weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მთავრობამ „ენკას“ სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა 1 წლით გაუხანგრძლივა

19:23 სამშაბათი, 08 ივნისი 2021
„ენკას“ მიმდინარე სამუშაოები რიონის ხეობაში „ენკას“ მიმდინარე სამუშაოები რიონის ხეობაში

ეკონომიკის სამინისტრომ ენკა რინიუებლზს ქვემო ნამოხვანი ჰესის სამშენებლო დოკუმენტაციის წარდგენის ვადა, რომელიც 13 აპრილს იწურებოდა, თითქმის ერთი წლით, 2022 წლის 28 თებერვლამდე გაუხანგრძლივა. სავარაუდოდ, სწორედ კომპანიის მიერ დოკუმენტაციის ჩაბარების დაგვიანებაა კაშხლის მშენებლობის დაწყებაზე მორატორიუმის გამოცხადების რეალური მოტივი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ საჯარო ინფორმაციის სახით მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ „ენკა რინიუებლზმა“ ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ ვადის გაგრძელების თხოვნით 2021 წლის 17 თებერვალს მიმართა. კომპანიამ სრული საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო დასკვნების დადგენილ ვადაში წარდგენის ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად პროექტის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობა დაასახელა.

დაუსაბუთებლობის და ბუნდოვანი საფუძვლების მიუხედავად, სააგენტო უპირობოდ დაეთანხმა კომპანიის მოთხოვნას და მიმდინარე წლის 19 მარტის ბრძანებით, ენკას სრულყოფილი სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად 2022 წლის 28 თებერვალი განუსაზღვრა, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

ორგანიზაციის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება „ენკასთვის“ მინიჭებული კიდევ ერთი დაუსაბუთებელი შეღავათია, რომელიც ადასტურებს, რომ განცხადებები პროექტის სათანადოდ შესწავლის შესახებ, მცდარი და საფუძველს მოკლებულია.

„ამასთან, ეს პროცესი ხსნის კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვიანი მორატორიუმის გამოცხადების რეალურ მოტივს. კაშხლის ნაგებობის მშენებლობის გადავადება სინამდვილეში უკავშირდება არა მთავრობისა და კომპანიის კომპრომისს, არამედ იმ ფაქტს, რომ კომპანიამ სრულყოფილი საპროექტო დოკუმენტაციის ჩაბარება თავად დააგვიანა და ამავე პერიოდით მოითხოვა სახელმწიფოსგან ვადის გახანგრძლივება“, – აცხადებს ორგანიზაცია.

ეკონომიკის მინისტრმა ნათელა თურნავა, 12 მარტს, მაშინ, როდესაც სამინისტროსთვის უკვე ცნობილი იყო რომ „ენკა რინიუებლზი“ ვალდებულებებს დადგენილ დროში ვერ ასრულებდა, განაცხადა, რომ ჰესის ძირითადი ნაგებობების (კაშხალი და წყალსაცავი) მშენებლობაზე კვლევების ნაწილის ხელახალ გადამოწმება-ვალიდაციამდე მორატორიუმი ცხადდებოდა.

ეს განცხადება საზოგადოებას დღემდე მიეწოდება როგორც კომპრომისული ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლებამ პროტესტის საპასუხოდ გადადგა. სინამდვილეში, ენკას შესაბამისი დოკუმენტაციის არარსებობის გამო კაშხლის მშენებლობის უფლება ისედაც არ ჰქონდა.

მეტიც, სამინისტროსთვის უკვე ცნობილი იყო, რომ აღნიშნული დოკუმენტაციის მომზადებას „ენკა“ ვერ ასწრებდა და, შესაბამისად, ჰესის ძირითადი ობიექტების მშენებლობის უფლებას კომპანია კიდევ მინიმუმ ერთი წელი ვერ მოიპოვებდა. ამდენად, ის გარემოება, რომ კომპანიამ ჰესის მშენებლობისთვის კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში მომზადება ვერ შეძლო, ხელისუფლებამ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით გამოიყენა და პერიოდი, რომლის განმავლობაშიც „ენკას“ კაშხლის მშენებლობის უფლება ისედაც არ ექნება საზოგადოებრივი აზრის მიმართ დათმობად წარმოაჩინა“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

მდინარე რიონზე ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს, შპს „ენკა რინიუებლზს“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის 25 აპრილს გაფორმდა. ნამოხვანის ჰესების კასკადი ორ ჰესს მოიცავს - ზემო ნამოხვანი ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ქვემო ნამოხვანი ჰესს - 324 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ქვემო ნამოხვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში, რის შედეგადაც 500 ჰექტარზე მეტი დაიტბორება. ქვემო ნამოხვანის ჰესისთვის ასევე დაგეგმილია 4400 მეტრი სიგრძის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჰესების კასკადის მშენებლობაზე დადებითი გადაწყვეტილება 2020 წლის 28 თებერვალს გასცა, ხოლო „ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ“ ქვემო ნამოხვანი ჰესის მშენებლობის ნებართვა 2020 წლის 22 აპრილს დაამტკიცა.

მშენებლობის ნებართვით კომპანიას სამშენებლო დოკუმენტაციის დანაწევრებულად წარდგენის და ადგილზე სამუშაოების ნაწილ-ნაწილ განხორციელების საშუალება მიეცა.

„კომპანიას ცალკეული ობიექტებისთვის წარდგენილი სამშენებლო დოკუმენტების საფუძველზე მათი მშენებლობის უფლება ეძლევა, ისე, რომ სრული სამშენებლო პროექტი დღემდე არ არსებობს. სახელმწიფოსა და კომპანიის წარმომადგენლები კი აქტიურად საუბრობენ, რომ ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი სრულყოფილია.

საჯარო ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ კომპანიას ამ დრომდე სახელმწიფოსთვის მხოლოდ სამი ობიექტის: სადერივაციო გვირაბის, სატურბინე მილსადენისა და რეზერვუარის გამთანაბრებლის დოკუმენტაცია აქვს წარდგენილი, რომელთაგან მხოლოდ ერთის, სადერივაციო გვირაბის, შესახებ არსებობს ინფორმაცია, რომ სააგენტომ ის შეითანხმა, და კომპანიამ ამ ობიექტის მშენებლობის დაწყების უფლება მიიღო.

ჰიდროელექტროსადგურის დანარჩენი ობიექტების თაობაზე, მათ შორის კაშხალზე, კომპანიას საექსპერტო დასკვნებით გამყარებული სრულყოფილი სამშენებლო დოკუმენტაცია, ჯერ ისევ არ გააჩნია.

მშენებლობის პროცესის მსგავსი სახით დანაწევრება უკიდურესად ართულებს მისი საერთო ზეგავლენისა და ფაქტობრივად მიმდინარე სამუშაოების შეფასების შესაძლებლობას, როგორც ნებართვის გამცემი ორგანოსთვის, ისე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

„ნამახვანჰესის“ პროექტს რიონის ხეობის მცხოვრებლები შვიდ თვეზე მეტია უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ. ვიდრე მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებლები ქუჩაში გამოვიდოდნენ, „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები და ნებართვები სასამართლოში გაასაჩივრეს. ერთ წელზე მეტი გავიდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მათი სარჩელის განხილვა ამ დრომდე არ დაუწყია.

 

ამ თემაზე:

„ნამახვანი ჰესის“ ისტორია - რა არის მთავარი პრობლემა

576 ჰექტარი 16 ლარად, 99 წლით - რიონის ხეობა ნამახვანჰესის კომპანიას გადასცეს

იუსტიციის სამინისტროს უარყოფითი და გასაიდუმლოებული დასკვნა „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულებაზე

ნამახვანჰესზე გამჭვირვალობის ნაკლებობა შოკისმომგვრელია – ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]