weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ოქუაშვილის ტყუილის საპასუხოდ ყველა სამართლებრივ ზომას მივმართავთ – თიბისი ბანკი

11:36 ორშაბათი, 01 ოქტომბერი 2018

თიბისი ბანკი გამოეხმაურა კომპანია „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თიბისი ბანკმა გიორგი გახარიას ზეწოლით, ყველა შიდა და საერთაშორისო კანონის დარღვევით, 4 მილიონი გასცა. ბანკში განმარტავენ, რომ ოქუაშვილის განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და მცდარი ინფორმაციის გავრცელების მცდელობაა.

„თიბისი ბანკისთვის უმთავრესი მნიშვნელობის არის კლიენტების ნდობა და ყველა აუცილებელი წესისა და პროცედურის დაცვა, რომელიც კლიენტის ფულის უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული. ბანკი უმაღლესი სიმკაცრით იცავს კომერციული ბანკებისთვის დადგენილ ყველა მოთხოვნას.

ბატონი ოქუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, თიბისი ბანკი განმარტავს, რომ ბანკში ყველა ტრანზაქცია სრულდება სამუშაო საათებში, კლიენტის ანგარიშების გახსნისა და წარმოების ყველა წესის დაცვით.

თიბისი ბანკს გააჩნია კანონიერი ვალდებულება, დაიცვას კლიენტის პერსონალური მონაცემები და საბანკო საიდუმლოება, ამიტომ ბანკის მხრიდან დაუშვებელია კონკრეტული ტრანზაქციისა და კლიენტის შესახებ დეტალების გასაჯაროვება. თიბისი ბანკი მიმართავს ყველა სამართლებრივ ზომას აღნიშნული ცრუ ინფორმაციის მასშტაბირების საპასუხოდ“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მას 4 მილიონი ლარის გადახდას აიძულებდა. ოქუაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც მის თანამშრომლებსა და ტელეარხ „იბერიაზე“ ზეწოლა გაძლიერდა, გადაწყვიტა ხერხისთვის მიემართა და ოფშორით შექმნა ფირმა, რომლის დირექტორებადაც ალეკო ხაჩიშვილი და დათო ფანქველაშვილი დაინიშნენ. ფირმის ანგარიშზე 24 საათში 4 მილიონი გადარიცხეს, რომელიც გიორგი გახარიას ზეწოლით, თიბისი ბანკმა 24 საათში გაანაღდა.

„ჩვენ ვფიქრობდით, რომ 18:00 საათზე ბანკი დაიკეტებოდა. ჩვენი გეგმა რა იყო - ეს თანხა იდეობოდა, ისინი მას ვერ გაიტანდნენ, ჩვენთან არ ექნებოდათ პრეტენზია და მერე რაღაცას მოვიმოქმედებდით. გავოცდით, როდესაც ბუცხრიკიძე პირადად მიდის ოპერატორთან ბანკის დახურვის შემდეგ, გაჰყავთ ინდივიდუალურ განყოფილებაში და ჩვენდა გასაოცრად 8 საათზე მაინც გამოაქვთ თანხა. 24 საათში ფირმიდან გადის 4 მილიონი ქეში, რაც არის დარღვევა ყველა საბანკო პროცედურის, ყველა შიდა საბანკო და საერთაშორისო კანონის. ზეწოლის გამო ეს პროცედურა დაარღვიეს თანამშრომლებმა და დირექტორებმა. ზეწოლა ძირითადად იყო გახარიასგან“, - განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

მისივე თქმით, ბანკიდან თანხის გატანის შემდეგ, ფირმის დირქტორებმა გადაწყვიტეს, ის ფირმაში მიეტანათ, თუმცა ბანკთანვე შეიარაღებულმა პირებმა დააყაჩაღეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]