weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ნამახვანჰესის პროექტზე შეხვედრა 3 საკითხზე შეთანხმებით დასრულდა  

19:57 შაბათი, 12 ივნისი 2021
ფოტოზე - დირკ ბუშლე ფოტოზე - დირკ ბუშლე

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვისა და მოლაპარაკებების ცენტრის თავმჯდომარის, დირკ ბუშლეს განცხადებით, მთავრობასა და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს შორის დღეს გამართული შეხვედრის შედეგად სამ მთავარ საკითხზე შეთანხმდნენ.

შეხვედრაში „მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერები, ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრების მოადგილეები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მხარეებს შორის შუამავალი დირკ ბუშლე იყო.

„დღეს გვქონდა ხანგრძლივი დისკუსია და შეხვედრა. ნამდვილად პროდუქტიული იყო და არ ჩაუვლია განსხვავებული აზრების გარეშე, მაგრამ, მოხარული ვარ, რომ საბოლოო ჯამში შევძელით შევთანხმებულიყავით სამ მთავარ საკითხზე. ერთ-ერთი მთავარი ელემენტი დაკავშირებულია თვითონ ნამოხვანის ჰიდროელექტროსადგურის პროექტთან. უნდა მოხდეს იდენტიფიცირება, არსებობს თუ არა ამ პროექტთან დაკავშირებული რაიმე რისკი, რომელიც საჭიროებს პირობების გადახედვას, უკვე მინიჭებული ნებართვების ფარგლებში; თუ ასეთი გადახედვა გამოავლენს რისკებს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გარდაუვალი ზიანი, უნდა იქნეს განხილული, როგორ შეგვიძლია მათი თავიდან აცილება“, – განაცხადა დირკ ბუშლემ.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს რიონის ხეობაში შექმნილი სიტუაციის დეესკალაციაზე. კერძოდ, ეს ეხება ბარიერების მოხსნას და იქ მყოფი ადამიანებისთვის გადაადგილების კონსტიტუციური უფლების უზრუნველყოფას.

„ვფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა იყო კონსტრუქციული.

ჩვენ გვინდოდა წვლილი შეგვეტანა დეესკალაციაში და იმედი გვაქვს, რომ მომავალი კვირის განმავლობაში ვნახავთ მთავრობისა და ასევე, პოლიციის მიერ გადადგულ ნაბიჯებს, რაც იქ მცხოვრებ ხალხს, რომელიც გამოხატავს პროტესტს, საშუალებას მისცემს გადაადგილდეს თავისუფლად“, – აღნიშნა დირკ ბუშლემ.

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ, პირველ რიგში, მთავრობა იმოქმედებს აქტიურად იმისთვის, რომ დეესკალაცია მოხდეს.

მესამე საკითხი, რომელიც მხარეებმა განიხილეს საქართველოს ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვას ეხება.

„საქართველოს, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრს, აქვს არა მხოლოდ ლეგიტიმური უფლება, არამედ ვალდებულება, იზრუნოს საკუთარ ენერგოუსაფრთხოებაზე. ამ მხრივ მთავრობისგან ველით დოკუმენტს, რომელიც გაზიარებული იქნება სამოქალაქო საზოგადოების ყველა წევრისა და ზოგადად, საზოგადოების მიერ“, – განაცხადა დირკ ბუშლემ. შემუშავებული დოკუმენტი უნდა მოიცავდეს მომავალ 10 წელს.

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დღეს შეთანხმებული საკითხები შესრულდება, არსებობს მოლაპარაკებების გაგრძელების და არსებული დავის გადაწყვეტის შესაძლებლობა.

რაც შეეხება რიონის ხეობაში კომპანია „ენკა რინიუებლზის“ მიერ სამუშაოების შეწყვეტას, რაც მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მთავარი მოთხოვნა იყო, ამ საკითხზე მსჯელობა მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ დღეს მიღწეული შეთანხმებები განხორციელდება.

„შესრულების შემთხვევაში დადგება შემდეგი პირობის განხილვის საკითხი, რაც გულისხმობს მუშა პროცესის შეჩერებას უშუალოდ ხეობაში. ბარიკადები უნდა იქნეს აღებული და პოლიცია გაყვანილი, ჩვენ უნდა დავბრუნდეთ პროტესტის ძირითად ადგილზე - ამაზე ველოდებით პასუხს“, – თქვა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, ამ საკითხზე მსჯელობისას სამინისტროს პოზიცია იყო, რომ სამუშაოების შეჩერება პროექტის გაჩერებას გამოიწვევს.

„საუბარია იმაზე, რომ კომპანიას გააჩნია ყველა ლეგიტიმური უფლება აწარმოოს სამუშაოები“, – აღნიშნა თვალაბეიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ მომავალ შეხვედრაში მონაწილეობას ინვესტორი კომპანიაც მიიღებს. თვალაბეიშვილის თქმით, „ენკა რინიუებლზი“ მედიაციის მხარე არ არის, დღეს ის მიწვეული იყო როგორც დამკვირვებელი, თუმცა „სამწუხაროდ, შეხვედრას მათი წარმომადგენელი არ ესწრებოდა“ .

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]