weather cur horoscope tv
ნოემბერი 14, 2024

სამართალდამცველების ჩართვის აუცილებლობას ვერ ვხედავთ – თურნავა სვანეთში მაინინგზე

14:32 ორშაბათი, 10 იანვარი 2022

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ზემო სვანეთში ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება და „მაინინგთან“ დაკავშირებული პრობლემები მიუღებელია. ამასთან, თურნავა დარწმუნებულია, რომ მოსახლეობის მხრიდან არაფერი გაკეთდება ისეთი, რაც დარტყმის ქვეშ დააყენებს „გამართულ ტურისტულ სეზონს“. 

„სვანეთი დღეს არის გამორჩეული ტურისტული ადგილი, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან ტურისტები იმისთვის, რომ უნიკალური ბუნება, არქიტექტურა ნახონ და ასევე, ზამთრის კურორტზე გაატარონ ძალიან სასიამოვნო დასვენების დღეები. 

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ იქ ზამთრის კურორტების ინფრასტრუქტურა განახლებულიყო, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი საბაგირო მუშაობს და მასპინძლობს დამსვენებლებს. 

დარწმუნებული ვარ, რომ სვანეთის მოსახლეობა ძალიან კარგად ხვდება, რომ სვანეთისთვის ერთ-ერთი მთავარი პერსპექტივა და მთავარი განვითარების გეზი არის ტურიზმი და მათ შორის, ზამთრის ტურიზმი და აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან არაფერი გაკეთდება ისეთი, რაც კითხვის ქვეშ და დარტყმის ქვეშ დააყენებს გამართულ ტურისტულ სეზონს. რა თქმა უნდა, მიუღებელია ელექტროენერგიის უკანონო მოხმარება, მით უფრო ე.წ. საყოფაცხოვრებო მაინინგთან დაკავშირებული პრობლემები, რაც ჩვენ ვიცით, რომ იქ არსებობს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ საკითხის გადაჭრის მიზნით მთავრობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანია ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ მუშაობს.

„ამ ეტაპზე სამართალდამცველების ჩართვის აუცილებლობას ვერ ვხედავთ, რადგან ვხედავთ, რომ აბსოლუტურად შეგნებულად უდგება მოსახლეობა, ყველამ კარგად იცის, რომ მთავარია, გამართულად მუშაობდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა.

ეს პირველ რიგში სვანეთის მოსახლეობის ინტერესებში შედის. აქედან გამომდინარე, საერთო კოორდინაციით ეს საკითხი გადაწყდება. დაწყებული იყო კიდევაც ეტაპობრივი გამრიცხველიანება იქ, სადაც მრიცხველები არ იდგა, მათ შორის, კომუნალური მრიცხველები, ეს პროცესი გაგრძელდება. რასაკვირველია, ვფიქრობთ, რომ მთავარი მოკავშირე ამ პროცესში უნდა იყოს თავად ამ რეგიონის მოსახლეობა. პირველ რიგში მათ ინტერესშია, რომ იქ იყოს გამართული ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, გადაჭარბებული და უკონტროლო მოხმარების გამო არ მოხდეს რაიმე შეფერხება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ზემო სვანეთში ელექტროენერგიის უწყვეტად და ხარისხიანად მიწოდების პრობლემა ბოლო წლებია დგას. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება და კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებენ, მოსახლეობა, რომელიც ბოლო 30 წელზე მეტია ელექტროენერგიის გადასახადისგან გათავისუფლებულია, ბიტკოინების მწარმოებელ „მაინერებს“ უკანონოდ ამუშავებს, რაც ქსელის გადატვირთვის და ხშირი ავარიების მიზეზი ხდება. „ენერგო-პრო ჯორჯია“ დეკემბერში აცხადებდა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტი 27 მეგავატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდა, მაშინ, როდესაც საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის 7 მეგავატია საჭირო. 

ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების მიზეზით, დეკემბრის ბოლოს, მოსახლეობის ნაწილს დენი რამდენიმე დღის განმავლობაში არ მიეწოდებოდა. 30 დეკემბერს მესტიის ერთ-ერთ ტაძარში ხატზე დაიფიცეს, რომ ე.წ. მაინერებს გამორთავდნენ. 

მანამდე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ თქვა, რომ ელექტროენერგიის ფული ყველამ უნდა გადაიხადოს, რადგან ამის გარეშე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ვერ დაავალდებულებენ, მაქისიმალურად ხარისხიანი მიწოდება უზრუნველყოს. ნარმანიას განცხადებით, უნდა მოხდეს „მაინერების“ ამოღება და თუ საჭიროება მოითხოვს, დაყადაღებაც.

„თავის დროზე ასეთი რამდენიმე ერთობლივი ღონისძიება გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად და მგონია, რომ ასეთი ღონისძიებები უნდა გაგრძელდეს“, – აცხადებდა ნარმანია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]