weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ქვეყანაში რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს – კალაძე

12:37 ორშაბათი, 24 მაისი 2021

თბილისის მერმა და ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა კახა კალაძემ ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტის კომენტირებისას განაცხადა, რომ მისი პოზიციაა, რაც შეიძლება ბევრი ჰიდროელექტროსადგური აშენდეს ქვეყანაში.

კალაძის თქმით, მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იქნას გამოყენებული ქვეყნის რესურსები, რათა საქართველოს მოქალაქეები დამოკიდებული არ იყვნენ რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან შემოტანილ ელექტროენერგიაზე.

„ეს რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ცუდია იმ თვალსაზრისით, რომ პირდაპირ აისახება ჩვენს ჯიბეებზე, რადგან გვიწევს მაღალი ტარიფების გადახდა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი რესურსები იყოს სწორად გამოყენებული.

როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, ნამდვილად მეამაყება, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში ყველაზე მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდა, რაც ქვეყნისთვის ძალიან მაგარია“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ნამახვანჰესის პროექტის განხორციელება მისი მინისტრობის დროს არ დაწყებულა, თუმცა რომ დაწყებულიყო, დღეს ნამახვანჰესი უკვე აშენებული იქნებოდა.

„ჩემი მინისტრობის დროს არ ყოფილა. რომ ყოფილიყო, უკვე აშენებული იქნებოდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ რიონის ხეობის მცხოვრებთა შვიდთვიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, საპროტესტო აქცია გუშინ თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა. აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს და პროტესტის 209-ე ღამე იქ გაათენეს. მათ დღეს, 12:00 საათამდე მისცეს ხელისუფლებას ვადა მათი მოთხოვნების შესასრულებლად.

აქციის მოთხოვნებია: კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული. ასევე, აქციის მონაწილეები ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ნამახვანჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აქციის მონაწილეებმა მსვლელობების გამართვა და დედაქალაქის პიკეტირება/პარალიზება დააანონსეს. დღეს მათ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია და სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება მათ მიმართ, ვინც კანონის ფარგლებს მიღმა გადავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]