weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ზაზა ოქუაშვილის თქმით, 4 მილიონს პირადად ბიძინა ივანიშვილი სძალავდა

10:36 ორშაბათი, 01 ოქტომბერი 2018

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, მას ოთხ მილიონ ლარს პირადად ბიძინა ივანიშვილი სძალავდა. „რუსთავი 2“-სთვის მიცემულ ინტერვიუში ოქუაშვილი ამბობს, რომ 2016 წლის პირველ ნახევარში ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას, სადაც თანხის გადახდაზე იყო საუბარი, გიორგი გახარიაც ესწრებოდა.

ზაზა ოქუაშვილის თქმით, „ომეგა ჯგუფზე“ ფსიქოლოგიურმა შეტევამ, რომელსაც ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ახორციელებდნენ, გავლენა ვერ მოახდინა და ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა, მისთვის 4 მილიონი პირადად მოეთხოვა.

„პირველი ხაზი ივანიშვილთან არის უჩა [მამაცაშვილი], [ვანო] ჩხარტიშვილი, გახარია - იქ იციან მეტი. ლევან ყიფიანი იყო მეორე ხაზზე, გიორგი კვირიკაშვილი მესამეზე, ალბათ. დამატებით, მათ ვერ შეძლეს ჩემი და ჩემი ხალხის დაშინება, რომ ის ოთხი მილიონი მიმეტანა და რადგან ვერ შეძლეს, იყვნენ იძულებულნი, რომ ივანიშვილი ჩაერიათ და მას თვითონ მოეთხოვა. ივანიშვილი იძულებული გახდა, რომ თვითონ ეთქვა. ჯერ ვერ მივხვდი, მაჩვენებდა ოთხ თითს, მერე იკადრა და გამოთქვა, რომ ოთხი მილიონი უნდა მისულიყო ბიჭებთან, რომლებიც შრომობენ, წვალობენ. „ბიჭები“ თვითონ იყო რეალურად. ამის შემდეგ ოთხმა მილიონმა გაიარა მათ თვალწინ და სათითაოდ დასდევდნენ მის ნაწილებს. ივანიშვილმა ოთხი მილიონი რომ მთხოვა, იმ შეხვედრას ესწრებოდნენ ივანიშვილი, გიორგი გახარია, ლევან ყიფიანი და მე. გახარია იყო ბიზნესომბუდსმენი. ეს იყო 2016 წელი უკვე და ეს შეხვედრა იყო არა იანვარში, არამედ ორი-სამი თვის მოგვიანებით“, - განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

მისივე თქმით, ამ ამავე პერიოდში, 4 მილიონის გამოძალვის მიზნით, მისი კომპანიის თანამშრომლებზე და ტელეარხ „იბერიაზე“ ზეწოლა გაძლიერდა.

„ოთხი მილიონი არსად არ მიმიტანია. ეს იყო მახე. 4 მილიონი უნდა დაენახათ, როგორც თაგვს ყველი, რომ ცოტა დამშვიდებულიყვნენ იმიტომ, რომ ჩემი ხალხი გამუდმებით პრესის ქვეშ იყო, ავტომატებით მიდიოდნენ, ფირმას კეტავდნენ, ტელევიზიას კეტავდნენ, რომ ტელევიზიის კარი დაიმტვრეოდა. ჩემი დირექტორები უკვე ტელეფონს არ პასუხობდნენ. ჩვენ გვაქვს ამონაწერი მათი ტელეფონის ნომრებიდან. შეიძლება, რომ ნახევარ საათში ლევან ყიფიანისგან 5 ზარი გვქონოდა, რომ ძალიან ცუდად დამთავრდებოდა ეს ამბავი. ჩემებმა მითხრეს, რაღაცით უნდა დაგვეწყნარებინა ისინი, თორემ რაღაც მოხდებოდა. ავიღე და 4 მილიონი გადავრიცხე ერთი დღის გახსნილი ფირმის ანგარიშზე. დირექტორებად დავნიშნეთ ორი ადამიანი - ალეკო ხაჩიშვილი და დათო ფანქველაშვილი. ფირმა გაიხსნა ოფშორით და ანგარიშზე 24 საათში 4 მილიონი დაისვა. დაინიშნენ დირექტორები და 24 საათში ფირმიდან გადის 4 მილიონი ქეში, რაც არის დარღვევა ყველა საბანკო პროცედურის, ყველა შიდა საბანკო და საერთაშორისო კანონის“, - განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

მისი თქმით, ახლადშექმნილი ფირმის ანგარიშიდან თანხა გასცა თიბისი ბანკმა, რომელიც  გიორგი გახარიას ზეწოლის ქვეშ იყო.

„ზეწოლის გამო ეს პროცედურა დაარღვიეს თანამშრომლებმა და დირექტორებმა. ზეწოლა ძირითადად იყო გახარიასგან, რომ გაცემულიყო ფული და ოთარ ფარცხალაძისგან. ამ ბანკზე არ მაქვს ცუდი წარმოდგენა, მაგრამ, სამწუხაროდ, სასწრაფოდ დაიბარეს დირექტორები და რა ზეწოლის ქვეშ იყო ბანკის დირექტორი ბუცხრიკიძე და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი ხაზარაძე. ისინი დაიბარა გახარიამ, რეკავდა ოთარ ფარცხალაძე, რეკავდა ლევან ყიფიანი. თიბისი ბანკს ეს ოპერაცია უნდა დაებლოკა, ეს იყო აბსოლუტურად პროცედურის დარღვევა - ის რომ ფირმა 24 საათის გახსნილი იყო, ის რომ ფირმაში 4 მილიონი ასე ერთბაშად არ უნდა გაცემულიყო - მაგრამ ვერ დაბლოკა“, - განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

მისივე თქმით, ის იმედოვნებდა, რომ ბანკი დაიხურებოდა 18:00 საათზე და ამ თანხის გატანას ვერ შეძლებდნენ, თუმცა ზეწოლის შედეგად მოხდა ისე, რომ ბანკმა თანხა გასცა არასამუშაო საათებში - 20:00 საათზე.

„ჩვენ ვფიქრობდით, რომ 18:00 საათზე ბანკი დაიკეტებოდა. ჩვენი გეგმა რა იყო - ეს თანხა იდეობოდა, ისინი მას ვერ გაიტანდნენ, ჩვენთან არ ექნებოდათ პრეტენზია და მერე რაღაცას მოვიმოქმედებდით. გავოცდით, როდესაც ბუცხრიკიძე პირადად მიდის ოპერატორთან ბანკის დახურვის შემდეგ, გაჰყავთ ინდივიდუალურ განყოფილებაში და ჩვენდა გასაოცრად 8 საათზე მაინც გამოაქვთ თანხა“, - განაცხადა ოქუაშვილმა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ფირმის დირექტორებმა თანხა გაიტანეს და მიხვდნენ, რომ სხვა გზა არ ჰქონდათ, ეცადნენ, ეს თანხა ფირმაში წაეღოთ.

„მაგრამ ბანკის შენობიდან რომ გამოვიდნენ, პერიმეტრი კონტროლდებოდა შეიარაღებული ხალხით. ორი დღის შემდეგ დირექტორებმა მითხრეს, რომ მათგან დარჩებოდა სველი წერტილი, რომ ეცადათ თანხის სადმე წაღება. ეს იყო დაყაჩაღება, ეს იყო ქურდობა. უთხრეს, რომ ჩანთას ჩადებდნენ წინა მანქანაში, სადაც კალაშნიკოვი პირდაპირ სკამზე იყო და შეიარაღებული ადამიანი ელოდებოდა და უთხრეს, რომ არ ქონდათ უფლება სახეზე შეეხედათ ამ კაცისთვის. თუმცა სურათი გადაღებულია, მოახერხა სხვამ ხელის კანკალით გადაეღო მათი სურათი. გადაღებულია მანქანაც, ადამიანიც“, - აღნიშნა ზაზა ოქუშვილმა.

მას მიაჩნია, რომ 4 მილიონი წაართვეს არა მის კომპანიას, არამედ თიბისი ბანკს.

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ბრალდებებს ბიძინა ივანიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ამ დროისთვის არ გამოხმაურებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]