weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2024

ბორჯომში გაფიცვა გრძელდება – მოლაპარაკებებში სამცხის დეპუტატი ჩაერთო

16:40 ოთხშაბათი, 19 მაისი 2021
ტელეკომპანია მეცხრე არხის ფოტო ტელეკომპანია მეცხრე არხის ფოტო

მინერალური წყლის „ბორჯომის“ მწარმოებელი კომპანია „აი დი ეს ბორჯომი საქართველოს“ გაფიცულ თანამშრომლებსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებებში სამცხის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი ჩაერთო. ის დღეს N1 ჩამომსხმელ ქარხანასთან მივიდა, სადაც მეორე დღეა გაფიცულები აქციას მართავენ.

„უნდა შედგეს მოლაპარაკება, ეს არის უმთავრესი, იმიტომ, რომ ბიზნესმა უნდა იმუშაოს, ბიზნესმა უნდა აკეთოს თავისი საქმე, თუმცა ამავდროულად, მოსახლეობის და თანამშრომლების უფლებები უნდა იყოს დაცული მაქსიმალურად. მოსული ვარ იმისთვის, რომ მოვუსმინო თანამშრომლებს, შემდეგ შეხვედრაც მექნება ხელმძღვანელობასთან და გვექნება საუბრები“, – განაცხადა დეპუტატმა ჟურნალისტებთან.

ბორჯომის N1 და N2 ჩამომსხმელი ქარხნების 350-მდე თანამშრომელი გუშინ გაიფიცა. ისინი ხელფასის მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. პროფკავშირის წარმომადგენლის, გიორგი დიასამიძის თქმით, დამსაქმებელი კომპანია თანამშრომლებს ხელფასის მომატებას გასულ წელს დაპირდა, თუმცა პირობა არ შეასრულა. მისივე თქმით, ადამიანები ქარხნებში 5-6 წელია მუშაობენ და ერთი დღე არ დაუსვენიათ, უწევთ რამდენიმე ადამიანის სამუშაოს შესრულება, ხელფასს კი დანაკლისით იღებენ.

„აი დი ეს ბორჯომი საქართველო“-ში აცხადებენ, რომ გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნა ხელფასების 50%-იანი ზრდაა და მათთვის მიუღებელია შეთავაზება, რომ მატება პოზიციების მიხედვით მოხდეს.

„ჩვენი თანამშრომლების ანაზღაურება 30-40%-ით მეტია დღეს, შრომის ბაზარზე არსებულ საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელზე. გარდა ამისა, კომპანიაში არსებობს ბონუსების, ფულადი დახმარებების, შვილების სწავლების დაფინანსების პროგრამები, ჯანმრთელობის დაზღვევა, კვება და სხვა სახის შეღავათები. მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის გამო ეკონომიკური კრიზისის და კომპანიის შემცირებული შემოსავლის მიუხედავად, 100%-იანი ხელფასით შევინარჩუნეთ თითოეული თანამშრომელი და მეტიც სწორედ პანდემიის დროს, მაშინ როდესაც 2020 წელს ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი 6.5% იყო, 2020 წლის აპრილში გავზარდე სახელფასო ფონდის 10%-ით, რაც თითოეული თანამშრომლის ანაზღაურებაზე აისახა“, – აცხადებს კომპანია.

ამ დროისთვის ჩამომსხმელ ქარხნებში მუშაობა გაჩერებულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]