weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ენკასთან“ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ 99 წელი შემცირდეს – მინისტრის მოადგილე

10:42 შაბათი, 12 ივნისი 2021
ფოტოზე - მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი ფოტოზე - მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტის ცენტრის მედიაციით ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი მონაწილეობს, რომელმაც შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„ვთვლით, რომ ევროკავშირის ჩართულობის შედეგად, შესაძლებელი იქნება იმ მთავარი საკითხების გამოვლენა, იდენტიფიკაცია, რომელიც აწუხებს საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულ ჯგუფებს. ჩვენ მზად ვართ, რომ ეს საკითხები განვიხილოთ დეტალურად, მივიღოთ გადაწყვეტილებები, გამოვნახოთ გამოსავალი და ისე აშენდეს ეს პროექტი, რომ მისაღები იყოს საქართველოს მოსახლეობისა და სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა თავალაბეიშვილმა.

მისივე თქმით, ნამახვანჰესი აუცილებლად უნდა აშენდეს, რადგან ის იქნება საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი დასაყრდენი.

„ჰესი უნდა აშენდეს, ოღონდ უნდა აშენდეს ისე, რომ გამოირიცხოს ყველანაირი კითხვა მის უსაფრთხოებასთან და გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ასეა, მაგრამ ჩვენ გვინდა, ამის დემონსტრირება მოვახდინოთ ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

რაც შეეხება ხელშეკრულებას, ხელშეკრულების იმ ნაწილში, სადაც საუბარია მიწის გადაცემის საკითხზე, მიმდინარეობს კომპანია „ენკასთან“ მოლაპარაკებები, რომ შემცირდეს ეს 99 წელი. ამ ეტაპზე ვერ გეტყვით და ვერ დაგიდასტურებთ, სადამდე იქნება შემცირებული, მაგრამ მიდის პოზიტიური პროცესი და უნდა დაველოდოთ მის შედეგებს.

კონსტრუქციულად ვართ განწყობილი, რომ ყველა საკითხი გავიაროთ მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩემი აზრით, ეს ფორმატი მოგვცემს საშუალებას, შევათანხმოთ პოზიციები“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

9 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ნამახვანჰესის პროექტი არ განხორციელდება იმ პირობებით, რომელიც მას მემკვიდრეობით დახვდა.

მდინარე რიონზე ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს, შპს „ენკა რინიუებლზს“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის 25 აპრილს გაფორმდა, თუმცა დოკუმენტი 2021 წლის 7 თებერვალს გასაჯაროვდა - მას შემდეგ, რაც ის გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ifact-მა მოიპოვა. არასამთავრობო სექტორის შეფასებით, კონტრაქტი კაბალურია და მასში სახელმწიფო ინტერესები კომპანიის სასარგებლოდ არის დათმობილი.

ასევე თერბერვალში გასაჯაროვდა არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ მიერ მოპოვებული მთავრობის განკარგულება, საიდანაც გაირკვა, რომ 2019 წლის 21 ნოემბერს მთავრობამ ძირითადად წყალტუბოს, ასევე, ცაგერისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში, „ენკა რინიუებლზს“ 121 ლარად საკუთრებაში გადაეცა 1,409,391 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქონება და 1,535,975 კვ.მ ფართობის ტყე წყალტუბოს, ტყიბულისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში (ძირითადად წყალტუბოში); ასევე, აღნაგობის უფლებით, 99 წლის ვადით, წლიურ 16 ლარად გადაეცა 2,372,409 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო ქონება და 445,245 კვ.მ ტყე.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ შვიდ თვეზე მეტია აქციებს მართავს და ითხოვს, რომ „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება და გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზეა გაცემული. ასევე, ისინი ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

 

ამ თემაზე:

მთავრობამ „ენკას“ სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა 1 წლით გაუხანგრძლივა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]