weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სახელმწიფო ღვინის კომპანიების მარკეტინგულ ღონისძიებებს დააფინანსებს

16:00 ორშაბათი, 06 სექტემბერი 2021

მთავრობამ „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა, რომლის მიზანი საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის, კონკურენტუნარიანობისა და ცნობადობის გაზრდა, სტრატეგიული და პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაა.

პროგრამას ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, განახორციელებს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, პროგრამა ითვალისწინებს ე.წ. სავაჭრო მარკეტინგის ღონისძიებების დაფინანსებას ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის.

„მარკეტინგული ღონისძიებების თანადაფინანსების პროგრამა ითვალისწინებს თანადაფინანსებას ყველა იმ ბაზარზე, სადაც ქართული ღვინო გავა, გარდა დსთ-სა და საქართველოსი.

ჩვენი მიზანია, საექსპორტო გაყიდვების წახალისება და გაზრდა, მათ შორის ახალ გეოგრაფიაში“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, მარკეტინგული ღონისძიებების ბიუჯეტი, ერთი კომპანიისთვის, წლის განმავლობაში 600 000 ლარით განისაზღვრა, თუმცა, პროგრამის წარმატების შემთხვევაში, სახელმწიფომ შემდგომში შეიძლება კიდევ უფრო მეტი თანხები გამოყოს.

„ჩვენ არ გვინდა, რომ ღვინის კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე თავიანთი მარკეტინგული აქტივობები ჩაანაცვლონ, შესაბამისად, პროგრამის კიდევ ერთ კრიტერიუმს გულისხმობს - მათ უნდა გაზარდონ არსებული მარკეტინგული ბიუჯეტი და ესეც, რა თქმა უნდა, აუდიტის მიერ დადასტურდება. კონკრეტულად, მიმდინარე საანგარიშო წლის მარკეტინგული ხარჯი, წინა წელთან შედარებით, უნდა იყოს გაზრდილი და ზუსტად ეს ნაზარდი ხდება ამ კონკრეტული ლიმიტებით დაფინანსებული ჩვენი მხრიდან“, – აღნიშნა ლევან დავიტაშვილმა.

როგორც მან თქვა, პროგრამაზე მუშაობა მიმდინარე წლის დასაწყისიდან მიმდინარეობდა და მისი დიზაინი შეთანხმებულია ღვინის მწარმოებელთა ასოციაციასთან.

ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოდან მსოფლიოს 58 ქვეყანაში 55 მილიონამდე ბოთლი ღვინო გავიდა, რის შედეგადაც მიღებულმა შემოსავალმა 125 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულში რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ყაზახეთი შედიან. ლევან დავითაშვილის თქმით, 100 მილიონი ბოთლი წელიწადში, ეს არის 2021 წლის საპროგნოზო მონაცემი. მისივე განცხადებით, 2030 წლისთვის, ღვინის სექტორის საექსპორტო შემოსავლები 1 მილიარდი დოლარი უნდა იყოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]