„წინა ხელისუფლების დროს, გაფორმდა, არ მინდა ვიხმარო სიტყვა „კაბალური“, მაგრამ საკმაოდ მძიმე ხელშეკრულება რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან. 2007-ში, შემდეგ 2011-ში გარკვეული ცვლილებებია შეტანილი, რომლითაც 2025 წლამდე დადგენილია შემოსავლის გარკვეული მოცულობა, რომელიც, მათ შორის „თელასმაც“ უნდა მიიღოს ტარიფების ზრდის გზით.
2014 წელს, ის ტარიფები, რომლებიც დაადგინა სემეკ-მა, ჩვენი აზრით, იყო აბსოლუტურად ობიექტური და გამჭვირვალე მეთოდოლოგიით და იმაზე უფრო მაღალი ტარიფის დადგენა არ უნდა მომხდარიყო და არ უნდა მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ „ინტერ რაო“ ამას მოითხოვს.
შესაბამისად, ჩვენი, სახელმწიფოს მყარი პოზიცია ამ სასამართლოს დროს, რომელიც მიმდინარეობდა 6-7 წელიწადი, იყო, რომ ტარიფები არ უნდა გაზრდილიყო იმ ნაწილში, რა ნაწილსაც „ინტერ რაო“ ითხოვდა.
ზოგადად, ასეთ დროს ჩვენ ყოველთვის ამოვდივართ მოსახლეობის და მომხმარებლების ინტერესებიდან, იმიტომ, რომ მოსახლეობისთვის ტარიფების ზრდა ძალიან სენსიტიური თემაა და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შეძლებისდაგვარად ეს არ მოხდეს.
საბოლოო ჯამში, არბიტრაჟმა ნაწილობრივ გაიზიარა „ინტერ რაოს“ მიერ დაყენებული მოთხოვნა – 200 მილიონზე მეტს ითხოვდნენ და ახლა მხოლოდ 80 მილიონია დადასტურებული.
როგორც არ უნდა დასრულდეს ეს დავა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო აწარმოებს, არ აისახება მოსახლეობის ტარიფებზე.
რადგან დავა მიმდინარეობს, არ მინდა მეტ დეტალში შესვლა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მიმდინარე წლის 23 ნოემბერს სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს მთავრობას „ინტერ რაოსთვის“ 80.5 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. რუსულმა ენერგოჰოლდინგმა, რომელიც საქართველოში „ხრამი 1“ და „ხრამი 2“ ჰესებს, ასევე ენერგოგამანაწილებელი კომპანია „თელასის“ აქციების 75%-ს ფლობს, საქართველოს სახელმწიფოს რამდენიმე წლის წინ უჩივლა და იმ თანხის ანაზღაურება მოითხოვა, რომელიც 2013-2016 წლებში დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების გამო ვერ მიიღო. „ინტერ რაო“ აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობამ არ შეასრულა ხელშეკრულების პირობები, რომლის მიხედვითაც, ლარის გაუფასურეის შემთხვევაში ინვესტორისთვის დანაკარგები უნდა აენაზღაურებინა.
საქართველოს სახელმწიფო მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად იქნა განსაზღვრული. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, არბიტრაჟის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში, როგორც დაუსაბუთებელი.