამახვანჰესს, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი და ჰესი ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. ქართველი მეცნიერების მიერ დაახლოებით 40 წლის წინ არის დაწყებული ნამახვანჰესზე მუშაობა. ის აჟიოტაჟი რაც დაწყებულია, ერთი მხრივ, აბსოლუტურად გაუგებარია, მეორე მხრივ, მინდა, გავმიჯნო მოქალაქეები, რომლებიც გულწრფელად არიან ჩართული ამ პროტესტში, მაგრამ არიან სხვებიც, პოლიტიკურად ანგაჟირებული და უცხო სახელმწიფოების მიერ წახალისებულნი, რაც არის საგანგაშო“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ხედავს ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის გამოკვეთილ ნიშნებს. „ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასთან. უკვე გავზარდეთ იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი. ყოველწლიურად იზრდება მოხმარება და შესაბამისად, იმპორტიც იზრდება. აქედან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ დიდი, მცირე და საშუალო ჰესების შენებლობას.

იმ მოქალაქეებისთვის მინდა განვმარტო, ვინც გულწრფელად წუხს, რადგან ინფორმაცია არ აქვს და მეტი კომუნიკაციაა საჭირო - ნამახვანჰესთან დაკავშირებით ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებს დავავალე, ადგილზე ჩავიდნენ, შეხვდნენ ყველას და დავიწყეთ საუბარი. ასევე, კომპანიასთან მივაღწიეთ შეთანხმებას რამდენიმე პუნქტზე, მათ შორის მინდა გამოვყო პირველი - კაშხლის მშენებლობის სამუშაოები შეჩერდება 9-დან 12 თვემდე. ამაზე კომპანია დავითანხმეთ. კიდევ ერთხელ ყველაფერი გადამოწმდება კარგად, მათ შორის ჩვენი და უცხოელი სპეციალისტების მოწვევით, შემოწმდება კიდევ ერთხელ გარემოზე ზემოქმედების ეფექტი, რამდენად დამაზიანებელია თუ არ არის დამაზიანებელი; ასევე, რიონის ხეობის განვითარებისთვის შეიქმნება ამ ეტაპზე 5 მილიონიანი ფონდი.

მოსახლეობისთვის მინდა განვმარტო, რომ 30 მილიონი უკვე დახარჯული აქვს ამ კომპანიას, კომპენსაციებში აქვს გადახდილი. ამას გარდა 840 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს ნამახვანჰესში.

დამისახელეთ კომპანია, რომელიც, დღეს, კოვიდპანდემიის დროს, კოვიდის კრიზისის დროს ამხელა ინვესტიციას შემოიტანს ქვეყანაში და ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებით ჩვენივე ნებით თუ სურვილით და ვაფერხებთ ამ სამუშაოებს.

მშენებლობაზე დასაქმდება 2000 კაცი და 400 მეგავატზე მეტი სიმძლავრის ჰესი შეემატება ჩვენს ენერგოსისტემას“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობის მიერ ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის „ენკა რინიუებლზისთვის“ რიონის ხეობაში ასობით ჰექტარი მიწის საკუთრებაში და აღნაგობის უფლებით გადაცემის ფაქტსაც გამოეხმაურა.

„იქ საუბარი იყო ტერიტორიების რამდენიმე წლით იჯარით გადაცემაზე. ეს არის მიღებული პრაქტიკა ყველგან, მთელს მსოფლიოში. შესაბამისად, ეს რაღაც გაუაზრებელი და ვიტყოდი, რომ ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა, მათ შორის, ისეთი, რომელიც ხელს უშლის ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან, ჩვენს ინვესტორებთან ურთიერთობას, რა თქმა უნდა, უნდა შეწყდეს.

შედარებისთვის მინდა ვთქვა, რომ შვეიცარია მაგალითის მომცემია ყველა მიმართულებით - შვეიცარიაში დაახლოებით 600 დიდი და საშუალო ჰესია. ამათგან 350 არის ისეთი ჰესი, რომელსაც წყალსაცავები აქვს და კაშხლებია აგებული. შვეიცარიაში 25 ჰესის კაშხლის სიმაღლე 200 მეტრზე მეტს შეადგენს. ენგურჰესის კაშხლის სიმაღლე დაახლოებით 270 მეტრია. შედარებისთვის - ნამახვანჰესის კაშხლის სიმაღლე შეადგენს სულ რაღაც 100 მეტრს. აქედან გამომდინარე ეს ისტერია... მე მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო... დიდი და საშუალო ჰესების გარდა, საპროტესტო ტალღა დაიწყეს მცირე ჰესებთან დაკავშირებითაც. რეალურად ჩვენ ვისმენთ ჩვენი ეკონომიკის წინააღმდეგ აგორებულ, ხელოვნურად ინსპირირებულ ტალღას. ეს უნდა შეჩერდეს და დასრულდეს, ამისთვის სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში.

მოსახლეობისგან წუხილი მოვისმინე, რომ ჩვენ ვართ სეისმურად არამდგრად რეგიონში, ძალიან ბევრია მიწისძვრები და ა.შ. იაპონიაში, სადაც თუ არ ვცდები 200-300-ზე მეტი აქტიური ვულკანია, 3000 ჰესია აშენებული და დღესაც გრძელდება წყალსაცავიანი, კაშხლებიანი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა.

დღეს ქვეყანაში ჰიდრორესურსის ათვისების უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ვართ პატარა და ღარიბი ქვეყანა, ის რესურსები, რაც გვაქვს, უნდა იქნას მაქსიმალურად რაციონალურად, გონივრულად ათვისებული.

რა თქმა უნდა, ჩვენ ოქროს შუალედს ყოველთვის ვიპოვით. ჩვენს ინვესტორებთან და სახელმწიფოსთან ერთად, ამ პროექტებს განვახორციელებთ. უფრო მეტიც,

მთავრობაში უკვე დავიწყეთ საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ დიდ ჰესებში სასურველია სახელმწიფოც ჩაერთოს, სახელმწიფოს მონაწილეობითაც აშენდეს ასეთი ეროვნული მნიშვნელობის პროექტები, როგორიც არის ნენსკრა. ხუდონზეც არის საუბარი, მაგრამ სახელმწიფოს ჩართულობით, სახელმწიფოს მონაწილეობით, სახელმწიფოსთან ერთად, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი.

საბოლოო ჯამში ეს ნიშნავს ენერგოდამოუკიდებლობას, ეკონომიკის განვითარებას სწრაფი ტემპებით, მეტ დასაქმებას, მეტ ენერგოუსაფრთხოებას და ზოგადად ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობა მოსახლეობის საპროტესტო აქციების გამო რამდენჯერმე შეჩერდა, საბოლოოდ კი 28 თებერვალს, ქუთაისში გამართული ხალხმრავალი საპროტესტო აქციის შემდეგ. ნამახვანჰესის წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბა 14 მარტს გამართულ აქციაზე. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ითხოვს, უარი ითქვას ნამახვანჰესის მშენებლობაზე, კომპანიისთვის გადაცემული მიწები დაუბრუნდეს სახელმწიფოს და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათელა თურნავა, რომელიც მოძრაობის აქტივისტებთან შესახვედრად ქუთაისში, გარემოს დაცვის მინისტრთან ერთად ჩავიდა, მაგრამ შეხვედრიდან ორივე მინისტრი გაიპარა.

 

ამ თემაზე:

რა პირობებს არღვევს ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია და რატომ მალავდა დარღვევებს მთავრობა

ხუდონჰესი, აშენებას მოვესწრებით, ნენსკრა, ნამახვანი ენერგოსისტემას წელში გამართავს - თურნავა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]