weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

150 განაცხადი დღეში – რატომ იზიდავს საქართველო რუს და ბელორუს მეწარმეებს უკრაინაში ომის ფონზე

14:19 შაბათი, 12 მარტი 2022

რუსეთში ახლა ცუდი მდგომარეობაა, ვიდრე სიწყნარე არ იქნება, აქ ვაპირებთ დარჩენას. ბიზნესი გვინდა დავარეგისტრიროთ, ევგენი იაშინს, რუსეთის მოქალაქეს, იუსტიციის სახლში, რეგისტრაციის რიგში შევხვდით. იმ დღეს, განაცხადის შესატანად თავის რიგს კიდევ ათობით მისი თანამემამულე ელოდა. 10 მარტს, საქართველოს მასშტაბით, კომპანიის ან ინდივიდუალ მეწარმედ რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრს სულ 437-მა ადამიანმა მიმართა, მათ შორის 150 რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქე იყო.

მაშინ, როცა უკრაინაში შეჭრისა და პუტინის მხარდაჭერის გამო დასავლეთი მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს უწესებს რუსეთსა და ბელორუსს, ამ ქვეყნების დატოვების სურვილს უფრო და უფრო მეტი მოქალაქე გამოთქვამს. ორივე სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის საქართველო მოხერხებული ადგილია ორი მთავარი მიზეზით – უვიზო მიმოსვლა და ხელისუფლების გადაწყვეტილება – არ შეუერთდეს აგრესორების მიმართ დაწესებულ სანქციებს.

რატომ ირჩევენ რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეები ბიზნესის რეგისტაციისთვის საქართველოს და რა საქმიანობებისთვის სჭირდებათ მათ მეწარმეებად რეგისტრაცია. იმ ადამიანების უმრავლესობა, ვისაც „რეგინფო“ იუსტიციის სახლში ესაუბრა, საქართველოში ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდა და საჯარო რეესტრს ინდივიდუალური მეწარმის სტატუსის მისაღებად მიმართავს.

„ჩვენ არ ვმუშაობთ რუსეთისთვის. მომსახურებებს უზრუნველვყოფთ ინტერნეტში, ძირითადად ვებდიზაინის მიმართულებით. ვებგვერდების დიზაინებს ვაწყობთ. საერთაშორისო მომსახურებას ვწევთ. გვესმის, რომ პუტინი აგრესორია. ჩვენ უბრალო ხალხი ვართ და ჩამოვედით აქ იმისთვის, რომ ჩვენი საქმე ვაკეთოთ და გადასახადები გადავიხადოთ“, – გვეუბნება ევგენი იაშინი.

ის და მისი მეგობრები გვიყვებიან, რომ ომის მიმართ განსხვავებული აზრის გამო ქვეყნის დატოვება ძალიან ბევრს უწევს, – „პუტინის მიერ დაწყებულ ომზე რუსეთში განსხვავებული აზრი ბევრს აქვს, მაგრამ იქ არ შეგიძლია ამის დაფიქსირება. რუსეთში არ შეგიძლია რამე თქვა, არ შეგიძლია გამოხატო პოზიცია. 15 წელია ამისთვის სასჯელი. ამიტომ ჩვენ არ ვწერთ, არ ვამბობთ არაფერს იმაზე, რაც გვაწუხებს, იმიტომ რომ გვეშინია“.

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მალევე დატოვა ქვეყანა სერგეიმაც, რომელიც საქართველოში ცხოვრებას განუსაზღვრელი ვადით აპირებს. „იქამდე, სანამ ომი არ დამთავრდება“ – და ამატებს, – „რუსეთში გაჩერება არ შემეძლო ახლა. შემეშინდა, რომ გამიწვევდნენ არმიაში და მონაწილეობა მომიწევდა ამ სამარცხვინო ომში. ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო ომი. აქ ჩამოვედი იმისთვის რომ ჩემი საქმიანობა გავაგრძელო. IT სპეციალისტი ვარ და ინდივიადუალურ მეწარმედ ვრეგისტრირდები“.

ეკონომიკური სანქციებით გამოწვეულმა კრიზისმა გადააწყვეტინა რუსეთის დატოვება სტიოპას, რომელიც ამბობს, რომ საქართველოში ადრეცაა ნამყოფი და სხვაგან წასვლაზე არც უფიქრია, – „ძალიან მომწონს ეს ქვეყანა, კულტურა და აქაური ხალხი. აქ რამდენიმე ჩემი მეგობარიც ცხოვრობს. არ ვიცი, აქ რამდენ ხანს დავრჩები. მინდა, ინდივიდუალურ მეწარმედ დავრეგისტრირდე. საქართველოში კარგი პირობებია იმისთვის, რომ საქმე აკეთო. პროგრამისტი ვარ და საერთაშორისო კომპანიებს ვემსახურები“.

რუსეთის მოქალაქეების გარდა საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყება სურთ ბელორუსის მოქალაქეებსაც. საჯარო რეესტრის თანახმად, საქართველოში ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის სურვილი 24 თებერვლის შემდეგ, სულ მცირე 280-მა ბელურუსმა გამოთქვა. საქართველოში ჩამოსვლის მიზეზად ისინიც უვიზოდ გადაადგილებას და კარგ ბიზნესგარემოს ასახელებენ.

„მეორე კვირაა აქ ვარ, მას შემდეგ რაც რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინაში. არ შემეძლო იქ გაჩერება, რადგან მეშინოდა, რომ არმიაში გამიწვევდნენ. ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო ომი. ახლა იქ ცხოვრება საშინელებაა. აქ ჩამოვედი, რომ ჩემი საქმიანობა გავაგრძელო, IT სპეციალისტი ვარ და დღეს დავრეგისტრირდი აქ მეწარმედ“, – გვეუბნება ბელორუსის მოქალაქე, რომელმაც ვინაობის გამხელა უსაფრთხოების მოტივით არ ისურვა.

ვინაობისა და პირადი ინფორმაციის გამხელაზე უარი ბევრმა გვითხრა. ბიზნესის რეგისტრაციის რიგებში ისეთებიც შეგვხვდნენ, ვინც ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ ისურვა, – „არ გვინდა ლაპარაკი და იცით რატომაც. ჩვენ გვექნება პრობლემები“. 

1-10 მარტს საჯარო რეესტრს რუსეთის 480-მა და ბელურისის 300-მა მოქალაქემ მიმართა. ამ განმცხადებლს შორის 75 მათგანი შპს- რეგისტრაცის ითხოვს, ხოლო დანარჩენი ინდივიდუალური მეწარმის სტატუსს.

შედარებისთვის, შარშან, მარტის იმავე პერიოდში, საჯარო რეესტრში რუსეთის მოქალაქეებისგან 10 მოთხოვნა შევიდა, ბელორუსის მოქალაქეებისგან კი არცერთი. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე, 21-23 თებერვლის პერიოდში, რეესტრს ბიზნესის რეგისტრაციისთვის რუსეთის შვიდმა და ბელორუსის ერთმა მოქალაქემ მიმართა.

ბელორუსის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ. იგივე რეჟიმი მოქმედებს საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ბელორუსის რესპუბლიკაში, განსხვავებით რუსეთისგან, რომელთანაც ცალმხრივი უვიზო რეჟიმი გვაქვს – რუსეთის მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა, საქართველოს მოქალაქე კი რუსეთში ვიზის გარეშე ვერ შევა.

ბელორუსთან უვიზო მიმოსვლა საქართველოს ჯერ კიდევ დსთ-ს წევრობის დროიდან აქვს. რუსეთთან კი სავიზო პოლიტიკა უახლესი ისტორიის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა.

პირველად, რუსეთმა სავიზო რეჟიმი საქართველოსთვის 2000 წელს შემოიღო, პანკისის ხეობიდან ტერორისტების შესვლის საფრთხის მოტივით. მოგვიანებით, 2006 წელს, რუსეთში ჩატარებული რეიდების შედეგად, საქართველოს 2 500-მდე მოქალაქე გამოაძევეს ქვეყნიდან. საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დააწესა, რაც 4 წელი გაგრძელდა. 2012 წლის თებერვალში, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ამას რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები არ მოჰყოლია. რუსული მხარე საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების ინიციატივით მხოლოდ 2015 წელს გამოვიდა. მაშინ პუტინი აცხადებდა, რომ მზად იყო, სავიზო რეჟიმი შეეწყვიტა, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციას საბოლოოდ არ მიუღია. მეტიც, 2015 წლის შემდეგ, საქართველოდან რუსეთში წასვლის მსურველთათვის ვიზები გაიცემა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქისა და იურიდიული პირების მოწვევის საფუძველზე, რომლებიც ფორმდება საიმიგრაციო სამსახურის ტერიტორიულ და სტრუქტურულ დანაყოფებში.

უვიზო რეჟიმის ქვეყნებიდან შემოსულ მოქალაქეებს საქართველოში დარჩენა გაუსვლელად ერთი წელი შეუძლიათ. თუ ამ ერთი წლის განმავლობაში მოქალაქე საზღვარს გადაკვეთს და უკან დაბრუნდება, დროის ათვლა ხელახლა იწყება. 

რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეების საქართველოში მასობრივად შემოსვლას წინ უძღოდა დასავლეთის მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციები და

პრემიერ-მინიტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ საქართველო არ აპირებს შეუერთდეს ამ სანქციებს. მან ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებით ახსნა. მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებსა და მედიაში აქტიურად დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ ქვეყანაში რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეების სიმრავლეა და ისინი აქ ყველანაირი დაბრკოლების გარეშე შემოდიან, სამოქალაქო საზოგადოება პოტენციური საფრთხეების პრევენციის მიზნით, რუსეთთან დროებითი სავიზო რეჟიმის შემოღებაზე ალაპარაკდა. ინტერნეტში ამ მოთხოვნით პეტიციაც გაჩნდა და 10 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა. 

მნიშვნელოვანია ოკუპანტი ქვეყნიდან მოხდეს მხოლოდ იმ მოქალაქეების მიღება, რომელთაც დასაბუთებულად ემუქრება პოლიტიკური დევნა. დანარჩენების მიღება საქართველოსთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვინაიდან მათ შორის შეიძლება იყვნენ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები 

ეს ამონარიდია პეტიციიდან, რომელშიც იმ საფრთხეებზეცაა საუბარი, რაც შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის მოქალაქეების მასობრივმა მიგრაციამ საქართველოში.

„უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის გახსნილი საზღვრის პირობებში, ათი ათასობით რუსი ოჯახი ჩამოვა და დასახლდება ჩვენთან. აღნიშნული პროგნოზი ბევრ საფრთხეს შეიცავს, თუმცა გამოვყოფ ერთს, ამჟამად ყველაზე აქტუალურს: ჩვენ არაერთხელ გვინახავს პუტინის მხრიდან სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტის უხეში დარღვევა იმ მოტივით, რომ მის „სამშვიდობო“ ჯარებს უნდა დაეცვათ საკუთარი მოქალაქეები, რომლებიც უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე „იჩაგრებოდნენ“. თუნდაც მხოლოდ ამ პრაქტიკის გამო, დიდი სიფრთხილეა საჭირო რუსების მასობრივ მიგრაციასთან დაკავშირებით“, – წერს პეტიციის ავტორი. 

საქართველოს მთავრობაში სავიზო რეჟიმის შემოღების საჭიროებას ვერ ხედავენ. მეტიც, რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებიის მიგრაციაზე გავრცელებულ ცნობებს დეზინფორმაციას უწოდებენ და ამბობენ, რომ რუსეთიდან იმდენი ადამიანი ჩამოდის ახლა, რამდენიც ჩამოდიოდა პანდემიამდე, ვიდრე საზღვრები დაიკეტებოდა.

„მიმდინარეობს საზოგადოების დაშინება შემოსულ პირთა შორის ე.წ. დივერსანტების, ტერორიზმთან დაკავშირებული ჯგუფების და ა.შ. არსებობის შესახებ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო სრულ კონტროლს ექვემდებარება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურ რეჟიმში ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს შესაძლო რისკები და გამოწვევები, ასევე სრულად იქნას გაკონტროლებული ქვეყანაში მყოფი პოტენციური რისკის შემცველი ყველა პირი“, – ეს განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 7 მარტს გააკეთა.

მოგვიანებით, რუსეთის მოქალაქეების მიგრაციაზე პარლამენტში გამოსვლისას შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმაც ისაუბრა. მანაც სიცრუე უწოდა ინფორმაციას, რომ ქვეყანაში უპრეცედენტოდ მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ. „24 თებერვლიდან 9 მარტამდე საქართველოში რუსეთის 20 000-ზე მეტი მოქალაქე შემოვიდა, მაშინ, როდესაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში 40 000 იყო შემოსული“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა აღიშნა, რომ ქართულ მხარეს საზღვარზე კონტროლი გამკაცრებული აქვს და დღეის მდგომარეობით არანაირი საფრთხე არ არსებობს.

მინისტრმა ახსენა რუსეთის ის მოქალაქეებიც, რომლებიც ქვეყანაში არ შემოუშვეს, 180 ადამიანი. ერთ-ერთი იყო რუსული დამოუკიდებელი მედიის, „დოჟდის“ მთავარი რედაქტორი მიხაილ ფიშმანი, რომელიც რუსეთში პუტინის აგრესიას ღიად უპირსპირდება. ვახტანგ გომელაურის თქმით, ის „ალბათ იმ 180 ადამიანს შორის მოხვდა“.

11 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში არ შემოუშვეს კიდევ ერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალების „მედიაზონის“ ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი დავიდ ფრენკელი.

„მომწონს საქართველოს ხელისუფლების განცხადება, რომ ყველა გადაწყვეტილებას ადგილზე მესაზღვრეები იღებენ. ისინი 14 საათის განმავლობაში სადღაც რეკავდნენ, ხელებს იქნევდნენ და ხანდახან ბოდიშსაც იხდიდნენ, რომ თვითონაც არ იციან, რა ქნან და ელოდებიან პასუხს სადღაც ზემოდან. საბოლოოდ უარი. არ გვაჭამეს, მაგრამ სიბრალულისგან დივანთან მიგვიშვეს“, – დაწერა ტვიტერზე დავიდ ფრენკელის მეუღლემ, ვარვარა მიხაილოვამ.

იუსტიციის სახლში ამჟამად რუსეთისა და ბელორუსის 400-მდე მოქალაქე ელოდება მეწარმის სტატუსის მიღებას. დარეგისტრირებული განცხადებების ნაწილზე საჯარო რეესტრმა თანხმობა უკვე გასცა.

საჯარო რეესტრში ბიზნესის რეგისტრაცია საქართველოში ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია. ამისთვის საჭიროა განცხადებით მიმართო იუსტიციის სახლს და წარადგინო პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. იმ შემთხვევაში თუ თქვენი იურიდიული მისამართი განსხვავდება იმ მისამართისგან, რომელზეც ბიზნესსაქმიანობის დაწყებას აპირებთ, საჭიროა ამ მისამართზე არსებული უძრავი ნივთის მესაკუთრის წერილობითი თანხმობა რომ ნამდვილად იყენებთ მის ფართს სამეწარმეო საქმიანობისთვის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის მიხედვით, რომელიც ქართული ეკონომიკის რუსეთზე დამიკიდებულებას აღწერს, აღნიშნულია, რომ 

საქართველოში 7000-ზე მეტი კომპანია რეგისტრირებული, რომელთა სრული ან გარკვეული წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის კომპანიები ან/და მოქალაქეები არიან. მათ შორის 5500-მდე 2013 - 2020 წლებში დარეგისტრიდა.

 „2011-2021 წლებში საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში 410-მა რუსულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულმა კომპანიებმა ჯამში 590 მლნ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები მიიღეს, რაც 2011-2021 წლებში საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში დახარჯული თანხის დაახლოებით 1.4%-ია“, –ვკითხულობთ კვლევაში.

ბიზნესის გარდა, რუსეთის მოქალაქეები არიან არასამთავრობო სექტორშიც. საქართველოში დარეგისტრირებულია 90-მდე არაკომერციული ორგანიზაცია.

საჯარო რეესტრის ერთიან ბაზაში 13 448 იურიდიული პირია (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა), რომლის მთლიან ან ნაწილობრივ წილსაც რუსეთის მოქალაქეები ფლობენ. რუსული კომპანიები ფლობენ წილებს ქართულ ენერგოსექტორშიც. სპეციალისტები უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ იმაზე, რომ რუსეთის ეკონომიკასთან ასეთი მჭიდრო კავშირი, გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორც უსაფრთხოების, ისე სტაბილობის კუთხით, საქართველოსთვის წამგებიანია.

უახლეს ისტორიაში არაერთი მაგალითია, თუ როგორ გამოიყენა რუსეთმა ეკონომიკური ბერკეტები პოლიტიკური მიზნებისთვის. ბოლოს კრემლმა ეს 2019 წელს გააკეთა როცა საქართველოში, ოპოზიციის მიერ გამართული აქციების გამო, საქართველოსთან ავიამომოსვლა შეაჩერა. საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს კი იმით უპასუხა, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, რძის პროდუქტების მწარმოებელი ქართული კომპანიებისთვის რუსეთის ბაზარი გახსნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]