weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ულტიმატუმის ენით საუბარი ბნელი 90-იანების გადმონაშთია – ღარიბაშვილი აქციაზე

11:58 ორშაბათი, 24 მაისი 2021

ულტიმატუმის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია. ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ულტიმატუმით საუბარი არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი. მინდა, ყველა ამ ადამიანს მივმართო და მოვუხმო გონიერებისკენ. სახელმწიფო იმართება კანონით და კონსტიტუციის ფარგლებში. ვინც გადავა კანონის ფარგლებს მიღმა, სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნამახვანჰესის წინააღმდეგ თბილისში გამართულ აქციასთან და აქციის მონაწილეების მოთხოვნებთან დაკავშირებით.

„ნამახვანჰესთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია არის შემდეგი: ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მაქსიმალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა. ეს მზაობა იყო, არის და იქნება, გაგრძელდება მზაობა ჩვენი მხრიდან. ჩვენ ასევე შევთავაზეთ პროტესტის მონაწილეებს შესაფერისი დიალოგის ფორმატი. არაერთი მცდელობა გაკეთდა ჩვენი მხრიდან, ჩემი პირადი წარმომადგენელი ჩავრთე და გუბერნატორი, მთელი სამინისტროები იყვნენ ჩართული და არიან ჩართული. ამას გარდა, შეგახსენებთ, რომ მოვიწვიეთ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც კიდევ ერთხელ დეტალურად შეისწავლის ამ პროექტის ყველა ნიუანსსა და დეტალს, გარემოს ზემოქმედების ეფექტებს. ასევე დავავალე იუსტიციის სამინისტროს, რომ კიდევ ერთხელ შეისწავლონ, დამოუკიდებელი იურიდიული კომპანიის მიერ მოხდეს შესწავლა აღნიშნული პროექტის შესაბამისობა საერთაშორისო პრაქტიკასთან მიმართებით.

აქედან გამომდინარე, კითხვები არ უნდა არსებობდეს. მინდა გითხრათ, რომ თვის ბოლოს ვხვდები ინვესტორს, კომპანიის დამფუძნებელსა და მფლობელს, რომელიც ეწვევა თბილისს. მე თავად ვარ ჩართული და მსურს გავერკვიო დეტალურად, რომ რაიმე საწინააღმდეგო არ იყოს ამ ხელშეკრულებაში.

რაც შეეხება ულტიმატუმის ენით საუბარს, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ეს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ულტიმატუმით საუბარი არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი.

კარგად გვახსოვს, ის ბნელი პერიოდი, როცა ამ რაღაც ვითომ პატრიოტიზმის ეგიდით და საფარქვეშ ყველა აქტივისტი იყო „ძალიან კარგი სპეციალისტი“ ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, რკინიგზის და ა.შ. შედეგად რაც მივიღეთ, კარგად მოგეხსენებათ. მივიღეთ სამოქალაქო ომი, დავანგრიეთ ჩვენ თვითონ ქვეყანა, დავშალეთ ქარხნები, ფაბრიკები და მთლიანად ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციაც სწორედ იმ დროინდელი პოლიტიკის შედეგია. დავკარგეთ მიწა-წყალი.

აქედან გამომდინარე, მინდა, ყველა ამ ადამიანს მივმართო და მოვუხმო გონიერებისკენ. სახელმწიფო იმართება კანონით და კონსტიტუციის ფარგლებში. ვინც გადავა კანონის ფარგლებს მიღმა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ რიონის ხეობის მცხოვრებთა შვიდთვიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, საპროტესტო აქცია გუშინ აქცია თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, გაიმართა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს და პროტესტის 209-ე ღამე იქ გაათენეს. ისინი დღეს, 12:00 საათამდე ელოდებიან ხელისუფლების გადაწყვეტილებას მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მოთხოვნებს, აქციის მოთხოვნებია: კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული. ასევე, აქციის მონაწილეები ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ნამახვანჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

იმ შემთხვევაში, თუ აქციის მონაწილეთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი მსვლელობების გამართვას და დედაქალაქის პიკეტირებას აპირებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]