weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტყის მცველებმა არჩვი სატყეო სამსახურის უფროსისთვის ჩუქების მიზნით მოკლეს

13:54 ორშაბათი, 15 ოქტომბერი 2018

სააგენტო „რეგინფოს“ ინფორმაციით, ხადორის ხეობაში, ტყის მცველებმა წითელ ნუსხაში შეტანილი არჩვი ახმეტის სატყეო სამსახურის უფროსისთვის, ილია დათუნაშვილისთვის ჩუქების მიზნით მოკლეს. ილია დათუნაშვილი 17 ოქტომბერს 50 წლის ხდება.

ხადორის ჰიდროელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრაკონიერობის ფაქტის გამოვლენის შესახებ სააგენტო „რეგინფომ“ ინფორმაცია დღეს, დილით გაავრცელა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და ახმეტის პოლიციის თანამშრომლებმა, 14 ოქტომბერს, საღამოს, გადამოწმების მიზნით, გააჩერეს მოქალაქეები, რომლებსაც აღმოაჩნდათ რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ჩეზეს მარკის 3 ცალი შაშხანა, სავარაუდოდ საბრძოლო ვაზნებით და ასევე მოკლული და დანაწევრებული 1 ერთეული მამალი არჩვი.

„შემდგომი გადამოწმებით დადგინდა, რომ მოქალაქეები ბ.ქ., ა.ბ. და ვ.ნ. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები იყვნენ. ფაქტის გამოვლენის შემდგომ, მათ დაკავებული თანამდებობები, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს“, - აღნიშნეს სამინისტროში.

ერთ-ერთმა ტყის მცველმა ასლან ბორჩაშვილმა „რეგინფოს“ უთხრა, რომ არჩვი ტყის მცველებს არ მოუკლავთ: „ჩემი შვილი მოდიოდა ტყიდან. 24 წლის არის. მას მოჰქონდა არჩვი. შემთხვევით გავიგეთ და შევესწარით ამ ამბავს“.

ასლან ბორჩაშვილი ასევე უარყოფს ჩვენს მიერ არაერთი წყაროსგან მოპოვებულ ინფორმაციას, რომ ტყის მცველებმა არჩვი უფროსისთვის, ილია დათუნაშვილისთვის, დაბადების დღეზე ჩუქების მიზნით მოკლეს: „რა უფროსი? მას არაფერი დაუვალებია, რა შუაშია ილო“.

ილია დათუნაშვილი 1968 წლის 17 ოქტომბერს არის დაბადებული. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა კახეთის სატყეო სამსახურის მთავარ სპეციალისტად, ლაგოდეხის სატყეო უბნის უფროსად, ამჟამად კი ახმეტის სატყეო უბანს ხელმძღვანელობს.

„არჩვი ამოიღეს გუშინ, 14 ოქტომბერს. მე დაბადების დღეს მაქვს ზეგ, 17 ოქტომბერს. იქამდე 3 დღე იყო. არაფერი ჩემთან არ მოჰქონდათ. ჰკითხეთ პრესცენტრს“, - განაცხადა ილია დათუნაშვილმა.

ერთმანეთთან დაუკავშირებელმა რამდენიმე წყარომ „რეგინფოს“ დაუდასტურა, რომ ილია დათუნაშვილს ტყის მცველებისგან ბრაკონიერობის შედეგად ნანადირევი სხვა დროსაც მიუღია. ილია დათუნაშვილმა ეს ინფორმაციაც უარყო.

არჩვი საქართველოს წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მისი მოკვლის შემთხვევაში, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 30 000 ლარს შეადგენს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საქმე გამოსაძიებლად პოლიციას გადასცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]