weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მთავრობა აცნობიერებს აფგან მუხთარლის საქმის სერიოზულობას – იან კელი

18:02 ორშაბათი, 05 ივნისი 2017
აშშ-ის ელჩი იან კელი აშშ-ის ელჩი იან კელი ფოტო © ამერიკის ხმა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს კიდევ ერთხელ ეხმაურება და საქართველოს მთავრობას სრული გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდებს. მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ელჩი ქართველ ჟურნალისტებს ხვალ შეხვდება.

„ჩვენ გავეცანით სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანის ხელისუფლებას ამ პიროვნების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ დეტალურად და სრულად გამოიძიოს საქმის ირგვლივ არსებული გარემოებები. ჩვენ ვართ ახლო კონტაქტში მთავრობასთან და ვიცით, რომ ისინი აცნობიერებენ ამ საკითხის სერიოზულობას“, - განაცხადა იან კელიმ.

თბილისში აფგან მუხთარლის შესაძლო გატაცებისა და აზერბაიჯანში დაპატიმრების თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური განცხადება 3 ივნისს გავრცელდა. განცხადების მიხედვით, ამერიკა საქართველოში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება და მოუწოდებენ მთავრობას, რომ გამოძიება იყოს სრული, გამჭვირვალე და დროული.

შეგახსენებთ, რომ 29 მაისს, თბილისში გაუჩინარებული აფგან მუხთარლი, 30 მაისს, ბაქოში აღმოჩნდა, სადაც კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით წინასწარ სამთვიან პატიმრობაშია.

31 მაისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მუხთარლის გაუჩინარებასთან დაკავშირებით გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.

აფგან მუხთარლის ადვოკატის ნემად კერიმლის ინფორმაციით, აფგან მუხთარლი თბილისიდან პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა მაშინ გაიტაცეს, როდესაც სახლში ბრუნდებოდა. მისივე ინფორმაციით, გამტაცებლები ქართულად საუბრობდნენ.

„სახლს რომ მიუახლოვდა, უეცრად მის წინ მანქანა გაჩერდა და პოლიციის ფორმაში ჩაცმული სამი ადამიანი გადმოვიდა. მათ თან ახლდათ კიდევ ერთი პირი, რომელიც სამოქალაქო ტანსაცმელში იყო გამოწყობილი. მათ მუხთარლი ძალით ჩასვეს მანქანაში, ცემეს და დაზიანებები მიაყენეს. მან წინააღმდეობის გაწევა სცადა, რაც ხელახალი ფიზიკური შეურაცხყოფით დასრულდა. როგორც აფგანი ამბობს, მანქანა, რომელშიც ის ჩასვეს, „ოპელის“ მარკის იყო“, - აცხადებს ნემად კერიმლი.

ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ აზერბაიჯანის მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი ბაქოში წამების, არასათანადო მოპყრობისა და არასამართლიანი სასამართლოს მსხვერპლი შეიძლება გახდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]