weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სოფელ ქისტაურში სეტყვით დაზარალებულმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა

13:25 კვირა, 19 აგვისტო 2018
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში, 18 აგვისტოს, საღამოს მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად დაზარალებულმა მოსახლეობამ ახმეტა-თბილისის ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტა. დაზარალებულების თქმით, ხელისუფლებიდან სოფელში ამბის მოსაკითხადაც კი არავინ მისულა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

„100%-ით არის განადგურებული სიმინდი, ყურძენი, პომიდორი, ყველაფერი. გუშინდელი დღიდან კაციშვილს არ მოუკითხავს. იმის თანხა მაინც გადაგვიხადონ, 4-ჯერ მაინც არის საჭირო შეწამვლა, რომ რქა შემოვიდეს და ვენახები სამომავლოდ მაინც გვქონდეს. მესეტყვეების ბრალია. მარტო ერთხელ გაისროლეს“, - აღნიშნა აქციის მონაწილე რობერტ ხომიზურმა.

„სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ არ იმუშავა. ზოგან 100 %-ია განადგურებული. ჩვენთვის არავინ არ არის. უკვე ვიცი, სახელმწიფოს წარმომადგენლები რომ მოვლენ, გვეტყვიან, რატომ არ დააზღვიეთო. მე მაქვს გამოცდილება და გამოვიტან საბუთებს - 4 წლის წინ „ალდაგმა“ დამიზღვია. 280 ლარი გადავიხადე. რომ დავისეტყვე თვენახევარი ვურეკავდი ცხელ ხაზზე, რომ მოსულიყვნენ. თვენახევარი გამიწელეს მოუსვლელობა, თურმე კახეთში სეტყვა ბევრგან იყო და ქისტაურამდე ვერ მოაღწიეს. რომ მოვიდნენ, აგრონომი ჰყავდათ მოყვანილი, მოითათბირეს და 10 %-ღა იყო. იმ თვენახევარში ოთხჯერ გადავწამლე ვენახი. ის შესახორცებელი, შეხორცდა და 10%-ია და 10% არ ანაზღაურდებაო. გვატყუებენ.

არ გავჩერდებით. ვითხოვთ იმას, რომ რაღაც გვეშველოს ამ კახელ ხალხს. მოგვაქციონ ყურადღება. ამ სეტყვის საწინააღმდეგოებში ამდენი ფული, მილიონები რომ იყრება, თუ არ მუშაობს, რისთვის იხდიან იმ თანხებს“, - ამბობს ქისტაურში მცხოვრები გიორგი ჯაბანიშვილი.

სტიქიით დაზარალებულ სოფელში მობილიზებული იყო პოლიცია. აქციის მონაწილეებმა გზა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მისვლის შემდეგ გახსნეს. პოლიციის უფროსი დაზარალებულებს დაპირდა, რომ მათ მუნიციპალიტეტის მერი შეხვდება.

გუშინ, ძლიერი სეტყვის შედეგად ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტების სოფლები დაზარალდა. ახმეტაში ყველაზე მეტად მატანი და ქისტაური დაისეტყვა, თელავის მუნიციპალიტეტში კი ქალაქი თელავი, ასევე შალაური და კისისხევი. დასეტყვილია ვენახები, საკარმიდამო ნაკვეთები და ხეხილის ბაღები. დაზიანებულია გზები.

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 4 წელში კახეთში ყველაზე დიდი მასშტაბის სეტყვის მარცვლები დაფიქსირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]