weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სატვირთო მანქანებით ხორბლის იმპორტის შეზღუდვა 1 წლით გადავადდა

15:22 ხუთშაბათი, 20 სექტემბერი 2018

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ავტოტრანსპორტით ხორბლის შემოტანაზე დაწესებული შეზღუდვის ამოქმედების დრო ერთი წლით, 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე გადაიწევს.

ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც მაჭავარიანი შს მინისტრის პირველ მოადგილესთან, კახაბერ საბანაძესთან ერთად, ლილოში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სატვირთო მანქანების მძღოლებს შეხვდა.

„გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ამ შეზღუდვის ამოქმედება ერთი წლით გადავავადოთ, ხოლო ამის შემდეგ, მომავალი შეზღუდვა - იქნება ეს სეზონური თუ სხვა ტიპის - მძღოლებთან ერთად გავიაროთ. ერთი წელი საკმარისზე მეტი ვადაა იმისთვის, რომ სამომავლოდ ისე გავაკეთოთ, რომ ეს ხალხიც არ დარჩეს ქუჩაში და ყოველწლიურად მზარდი ტურისტული ნაკადიც შევინარჩუნოთ და არ ვავნოთ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

სატვირთო ავტომანქანების მძღოლები, რომლებსაც საქართველოში ხორბალი შემოაქვთ, საპროტესტო აქციას ოთხი დღე მართავდნენ. მათსა და ივანე მაჭავარიანს შორის გამართული შეხვედრა გუშინ უშედეგოდ დასრულდა. სამინისტროს შეთავაზებას, რომ მინისტრის ბრძანების ამოქმედების ვადა 2019 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადებულიყო, მძღოლები არ დათანხმდნენ.

დღეს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვით იმუქრებოდა, თუ ფინანსთა მინისტრი არ შეხვდებოდა.

რამდენიმედღიანი აქციის განმავლობაში მძღოლები ფინანსთა მინისტრის იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლითაც ქვეყანაში ავტოტრანსპორტით ხორბლის შემოტანაზე შეზღუდვები წესდებოდა. ბრძანების მიხედვით, 1-ლი ოქტომბრიდან საქართველოში ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა/გატანა სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით იქნებოდა შესაძლებელი. ხორბლის გადამზიდავებს სატვირთო მანქანებით საქონლის იმპორტი მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის თანხმობით, შეეძლებოდათ. როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა, ავტოტრანსპორტით იმპორტის შეზღუდვის გადაწყვეტილება სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში სატვირთო მანქანებით გამოწვეული შეფერხებების გამო მიიღეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]