weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რაღაც განსაკუთრებული პროცესი ეს არ არის – თურნავა ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტზე

14:03 ორშაბათი, 24 მაისი 2021

ეკონომიკის მინისტრი ნათელა თურნავა ნამახვანჰესის წინააღმდეგ თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას და აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს გამოეხმაურა. მან აქტივისტებს კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ულტიმატუმები მიუღებელია.

„ულტიმატუმები, რადიკალიზაცია არ არის სწორი გზა იმისთვის, რომ გაირკვეს ყველა, მათ შორის, ტექნიკური დეტალი, რაც შეეხება პროექტს. რა თქმა უნდა, ულტიმატუმებით საუბარი მიუღებელია. განსაკუთრებით მიუღებელია სხვადასხვა მოწოდება იმისკენ, რომ დავბლოკოთ, გავაჩეროთ, პარალიზება მოვახდინოთ, იმიტომ, რომ კოვიდმა ისედაც წელიწადნახევარი პარალიზება გამოიწვია. ახლა ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეკონომიკა გავხნათ, ავამოქმედოთ“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, ნამახვანჰესი ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პროექტია იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა გადის საკუთარი განახლებადი რესურსების განვითარებაზე.

„სხვაგანაც, სხვა ქვეყნებშიც გამოუწვევია პროტესტები მსხვილ ჰიდროელექტროსადგურებს. აქედან გამომდინარე, რაღაც განსაკუთრებული პროცესი ეს არ არის, მაგრამ ჩვენ, ხელისუფლება ვალდებული ვართ, ასეთ დროს ყველა კითხვას გავცეთ პასუხი.

თუმცა, როდესაც საუბარია უსაფრთხოებაზე, ეკოლოგიაზე, პროექტის დეტალებეზე, ეს პასუხები უნდა გაიცეს კომპეტენტურად, ექსპერტების დახმარებით, მათი ჩართულობით და რა თქმა უნდა, არა ქუჩაში, არა კარვებში, არა მეგაფონის მოშველიებით.

ეს არ არის სწორი ფორმატი იმისთვის, რომ მოსახლეობამ გაიგოს პროექტის შესახებ სიმართლე, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია და მითი ცირკულირებდა“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ შეთანხმებას ნამახვანჰესის მშენებელ კომპანიასთან – „ენკა რინიუებლზთან“ და სრული მორატორიუმია გამოცხადებული კაშხლის მშენებლობაზე.

„სწორედ კაშხალი არის ის დიდი ნაგებობა, რასთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრი კითხვა ვრცელდებოდა. ამიტომ, 12-თვიანი მორატორიუმია მიღწეული და კომპანია მხოლოდ წინასწარი სამუშაოებით არის შემოფარგლული.

გარდა ამისა, ჩვენ შევქმენით რამდენიმე პლატფორმა იმისთვის, რომ ყველა კითხვაზე მოხდეს პასუხის გაცემა. ერთი არის ჩვენი და გარემოს დაცვის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივა ექსპერტთა საბჭოს შექმნაზე. გაიხსნა ყველა კვლევა, ჩვენ ახლაც ჩართულები ვართ და ველოდებით ნებისმიერი ექსპერტისგან დასაბუთებულ წინადადებას, შენიშვნას, კრიტიკას, რეკომემდაციას, რისი გათვალისწინებაც სავალდებულო იქნება კომპანიისთვის. მეორე, ასევე ძალიან კარგი ფორმატი მათთვის, ვისაც უნდა პასუხის გაცემა, პროექტის სრულყოფა, ეს არის ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების საბჭოს ხელმძღვანელის, ბატონი ბუშლეს ჩართულობა, რომელმაც უკვე დაიწყო კონტაქტი სხვადასხვა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან. ესეც არაჩვეულბერვი ფორმატია იმისთვის, რომ თუნდაც აქტივისტებმა, ვინც ყველაზე აქტიურად აპროტესტებს ნამახვანის მშენებლობას, გამოიყენონ“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ რიონის ხეობაში შვიდთვიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, საპროტესტო აქცია გუშინ თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა. აქციის ორგანიზტორის და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, დედაქალაქში აქცია გაიმართა იმის გამო, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის შესაძლებლობა აღარ არსებობს. აქციის მოთხოვნებია: კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული. ასევე, აქციის მონაწილეები ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ნამახვანჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს და პროტესტის 209-ე ღამე იქ გაათენეს. მათ დღეს, 12:00 საათამდე მისცეს ხელისუფლებას ვადა მათი მოთხოვნების შესასრულებლად, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, მსვლელობების გამართვა და დედაქალაქის პიკეტირება/პარალიზება დააანონსეს.

დღეს აქციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია და სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება მათ მიმართ, ვინც კანონის ფარგლებს მიღმა გადავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]