weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ძვირდება, ასე რომ ყოფილიყო, პირდაპირ ვიტყოდი – კალაძე

11:57 პარასკევი, 24 დეკემბერი 2021

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფი არ ძვირდება. კალაძის თქმით, სააბონემენტო სისტემა სიახლე არ არის და ამაზე ჯერ კიდევ 2017 წელს საუბრობდა, როდესაც სატრანსპორტო რეფორმა დაიწყო. 

როგორც კალაძე ამბობს, სააბონემენტო სისტემის შემოღება სწორი გადაწყვეტილებაა.

„მიზანმიმართულად, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ტელევიზიები ცდილობენ კონკრეტული მესიჯების დამკივიდრებას. როგორც კი განცხადება გავაკეთე სატრანსპორტო პოლიტიკაში ახალ მიდგომებთან დაკავშირებით, მაშინვე დაიწყეს მესიჯის დანერგვა, რომ ტარიფი ძვირდება.

არ ძვირდება მეგობრებო ტარიფი. ეს ასე რომ ყოფილიყო, მაქვს იმის შნო, შესაძლებლობა, უნარი და დამოკიდებულება მოსახლეობასთან, რომ პირდაპირ ვეტყოდი ამ ყველაფერს, არ მომერიდებოდა. 

შესაძლოა, ეს რთული გადაწყვეტილება ყოფილიყო, მაგრამ ამას პირდაპირ ვეტყოდი, რომ ტარიფები ძვირდება, მაგრამ არ არის ასე“, – განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. 

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით 900 000-ზე მეტი ადამიანი გადაადგილდება და მათი 53% შეღავათიანი ტარიფით (10-20 თეთრიანი ტარიფები) სარგებლობს ან უფასოდ მგზავრობს. კალაძის განცხადებით, ეს შეღავათები ძალაში რჩება.

„ეს შეღავათები ვრცელდებოდა მეტროსა და ავტობუსებზე, იმიტომ, რომ ყვითელი მიკროავტობუსის ღირებულება იყო 80 თეთრი. ამ 53%-ს მიკროავტობუსში 80 თეთრის გადახდა უწევდა. ამ გადაწყვეტილებით ინტეგრირება გავაკეთეთ – პროგრამაში ჩართულია მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი და საბაგირო. ამ 53%-ს მოუწევს 10 თეთრის, 20 თეთრის გადახდა და უფასო მგზავრობა უკვე მიკროავტობუსებითაც. 53%-ში შედიან სოციალურად დაუცველები, სტუდენტები, მოსწავლეები, პედაგოგები, ბაღის თანამშრომლები, ვეტერანები… ვრცელი ჩამონათვალია, ვისაც ეს შეღავათები ეკუთვნით. 

რაც შეეხება დანარჩენ 47%-ს, თბილისში საშუალო მობილობის კოეფიციენტი არის 3, ხოლო საზოგადოებრივ ტრანსპორტში – 2.5, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები, გარდა სახლი-სამსახურში გადაადგილებისა, თვეში 7-ჯერ მიდიან ან მეგობართან, ან ბაზარში, მაღაზიაში და ა.შ. ამაზე კვლევებია ჩატარებული. საშუალოდ სამთვიანი ბარათი რომ ავიღოთ, ნიშნავს, რომ 50-თეთრიანი ტარიფის პირობებში, დაახლოებით 114 ლარი ეხარჯებოდათ ამ ადამიანებს. დღევანდელი აბონემენტებით 114 ლარის ნაცვლად გადაიხდის 100 ლარს. ექვსთვიანი პაკეტი რომ აიღოს, კიდევ უფრო ნაკლებს, ერთწლიანი რომ აიღოს კიდევ უფრო ნაკლებს.

იყო კატეგორია ადამიანების, რომლებიც მგზავრობდნენ მხოლოდ სახლსა და სამსახურს შორის და ეს დღეში ლარი უჯდებოდათ. მათ ერთი ტრანსპორტი ჰყოფნიდათ – ასეთი ადამიანები ძალიან ცოტაა. მეორე კატეგორიაა, ვინც იყენებდა მეტროს, ავტობუსს და ასევე მიკროავტობუსს, 1 ლარი და 30 თეთრი უჯდებოდა მგზავრობა. ასევე, არის მესამე კატეგორია ადამიანების, რომლებსაც მგზავრობა 1 ლარი და 80 თეთრი უჯდებოდათ. უხეშად რომ დავთვალოთ, 1 ლარის პირობებში, ერთი წლის განმავლობაში გამოდის 365 ლარი, ამას შეიძლება გამოვაკლოთ უქმეებიც, დავაკლოთ კიდევ 30 ლარი. ერთწლიანი პაკეტი ღირს 250 ლარი, თვეში გამოდის 20 ლარი. რამდენიც გინდა იარე, არ ხარ შეზღუდული – შეგიძლია დაბრუნდე სამსახურიდან სახლში, წახვიდე მეგობართან – არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. რაც ყველაზე მთავარია, თუ ავტობუსიდან მიკროავტობუსში გადაჯდომა გიწევდა და იქ უნდა გადაგეხადა 80 თეთრი, დღეს უკვე ყველაფერი ინტეგრირებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ერთწლიანი აბონემენტის ღირებულების – 250 ლარის ერთჯერადად გადახდასთან დაკავშირებით კალაძემ თქვა: „აქაც შეიძლება დაელაპარაკონ ბანკებს და განწილვადება გაუკეთონ. ეგეც არ მგონია პრობლემა იყოს, ხომ? მთავარი რა არის – ყველა იმ ოჯახისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, მგზავრობა არის უფასო ან იხიდიან 10-20 თეთრს. ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი, პრინციპული და მნიშვნელოვანი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]