სახელმწიფო უწყებამ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ განაცხადა, რომ ხორბლის მარაგი ამოიწურა, რის გამოც წისქვილკომბინატები მუშაობას აჩერებენ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, დღეისთვის, ხორბლის ფასი პრაქტიკულად გაორმაგებულია.
„იაფი ფქვილის მარაგების ფონზე, ავტომატურად შემცირებულია ხორბლის იმპორტი და ხორბლის მარაგები. ქვეყანაში ხორბლის ფქვილის დეფიციტის შექმნის საფუძველი არ არსებობს. მარაგი დღეისათვის გვაქვს საკმარისზე მეტი, თუმცა გვაქვს ფქვილის და არა ხორბლის სახით.
დაახლოებით თვე-ნახევარ, ორ თვეში დაიწყება ხორბლის ადგილობრივი მოსავლის აღება. ივლისი-აგვისტო მსოფლიოში მარცვლეული კულტურების ახალი მოსავლის მიღების სეზონია. ახალი მოსავალი ახალი საფასო პოლიტიკის შემუშავებას განაპირობებს და იმედი გვაქვს, რომ ფასების კლების ტენდენცია დაიწყება. შესაბამისად, უკვე ამ პერიოდისთვის, საქართველოს მთავრობა შექმნილი ვითარების შესაბამისად იმოქმედებს“, – აცხადებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრს განცხადებით მიმართა და წიქვილკომბინატების გაჩერებაზე რეაგირებისკენ მოუწოდა. ასოციაციაში ამბობენ, რომ დღეს საქართველოში ფქვილისა და ხორბლის იმპორტს შორის არასამართლიანი კონკურენციაა შექმნილი, რაც ბაზრის არასტაბილურობას იწვევს.
ასოციაციის განცხადებით, ფქვილის იმპორტი, ხორბლის შემოტანისგან განსხვავებით, არ არის სისტემურად ჩამოყალიბებული და ვერ ქმნის სავაჭრო პარტიებს, რაც არ იძლევა პროგნოზირების საშუალებას.
„მსოფლიო ქვეყნები სასწრაფოდ ზრდიან ხორბლის გარდამავალი მარაგების პარამეტრებს, რაც, გაეროს რეკომენდაციით, მოხმარების 2-თვიან მარაგს წარმოადგენს ხორბლად (ხაზს უსვამთ ხორბლად და არა ფქვილად) და უმაღლეს რანგში აჰყავთ ფიზიკურად ქვეყანაში ხორბლის მარაგების არსებობა (ხორბლის და არა ფქვილის). დაჩქარებული ტემპებით იგივეს აკეთებენ ჩვენი უშუალო მეზობლები – აზერბაიჯანი, სიმხეთი და თურქეთი“, – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვს.
გაეროს მონაცემებით, უკრაინა და რუსეთი მსოფლიოს ხორბლისა და ქერის 30%-ს აწარმოებენ. ორგანიზაციის გენერალური ანტონიუ გუტერეში აპრილში აცხადებდა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი კაცობრიობის მეხუთედზე მეტს სიღარიბის, გაჭირვებისა და შიმშილის რისკების წინაშე აყენებს.