თვალაბეიშვილის შეფასებით, რიონის ხეობაში დეესკალაციის პროცესი გრძელდება და ყველა მიმართულებით გარკვეული პროგრესია.
„პირველი იყო დეესკალაციის თემა, რომელიც ყველაზე მწვავეა. როგორც მოგეხსენებათ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და რკინის კედელი იქნა გუმათიდან დემონტირებული. გაიხსნა გზა, თუმცა იმისთვის, რომ პროტესტის მონაწილეებმა შეძლონ ხეობაში შესვლა, ამისთვის გვჭირდება კიდევ დამატებითი სამუშაოები. კონკრეტულად საუბარია იმაზე, რომ მოიძებნოს ტერიტორია, სადაც მოხდება კარვის განთავსება. საუბარია პროტესტის ადგილმდებარეობაზე. შევთანხმდით, რომ ხვალისთვის მივაწვდით მეორე მხარეს რამდენიმე კონკრეტულ ლოკაციას.
ითქვა ისიც, რომ ის ადგილი, სადაც ისინი ადრე იყვნენ დაბანაკებული, კერძო ტერიტორიაა და პროტესტი იქ ვერ გაგრძელდება“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე განხილული კიდევ ერთი საკითხი დაკავებულ აქტივისტებს შეეხებოდა.
„აღნიშნულ საკითხზე პროკურატურამ განცხადება უკვე გააკეთა. მედიაციის შეხვედრისას დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის საკითხი დაისვა. ჩვენ შევისწავლით, რა სახის დამატებითი ინფორმაციაა საჭირო და ამასაც მომავალ კვირაში მივაწვდით მეორე მხარეს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პროტესტის მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სოფელ ნამოხვანში, იმ ადგილზე დაბრუნდნენ, სადაც ორი თვის წინ პოლიციამ მათი კარვები დაარბია. გოლეთიანი ამბობს, რომ „მეათეხარისხოვან ადგილზე“ შესვლას და კარვის გაშლას არ აპირებენ. ამასთან, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები პროტესტს აგრძელებენ და იქამდე არ გაატარებენ ინვესტორი კომპანიის – „ენკა რინიუებლზის“ ავტომობილებს, ვიდრე მათაც არ ექნებათ რიონის ხეობაში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა.
რაც შეეხება დაკავებული აქტივისტების საკითხს, გოლეთიანის თქმით, უნდა განისაზღვროს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული დავით ხუციშვილი და ირაკლი მუკბანიანი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.