weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პროტესტის მონაწილეებმა რომ ხეობაში შესვლა შეძლონ, ჯერ ტერიტორია უნდა მოიძებნოს – სამინისტრო

13:52 შაბათი, 19 ივნისი 2021
ფოტოზე - დავით თვალაბეიშვილი ფოტოზე - დავით თვალაბეიშვილი

ეკონომიკის სამინისტრო ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით გუშინ გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მინისტრის მოადგილის, დავით თვალაბეიშვილის ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს იმ შეთანხმების შესრულებასა და მის სტატუსზე, რომელიც გასულ შაბათს იყო მიღწეული.

თვალაბეიშვილის შეფასებით, რიონის ხეობაში დეესკალაციის პროცესი გრძელდება და ყველა მიმართულებით გარკვეული პროგრესია.

„პირველი იყო დეესკალაციის თემა, რომელიც ყველაზე მწვავეა. როგორც მოგეხსენებათ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და რკინის კედელი იქნა გუმათიდან დემონტირებული. გაიხსნა გზა, თუმცა იმისთვის, რომ პროტესტის მონაწილეებმა შეძლონ ხეობაში შესვლა, ამისთვის გვჭირდება კიდევ დამატებითი სამუშაოები. კონკრეტულად საუბარია იმაზე, რომ მოიძებნოს ტერიტორია, სადაც მოხდება კარვის განთავსება. საუბარია პროტესტის ადგილმდებარეობაზე. შევთანხმდით, რომ ხვალისთვის მივაწვდით მეორე მხარეს რამდენიმე კონკრეტულ ლოკაციას.

ითქვა ისიც, რომ ის ადგილი, სადაც ისინი ადრე იყვნენ დაბანაკებული, კერძო ტერიტორიაა და პროტესტი იქ ვერ გაგრძელდება“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე განხილული კიდევ ერთი საკითხი დაკავებულ აქტივისტებს შეეხებოდა.

„აღნიშნულ საკითხზე პროკურატურამ განცხადება უკვე გააკეთა. მედიაციის შეხვედრისას დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის საკითხი დაისვა. ჩვენ შევისწავლით, რა სახის დამატებითი ინფორმაციაა საჭირო და ამასაც მომავალ კვირაში მივაწვდით მეორე მხარეს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პროტესტის მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სოფელ ნამოხვანში, იმ ადგილზე დაბრუნდნენ, სადაც ორი თვის წინ პოლიციამ მათი კარვები დაარბია. გოლეთიანი ამბობს, რომ „მეათეხარისხოვან ადგილზე“ შესვლას და კარვის გაშლას არ აპირებენ. ამასთან, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები პროტესტს აგრძელებენ და იქამდე არ გაატარებენ ინვესტორი კომპანიის – „ენკა რინიუებლზის“ ავტომობილებს, ვიდრე მათაც არ ექნებათ რიონის ხეობაში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა.

რაც შეეხება დაკავებული აქტივისტების საკითხს, გოლეთიანის თქმით, უნდა განისაზღვროს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული დავით ხუციშვილი და ირაკლი მუკბანიანი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]