არქიტექტორ-რესტავრატორის, უგო ტონიეტის თქმით, იმისთვის, რომ დაზიანებების გამომწვევი მიზეზი დაადგინონ, აიღეს სინჯები და ლაბორატორიული კვლევები იტალიაში გაკეთდება. მისი ინფორმაციით, კვლევების შედეგები ივლისის შუა რიცხვებში იქნება მზად.
„ყოველდღე ავდიოდით ტაძრის სახურავზე და გულწრფელი რომ ვიყო, სიტუაცია ნამდვილად არ არის სახარბიელო. წყლის ინფილტრაცია დღეის მდგომარეობითაც გრძელდება, რაც იწვევს დაზიანებას. ჩვენ ამ ეტაპზე ვსწავლობთ მდგომარეობას, რომ დავსვათ დიაგნოზი, რატომ ხდება წყლის ინფილტრაცია. ამ ეტაპზე ვსწავლობთ, ცვლილებების დროს სად იყო შეცდომა დაშვებული.
ფრესკები, რომლებიც ეკლესიის შიგნითაა, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. აუცილებლად უნდა გავაკეთოთ რაღაც, რომ არსებული სურათი შეიცვალოს. ჩვენი სურვილია, ჩავერიოთ რაც შეიძლება ნაკლები ხარისხით, მაგრამ ამისთვის გვჭირდება ბევრი კვლევის ჩატარება და ანალიზი.
ამ ეტაპზე, კრამიტის ნიმუში და ყველა ნიმუში, რაც გადახურვაში იღებს მონაწილეობას, მიგვაქვს იტალიაში. ჩატარდება კვლევა და უნდა მივაკვლიოთ გამოსავალს“, – განაცხადა უგო ტონიენტიმ.
კედლის მხატვრობის სპეციალისტის, ვინჩენცო ჩენტანის თქმით, ექსპერტები ფიქრობენ, რომ პრობლემის მთავარი მიზეზი სახურავიდან ტაძარში წყლის ჩასვლაა: „ამან გამოიწვია მარილების მოძრაობა კედლებში, დააზიანა საღებავი ფერწერის და პასტელის, სხვადასხვა ფენები ფხვიერი გახდა.
ფრესკების დაზიანება ახლაც გრძელდება. სწორი მიდგომის შემთხვევაში, ამ პროცესს შევაჩერებთ“.
UNESCO-ს ექსპერტები კულტურის სამინისტრომ მოიწვია და ისინი გელათის მთავარ ტაძარში 23 ივნისიდან 28 ივნისამდე მუშაობდნენ. კულტურის მინისტრის მოადგილის, კახა სიხარულიძის განცხადებით, მათი ჩამოსვლის მთავარი მიზანი გელათში შექმნილი პრობლემებისთვის დიაგნოზის დასმაა.
„როდესაც ისინი დაბრუნდებიან იტალიაში, ლაბორატორიული ანალიზების საფუძველზე გამოგვიგზავნიან დიაგნოზის საბოლოო დასკვნას, ასევე, რეკომენდაციებს – როგორც ერთი, ისე მეორე ჯგუფი. იმ დასკვნებს და საბოლოო რეკომენდაციებს ყურადღებით გავეცნობით და ქართველ სპეციალისტებთან, რესტავრატორებთან, ხელოვნებათმცოდნეებთან, კონსერვატორებთან ერთად, კულტურის სამინისტრო დაგეგმავს შემდგომ ნაბიჯებს, თუ რა უნდა ვქნათ, როდის უნდა ვქნათ, როგორ უნდა ვქნათ შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამოსასწორებლად“, – აღნიშნა კახა სიხარულიძემ.
2020 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ გელათის მონასტრის მთავარი ტაძრის ახლად რეაბილიტირებული სახურავი ყინვის შედეგად დაზიანდა, რის შედეგადაც დასავლეთ მკლავში წყალი ჩადიოდა და ზიანდებოდა კედლის მხატვრობა. ტაძარზე გადახურვის მოწყობა გაჭიანურდა და არასრულყოფილად შესრულდა, რის გამოც 2021 წლის იანვარში ტაძარს დროებითი გადახურვის ნაწილი ქარმა გადახადა. ამავე წლის მარტში კულტურის სამინისტროში განაცხადეს, რომ სახურავის დაახლოებით 800 კვ.მ. ფართობის გადახურვა სრულად მოსახსნელია.
„სამწუხაროდ, 2008 წლიდან 2020 წლამდე გელათის სამონასტრო კომპლექსზე, ჩემი სუბიექტური აზრით, მიმდინარეობდა ძეგლისთვის საზიანო ექსპერიმენტი. 2008 წლიდან ამას ერქვა შუასაუკუნეებრივი და საქართველოს ოქროს ხანის დროინდელი კრამიტით გადახურვის მეთოდის აღორძინება და ამ ძველი მეთოდის აღორძინებისთვის, სამწუხაროდ, შეირჩა სწორედ საექსპერიმენტოდ გელათი. ვთვლი, რომ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. ამგვარმა ექსპერიმენტმა დააზიანა ძეგლი“, – აცხადებს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.
გელათის სამონასტრო კომპლექსი დავით აღმაშენებლის მიერ 1106 წელს დაარსდა. კომპლექსი მოიცავს სხვადასხვა პერიოდში აგებულ საერო თუ საკულტო დანიშნულების ძეგლებს. მონასტრის მთავარი ნაგებობა ღვთისმშობლის შობის ტაძარია. ტაძრის მინაშენები მისი თანადროული არაა - დასავლეთ მხარეს სტოა, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ეკვდერები XII საუკუნის II ნახევარში აშენდა, ხოლო სამრეკლო და ორი მცირე ეკლესია - წმ. გიორგისა და წმ. ნიკოლოზისა XIII საუკუნისაა. გელათის ანსამბლში მდებარე აკადემიის შენობა XII საუკუნეში აშენდა. გელათის სამონასტრო კომპლექსი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია.