weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

1 თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადი მგზავრობა ლარი ეღირება

12:58 ოთხშაბათი, 22 დეკემბერი 2021

თბილისში, 2022 წლის პირველი თებერვლიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემა შეიცვლება, კერძოდ, ამოქმედდება სააბონემენტო სისტემა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მოქალაქეებს აბონემენტების შეძენა 5 იანვრიდან, თბილისის მეტროს სალაროებში და „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალებში შეეძლებათ. იმოქმედებს 90-წუთიანი, ერთკვირიანი, ერთთვიანი, სამთვიანი, ექვსთვიანი და ერთწლიანი სააბონემენტო სისტემა.

ულიმიტო, 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება. ბარათის მფლობელს შეეძლება 90 წუთის განმავლობაში ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსით – ისარგებლოს და გადაჯდომისას დამატებით თანხა არ გადაიხადოს. 

ულიმიტო, ერთდღიანი ბარათი 3 ლარი ეღირება და ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი დღის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს.

„ულიმიტო, ერთკვირიანი ბარათი ეღირება 20 ლარი. ერთკვირიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი კვირის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 20 ლარად. ეს ბარათი ძირითადად, ტურისტებზეა გათვლილი, ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიურ მომხმარებლებზე სხვა ტიპის ბარათები უფრო საინტერესოა. ისინი ბევრად შეღავათიან ფასში უზრუნველყოფენ ჩვენი მოქალაქეების ტრანსპორტირებას.

ულიმიტო, ერთთვიანი ბარათი 40 ლარი ეღირება. ერთთვიანი ბარათის მფლობელს შეეძლება, მთელი თვის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავროს მხოლოდ 40 ლარად. 

ეს ჩვენი გათვლებით, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბარათი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვინაიდან ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს დღეში საშუალოდ, ორი ტიპის ტრანსპორტის გამოცვლა უწევთ, რაშიც ყოველთვიურად 50-60 ლარს იხდიან. 

აღნიშნული ბარათის მფლობელები კი თვის განმავლობაში, საშუალოდ, 10-დან 20 ლარამდე ეკონომიას გააკეთებენ.

ულიმიტო, სამთვიანი ბარათი 100 ლარი ეღირება. ეს ბარათი კიდევ უფრო მაღალ ეკონომიას უზრუნველყოფს ტრანსპორტის აქტიური მომხმარებლებისთვის.

ულიმიტო, ექვსთვიანი ბარათი 150 ლარი ეღირება. ამ ბარათის მომხმარებლის სატრანსპორტო დანახარჯი თვეში მხოლოდ 25 ლარს შეადგენს და ასევე გვაქვს ერთწლიანი ულიმიტო აბონემენტები, ბარათები, რომელიც 250 ლარი ეღირება. ერთწლიანი ბარათის მფლობელს თვეში მხოლოდ 20 ლარად შეეძლება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ულიმიტოდ სარგებლობა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, უფასო და შეღავათიანი მგზავრობით მომხმარებელთა რამდენიმე კატეგორია ისარგებლებს.

„უფასო მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ თბილისში რეგისტრირებული უსინათლო პირები, მათი თანმხლები და გამცილებელი პირები, მოსწავლეები, უბნის ინსპექტორები და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეები, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლები, თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების ვეტერანები და სხვა.

შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით/ფასით (0,2 ლარი) მგზავრობის უფლებით ისარგებლებენ თბილისის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები და პროფესიული სტუდენტები, საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლები, პენსიონერები, თბილისის საკუთრებაში არსებულ პოლიკლინიკებში დასაქმებული უბნის ექიმები, უბნის პედიატრები და ოჯახის ექიმები, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მანდატურები და სხვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით (0,1 ლარი) მგზავრობის უფლებით ასევე, ისარგებლებენ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე, თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]