„ხარის სპერმა არა, რადგან როცა ბოჩოლა იბადება თუ მამალია - ჰქვია სახარე, თუ დედალია - საფურე. მოწიფულობის ასაკში მათი სახელებია - მოზვერი /მამალი/; დეკეული /დედალი/. ზრდასრულობაში მამალი ძროხის დასახელება იყოფა ორ შტოდ, თუ ის დაიკოდება მაშინ მას ხარი ჰქვია, ხოლო არაკასტრირებულს ჰქვია ბუღა! აქედან გამომდინარე ხარის სპერმა არასწორია.
პრობლემა იმაშია, რომ ფერმერებში ცოდნის დონე იყო ნული და რჩება დღემდე ნულზე ცოტა მეტი, ის მაინც, რომ ვისთანაც მივიღეთ უკვე თაობები და დარწმუნდნენ რომ ეს არ არის GMO (გენეტიკური მოდიფიკაცია). რატომაა ცუდი სოფლის ბუღა, რომელთან ძროხის მიყვანა და განაყოფიერება 10 ლარი ღირს? იმიტომ რომ ეს ბუღა ერთ წრეზე ტრიალებს, ხდება ნათესაური შეჯვარებები, რაც ამცირებს პროდუქტიულობას და სხვა გვერდითი მოვლენებიც აქვს. სიუჟეტში არ ყოფილა კომპეტენტური ადამიანის კომენტარი. გამგეობის თანამშრომელი ამ შემთხვევაში არ არის კომპეტენტური. კომპეტენტურია ის, ვინც ახსნის იმას, რის ახსნასაც ახლა მე ვცდილობ“, - წერს ბექა გონაშვილი სოციალურ ქსელში.
ფერმერი სტატისტიკურ მონაცემებსაც ავრცელებს იმაში დასარწმუნებლად, რატომაა საჭირო ჯიშების გაუმჯობესება: „საქართველოში დაახლოებით 1 326 000 ძროხაა, აქედან ავიღოთ რომ დაახლოებით 700 000 ფურია, ქვეყანაში ცხოვრობს 3.5 მილიონი ადამიანი, ასევე ცოტაოდენი ტურისტები, საშუალო წველადობა ჩვენს ეროვნულ ძროხებს აქვთ დაახლოებით 900 ლიტრი ლაქტაციაზე, თუმცა ჩვენი ძროხების ლაქტაცია ფაქტობრივად 200 დღეც ვერ გრძელდება. რძის პროდუქტების 80% არის იმპორტირებული და რძის ფხვნილები. ირანიდან შემოტანილი რძის ფხვნილის აღდგენით მიღებულ ყველას აკნატუნებთ ხოლმე ძვირფასო მოქალაქეებო, როგორც თბილისში ისე კახეთში და თუნდაც თელავში, ახმეტაში, დედოფლისწყაროში და სხვაგან. ანუ ხვდებით ხომ? ირანში სადაც უმეტესად უდაბნოა, სადაც სერიოზულად განიხილავენ იმას, რომ საქართველოდან მილებით წყალი გაიყვანონ რათა სოფლის მეურნეობაში პრობლემები აღმოფხვრან, იქიდან შემოტანილი რძის ფხვნილით იკვებებით თქვენ, ვინც ქილიკობთ, მაგრამ არც გაინტერესებთ ეს საკითხი“, - აღნიშნავს ბექა გონაშვილი.
7 ივნისს, ლეიბორისტული პარტიის კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ვარდოშვილმა თელავის მერიის შენობასთან ძროხა მიიყვანა და ხელისუფლებას მოუწოდა, გერმანიიდან ბუღის სპერმის მოთხოვნის ნაცვლად, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე რეალურად იზრუნონ.
თელავის მერიის განმარტებით, აღნიშნული პროექტის მიზანი თელავში ძროხის ჯიშების გაუმჯობესება, ბრუცელოზის შემცირება და რძისა და ხორცის წარმოების გაზრდაა და მას სრულად გერმანული მხარე აფინანსებს.
თელავის მერიამ ქალაქ ბიბერახის მერიის წერილიც გაავრცელა, სადაც ქალაქის ხელმძღვანელები გაკვირვებას და წუხილს გამოხატავენ პროექტის არასწორი ინტერპრეტაციის გამო და აღნიშნავენ მის მნიშვნელობასა და სარგებლიანობაზე.