პაპაშვილის თქმით, ლარის კურსს შველის ის, რომ ღარიბაშვილი პრობიზნესურია, განათლებულია და კარგი ოჯახი აქვს.
„პირველი შეხვედრა იყო პრემიერთან და ყველაზე მთავარი მესიჯი, რაც საზოგადოებამ ნახა, არის ის, რომ პრემიერ-მინისტრი არის პრობიზნესური. ტაში, ტაში. ჩვენ ეს ვიცოდით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის. პანდემიის გამო ქვეყანასა და მსოფლიოში ახლა ისეთი კრიტიკული, გარდამტეხი სიტუაციაა, ის მოტივიც კი...
ის, რომ ადამიანი აცხადებს, რომ პრობიზნესური ვარ, ის, რომ ადამიანი ახალგაზრდაა, ჯან-ღონით სავსეა, განათლებულია და რაც მთავარია, კარგი ოჯახი აქვს, არის ყველაფერი. ზუსტად ეს შველის ლარის კურსს“, – განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.
პაპაშვილის თქმით, შეხვედრას დაახლოებით 15 ადამიანი ესწრებოდა და ყველა კმაყოფილია.
„თანხვედრაა ამ ხედვების, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. თვითონ პრემიერი თავის საქმეს როგორ დაგეგმავს, არ ვიცი, მაგრამ ვიცით, რომ საბჭოს შექმნის ამა თუ იმ მიმართულებებით. ვთქვათ, სოფლის მეურნეობის საკითხები როცა იქნება, ჩავერთვებიც ჩვენც და კონკრეტულ საკითხებზე ვიმსჯელებთ. შევთანხმდით, რომ უტოპიურ გეგმებზე არ იქნება საუბარი“, – აღნიშნა ბიზნესმენმა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ლარი დოლართან მიმართებით დღეს კიდევ 3.46 თეთრით გაუფასურდა. დღვანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4464 ლარი გახდა.