weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2024

ვსაუბრობთ, რომ ნენსკრა და ხუდონჰესი სახელმწიფოს მონაწილეობით აშენდეს

14:44 ორშაბათი, 29 მარტი 2021

„მთავრობაში უკვე დავიწყეთ საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ დიდ ჰესებში სასურველია სახელმწიფოც ჩაერთოს, სახელმწიფოს მონაწილეობითაც აშენდეს ასეთი ეროვნული მნიშვნელობის პროექტები, როგორიც არის ნენსკრა. ხუდონზეც არის საუბარი, მაგრამ სახელმწიფოს ჩართულობით, სახელმწიფოს მონაწილეობით, სახელმწიფოსთან ერთად, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც დღეს ენგურჰესზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

პრემიერი ქვეყანაში ჰესების წინააღმდეგ მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა.

„დიდი და საშუალო ჰესების გარდა, საპროტესტო ტალღა დაიწყეს მცირე ჰესებთან დაკავშირებითაც. რეალურად ჩვენ ვისმენთ ჩვენი ეკონომიკის წინააღმდეგ აგორებულ, ხელოვნურად ინსპირირებულ ტალღას.

ეს უნდა შეჩერდეს და დასრულდეს, ამისთვის სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მანვე შედარებისთვის შვეიცარიისა და იაპონიის მაგალითები დაასახელა: „შვეიცარიაში დაახლოებით 600 დიდი და საშუალო ჰესია. ამათგან 350 არის ისეთი ჰესი, რომელსაც წყალსაცავები აქვს და კაშხლებია აგებული. შვეიცარიაში 25 ჰესის კაშხლის სიმაღლე 200 მეტრზე მეტს შეადგენს. ენგურჰესის კაშხლის სიმაღლე დაახლოებით 270 მეტრია. შედარებისთვის - ნამახვანჰესის კაშხლის სიმაღლე შეადგენს სულ რაღაც 100 მეტრს“.

ნამახვანის, ხუდონისა და ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურების პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ განცხადება ეკონომიკის მინისტრმა, ნათელა თურნავამაც გააკეთა. მისი თქმით, ნენსკრა, ნამახვანი ქვეყნის ენერგოსისტემას წელში გამართავს და ხუდონის აშენებასაც მოვესწრებით.

650 მეგავატიანი ხუდონჰესის აშენება ზემო სვანეთში, სოფელ ხაიშშია დაგეგმილი. პროექტი მოსახლეობის პროტესტის გამო შეჩერებულია. ხუდონჰესი 200 მეტრამდე სიმაღლის კაშხლისა და 528 ჰექტარზე წყალსაცავის მშენებლობას ითვალისწინებს. აშენების შემთხვევაში, ის საქართველოში სიმძლავრით მეორე ელექტროსადგური იქნება 1300 მეგავატიანი ენგურჰესის შემდეგ.

280 მეგავატის სიმძლავრის ნენსკრა ჰესის მშენებლობაც ზემო სვანეთში, მდინარე ენგურის შენაკადზე იგეგმება. გასულ წელს გამოქვეყნდა პროექტის დამფინანსებლების - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) შესაბამისი ორგანოების დასკვნა, რომლის მიხედვითაც ნენსკრა ჰესი ბანკების სტანდარტებს არ შეესაბამება ისეთ ფუნდამენტურ საკითხებში, როგორებიცაა: ძირძველი მოსახლეობის უფლებები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, პროექტის ალტერნატივების შესწავლა, გენდერული საკითხები, ინფორმაციის გამჭვირვალობა, ნენსკრა ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენელთა კომპეტენცია. ადგილობრივი მოსახლეობა წლებია ნენსკრა ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება, რის გამოც პროექტი გაჩერებულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]