weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

„ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა ხადას მემკვიდრეობას განადგურების საფრთხეს უქმნის“

18:04 პარასკევი, 03 ივლისი 2020
ფოტო: Facebook / მწვანე ალტერნატივა ფოტო: Facebook / მწვანე ალტერნატივა

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ აცხადებს, რომ ხადას ხეობა ისევ საფრთხეშია, რადგან, მეცნიერების, ადგილობრივი მოსახლეობისა და სამოქალაქო საზოგადოების მწვავე კრიტიკის, პროტესტისა და მრავალ დარღვევაზე მითითების მიუხედავად, რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის გზის წინასამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

„მწვანე ალტერნატივას“ შეფასებით, სამუშაოების პირველივე ეტაპმა საფრთხე შეუქმნა მთიულეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლს - ნაღვარევის ეკლესიას და ზაქათკარში არქეოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვან, ჯერ სათანადოდ შეუსწავლელ ტერიტორიას. 

„2020 წლის ივნისში ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის მშენებელმა კომპანიამ „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფმა“ ნაღვარევის გვიანი შუა საუკუნეების ძეგლის სიახლოვეში მუშათა საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ნებართვის გარეშე წამოიწყო.

შენობის საძირკვლის მშენებლობა ნაღვარევის ეკლესიიდან დაახლოებით 70 მეტრში მიმდინარეობდა. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ძეგლის სტატუსის მქონე ნაგებობიდან მშენებლობა მინიმუმ 300 მეტრის დაშორებით არის დასაშვები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ ფაქტს ადგილობრივების და სპეციალიტების განგაში მოჰყვა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომაც გამოაცხადა, რომ მშენებლობა უკანონო იყო. ასევე ყურადსაღებია, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს კვლავ არ მიუღია თანხმობა იმ მიწების რეგისტრაციაზე, სადაც გზის მთავარი ნაწილის გაყვანა იგეგმება“, – ნათქვამია „მწვანე ალტერნატივას“ მიერ გავრცელებულ განცხადებში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ნაღვარევის და ზაქათკარის შემთხვევები მხოლოდ ერთეული მაგალითებია იმ გამოუსწორებელი ზიანისა, რაც პროექტს შეუძლია ხეობას და ამით არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ მთელ ქვეყანას მოუტანოს.

„მწვანე ალტერნატივას“ განცხადებით, პროექტის არაკომპეტენტურად განხორციელებაზე მეტყველებს რამდენიმე დღის წინ, ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს ICOMOS-ის განცხადებაც, რომელიც ქვეშეთი-კობის პროექტის განმახორციელებლებს მიუთითებს, მომავალში აღარ გაავრცელონ ინფორმაცია, თითქოს ICOMOS-ი რაიმე სახით ჩართული იყო პროექტის წინასწარ კვლევებში, რადგან ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

გარემოსდამცველები მიიჩნევენ, რომ ქვეშეთი-კობის პროექტის განხორციელება სათანადო კვლევების გარეშე დაიწყო და ის განადგურების სერიოზულ საფრთხეს უქმნის ხადას ისტორიულ მემკვიდრეობას, მათ შორის, მხოლოდ ხადაში აღმოჩენილ, მსოფლიოში უნიკალურ, ძირითადად, X-XI საუკუნეების კოშკებს და ენეოლითის ხანის არქეოლოგიურ ნიმუშებს; მდიდარ ბიიომრავალფეროვნებას, სადაც წარმოდგენილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი არაერთი სახეობა; ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სალაშქრო-ტურისტულ მარშრუტს და ხეობის მასშტაბურ ტურისტულ პოტენციალს; ხადის ისტორიული სოფლების მოსახლეობის კეთილდღეობას.

ექსპერტები, ხეობის უნიკალურობიდან გამომდინარე, ქვეშეთი-კობის მონაკვეთის ალტერანტიული მარშრუტის შემუშავებას ითხოვენ.

„პროექტის გარემოზე შესაძლო მწვავე უარყოფითი ზეგავლენის შესახებ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სპეციალისტებმა არაერთხელ მიმართეს მთავრობას და პროექტის დამფინანსებელ საერთაშორისო ორგანიზაციებს – „აზიის განვითარების ბანკსა“ და „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს“. დაინტერესებული საზოგადოების მკვეთრი პროტესტის მიუხედავად, პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებები აგრძელებენ შერჩეულ მარშრუტზე მუშაობას“, – ნათქვამია „მწვანე ალტერნატივის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, ექსპერტების შეფასებით, პროექტი სათანადოდ არ აფასებს ადგილზე არსებულ გეოლოგიურ და სეისმურ რისკებს.

„ხადას ხეობას საფრთხეს უქმნის სამხრეთ კავკასიიდან რუსეთისკენ მიმავალი, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის მაგისტრალის ქვეშეთი-კობის მონაკვეთი, რომლის აშენებაც სწორედ ამ ხეობის გავლით იგეგმება.

პროექტი საქართველოს 558.6 მილიონი აშშ დოლარი უჯდება, საიდანაც 475 მილიონ აშშ დოლარს სახელმწიფო საერთაშორისო ბანკებიდან სესხულობს. პროექტი ითვალისწინებს პატარა, ისტორიული ძეგლებით მდიდარ ხეობაში 6 ხიდისა და 5 გვირაბის აგებას. მათ შორის, ერთი 9-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა ზღვის დონიდან 1900 მეტრზე გაშენებულ, უნიკალური, ქვის მშრალი წყობით ნაშენები კოშკებით და საცხოვრებლებით მდიდარ ისტორიულ სოფელ წკერესთან იგეგმება“, – ნათქვამია „მწვანე ალტერნატივის“ განცხადებაში.

პროექტი არაერთხელ გააპროტესტა ადგილობრივმა მოსახლეობამ. სასამართლოში შეტანილია სარჩელები ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა და სამშენებლო ნებართვის გაუქმების მოთხოვნით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]