„აღნიშნული პროექტი „ძროხის ჯიშების გაუმჯობესება თელავში, ბრუცელოზის შემცირება, რძის და ხორცის წარმოების გაზრდა“, ითვალისწინებს ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით, ვეტერინარისა და მოძრავი ლაბორატორიის ადგილზე მომსახურებას, რაც გულისხმობს როგორც კონკრეტული მუნიციპალური ერთეულის მიწის დიაგნოსტირებას, ასევე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემოწმებასა და ლაბორატორიულ პირობებში განაყოფიერებას.
პროექტი 2015 წლის ნოემბერში დაიწყო და წარმატებით განხორციელდა 100-ზე მეტ ბენეფიციართან (ფერმერთან). იგი ინიცირებულია გერმანული მხარის მიერ და თელავის მუნიციპალიტეტის მერიას აკისრია მხოლოდ შუამავლის როლი ფერმერებსა და მეგობარი ქვეყნის დონორ ორგანიზაციას შორის. პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 54 375,81 ევროს და სრულად ფინანსდება ფონდი „ანგაჟმო გლობალის“ პროექტის „მდგრადი კომუნალური განვითარება პარტნიორული პროექტებით“ (NAKOPA) ფარგლებში.
თელავის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ დეზინფორმაციის გავრცელება ემსახურებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ შავ პიარს და იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი სახის ინციდენტს, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს თელავის მუნიციპალიტეტისა და ბიბერახის 30-წლიან მეგობრობას, მომავალში ადგილი აღარ ექნება“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ, ლეიბორისტული პარტიის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ვარდოშვილმა თელავის მერიის შენობასთან ძროხა მიიყვანა და ხელისუფლებას მოუწოდა, გერმანიიდან ხარის სპერმის მოთხოვნის ნაცვლად, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე რეალურად იზრუნონ. "წინა თვითმმართველობის დროს, გერმანულ მხარესთან ვმუშაობდით ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებაზე და ამაში ვითხოვდით მხარდაჭერას. გენგეგმა დღეს არავის აღარ ახსოვს და ითხოვენ ხარის სპერმას“, - აღნიშნა ვარდოშვილმა.
თელავის მერიამ დღეს გავრცელებულ განცხადებას თან დაურთო ქალაქ ბიბერახის მერიის წერილის ასლი, სადაც ქალაქის ხელმძღვანელები გაკვირვებას და წუხილს გამოხატავენ პროექტის არასწორი ინტერპრეტაციის გამო და აღნიშნავენ მის მნიშვნელობასა და სარგებლიანობაზე.
თელავსა და გერმანიის ქალაქ ბიბერახს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 1988 წელს გაფორმდა და მას შემდეგ, გერმანული მხარის ფინანსური მხარდაჭერით 20-ზე მეტი პროექტი განხორციელდა: „მეხანძრე -მაშველების სწავლება კატასტროფების-ხანძრის და საგზაო შემთხვევების უსაფრთხოების მიზნით“- ქალაქის ეფექტურობის გაზრდა და მისი როლის გაძლიერება რეგიონში; პროფესიული სკოლა: სარესტორნო საქმიანობის სწავლება და ტურიზმის მენეჯმენტი; საბავშვო ბაღების ეზოებში უსაფრთხო ბავშვთა გასართობი ადგილების მოწყობა; მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამა; გერმანული ენის შესწავლის ორკვირიანი ინტენსიური კურსი ქალაქ ბიბერახში; სოციალურად დაუცველ პირთა სამზარეულოს აღჭურვა; შშმ პირების ეტლებითა და საოჯახო ტექნიკით უზრუნველყოფა; „ძროხის ჯიშების გაუმჯობესება თელავში, ბრუცელოზის შემცირების მიზნით, რძის და ხორცის წარმოების გაზრდა“.
თელავის მერის შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, ქალაქ ბიბერახის მერია აგრძელებს თანამშრომლობას კომპანია „ატელიე არქიტექტთან“ და მის პარტნიორ ორგანიზაციასთან „RED FUND“ -თან, რომლებიც შეიმუშავებენ თელავის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტს.
თელავის მერიის ფოტო