weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

UN: უკრაინაში ომი მსოფლიოს მოსახლეობის მეხუთედს სიღარიბისა და შიმშილის რისკებს უქმნის

14:14 ხუთშაბათი, 14 აპრილი 2022

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UN) ცნობით, უკრაინის კრიზისი 1.7 მილიარდამდე ადამიანს, კაცობრიობის მეხუთედზე მეტს, სიღარიბის, გაჭირვებისა და შიმშილის რისკების წინაშე აყენებს.

როგორც ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, უკრაინაში ომს გავლენა აქვს არა მხოლოდ უკრაინელებზე, არამედ გლობალურად. მისი თქმით, ფასები ისედაც იზრდებოდა, მაგრამ ომმა მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა.

„დღეს ჩვენ ვდგავართ სრულყოფილი ქარიშხლის წინაშე, რომელიც განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკებს განადგურებით ემუქრება“, – განაცხადა გუტერეშმა.

გაეროს ინფორმაციით, უკრაინა და რუსეთი უზრუნველყოფენ მსოფლიოს ხორბლისა და ქერის 30%-ს, სიმინდის მეხუთედს და მზესუმზირის ზეთის ნახევარზე მეტს. გაეროს მონაცემებით, ერთად, მათი მარცვლეული წარმოადგენს საკვების აუცილებელ წყაროს ზოგიერთი ყველაზე ღარიბი და დაუცველი ხალხისთვის.

„ამასთან, 45 აფრიკული და ნაკლებად განვითარებული ქვეყნისთვის იმპორტირებული ხორბლის მესამედზე მეტს რუსეთიდან და უკრაინიდან მიწოდება უზრუნველყოფს. ამავდროულად, რუსეთი არის მსოფლიოში ბუნებრივი გაზის მთავარი ექსპორტიორი და მეორე უმსხვილესი ნავთობის ექსპორტიორი“, – აცხადებს გაერო.

ორგანიზაციის ცნობით, ომმა გაართულა ის გამოწვევები, რომლებსაც ბევრი განვითარებადი ქვეყანა COVID-19-ის პანდემიის, ასევე ისტორიული ვალის ტვირთისა და ინფლაციის ზრდის გამო აწყდებოდა.

„2022 წლის დასაწყისიდან ხორბლისა და სიმინდის ფასები გაიზარდა 30%-ით, ნავთობის ფასი 60%-ზე მეტით გაიზარდა ბოლო წლის განმავლობაში, ხოლო ბუნებრივი აირისა და სასუქის ფასები გაორმაგდა. ამავდროულად, გაეროს ჰუმანიტარული საქმიანობა დაფინანსების შეფერხების წინაშე დგას: მსოფლიო სურსათის პროგრამამ (WFP) გააკეთა გაფრთხილება, რომ არ აქვს საკმარისი რესურსი სასოწარკვეთილ მდგომარეობაში მყოფი მშიერი ადამიანების გამოსაკვებად. სააგენტოს სასწრაფოდ ესაჭიროება 8 მილიარდი დოლარი იემენში, ჩადსა და ნიგერში მუშაობის მხარდასაჭერად“, – აცხადებს გაერო.

ანტონიუ გუტერეშმა აღნიშნა, რომ არსებობს პირდაპირი კორელაცია სურსათზე ფასების ზრდასა და სოციალურ და პოლიტიკურ არასტაბილურობას შორის.

გაერო აცხადებს, რომ არსებული კრიზისი „დატოვებს ღრმა და ხანგრძლივ იარებს“. სურსათის, საწვავის და სხვა საქონლის მზარდი ფასების ფონზე, ყველა ქვეყანას მოუწოდებენ შეინარჩუნონ ღია ბაზრები, წინ აღუდგნენ საიდუმლო მარაგების გაკეთებას და ექსპორტზე არასაჭირო შეზღუდვებს და რეზერვები ხელმისაწვდომი გახადონ შიმშილისა და მწვავე უკმარისობის ყველაზე მაღალი რისკის მქონე ქვეყნებისთვის. გაერო ასევე მოუწოდებს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს დააფინანსონ ყველაზე დაუცველი ქვეყნები, დაეხმარონ განვითარებად ქვეყნებში მთავრობებს ინვესტიციები განახორციელონ ყველაზე ღარიბ და დაუცველ ფენებში და იმუშაონ გლობალური ფინანსური სისტემის რეფორმაზე, რათა შემცირდეს უთანასწორობა.

„უპირველეს ყოვლისა, ეს ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ ახლა უნდა გავაჩუმოთ იარაღი და დავაჩქაროთ მოლაპარაკებები მშვიდობის მისაღწევად უკრაინელი ხალხისთვის, რეგიონის და მსოფლიოს ხალხისთვის“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]