weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

„ენკა“ საქართველოს მთავრობასთან ნამახვანჰესის ხელშეკრულებას წყვეტს

16:40 ოთხშაბათი, 22 სექტემბერი 2021

კომპანია „ენკა რინიუებლზი“ საქართველოს მთავრობასთან ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს.

ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება სტამბოლის საფონდო ბირჟაზე Enka Insaat Ve Sanayi A.S-მა გამოაქვეყნა, რომელიც შპს „ენკა რინიუებლზის“ 90%-იან წილს ფლობს.

კომპანია ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მისი პირობების დარღვევას და ფორსმაჟორს ასახელებს.

„ენკა რინიუებლზის“ საქართველოს წარმომადგენლობა ამ საკითხზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. კომპანიაში გვითხრეს, რომ ნამახვანჰესის პროექტის დირექტორი, მერაბ ლომინაძე შვებულებაშია. 

მდინარე რიონზე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტზე მთავრობასა და „ენკა რინიუებლზს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება მხოლოდ მიმდინარე წლის თებერვალში გასაჯაროვდა. არასამთავრობო სექტორის შეფასებით, კონტრაქტი კაბალურია და მასში სახელმწიფო ინტერესები კომპანიის სასარგებლოდ არის დათმობილი.

ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტი ორ ჰესს მოიცავს: ზემო ნამახვანი ჰესს 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და ქვემო ნამახვანი ჰესს - 324 მგვტ დადგმული სიმძლავრით. ზემო ნამახვანი ჰესის 56 მეტრი სიმაღლის კაშხლის აშენება დაგეგმილი იყო სოფელ ტვიშის მიმდებარედ. ზემო ნამახვანი ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორებოდა. ქვემო ნამახვანი ჰესის სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლი უნდა აშენებულიყო სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში, რაც 500 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას დატბორავდა. ქვემო ნამახვანის ჰესისთვის ასევე გათვალისწინებული იყო 4400 მეტრი სიგრძის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევდნენ.

2019 წლის 21 ნოემბერს მთავრობამ ძირითადად წყალტუბოს, ასევე, ცაგერისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში, „ენკა რინიუებლზს“ 121 ლარად საკუთრებაში გადასცა 1,409,391 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ქონება და 1,535,975 კვ.მ ფართობის ტყე წყალტუბოს, ტყიბულისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში (ძირითადად წყალტუბოში); ასევე, კომპანიას აღნაგობის უფლებით, 99 წლის ვადით, წლიურ 16 ლარად გადაეცა 2,372,409 კვ.მ ფართობის არასასოფლო-სამეურნეო ქონება და 445,245 კვ.მ ტყე. მთავრობამ კომპანიასთან ხელშეკრულება მანამდე დადო და ჰესების მშენებლობისთვის მიწებიც მანამდე გადასცა, ვიდრე შესაბამისი ნებართვები გაიცემოდა.

2020 წლის 22 აპრილს ქვემო ნამახვანი ჰესის მშენებლობის ნებართვა გარკვეული პირობებით გაიცა. მათ შორის, „ენკა რინიუებლზს“ სრული საპროექტო დოკუმენტაცია და საექსპერტო დასკვნები მიმდინარე წლის 13 აპრილამდე უნდა წარედგინა. ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, კომპანიამ თითქმის ერთი წლით ითხოვა ვადის გაგრძელება, რაც „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ დააკმაყოფილა. კომპანიამ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად „პროექტის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობა“ დაასახელა.

ნამახვანჰესის მშენებლობას ადგილობრივები, რომელთაც მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დააფუძნეს, თითქმის ერთი წელია უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ. ბოლო თვეების განმავლობაში ნამახვანჰესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობასა და ჰესის მოწინააღმდეგეებს შორის, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ჩართულობით, მედიაცია მიმდინარეობდა. რამდენიმე დღის წინ ამ ფორმატს „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ გამოეთიშა.

ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული ნებართვები სასამართლოშია გასაჩივრებული. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]