weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2024

ნაღვარევის ეკლესიასთან უკანონო მშენებლობა შეაჩერეს

14:59 ხუთშაბათი, 11 ივნისი 2020

დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაღვარევის ეკლესიის მახლობლად უკანონო მშენებლობა შეაჩერეს. ნაგებობა, რომელიც ხადას ხეობაზე გამავალი გზის მშენებელი კომპანიის მუშათა კორპუსი უნდა ყოფილიყო, საძირკვლის დონეზეა ამოყვანილი.

მშენებლობა 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, საპატრიარქომ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სამუშაოების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც ადგილობრივებმა მშენებლობის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს და სამუშაოების შეჩერება მოითხოვეს. როგორც გაირკვა, მერიას ობიექტის მშნებლობაზე ნებართვა გაცემული არ ჰქონდა და სამუშაოები თვითნებურად, უკანონოდ მიმდინარეობდა. ჯერჯერობით უცნობია, რა ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისრება კომპანიას.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ, რადგან გზის მშენებლ კომპანიას ძეგლი ფიზიკურად არ დაუზიანებია, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის წინაშე ვერ დააყენებენ. სააგენტოში განმარტავენ, რომ მშენებლობა მხოლოდ ძეგლის ვიზუალური დაცვის ზონაში მიმდინარეობდა, რაც კანონის მიხედვით, ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლზე ასმეტრიანი რადიუსით განისაზღვრება.

„ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ამ ადგილზე მშენებლობის გაგრძელება არის დაუშვებელი, რადგან ადგილი იმყოფება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში და ამ მოცულობის ნაგებობის გაჩენა არღვევს ძეგლის მხატვრულ-არქიტექტურულ იერსახეს.

მოვითხოვთ იმას რომ ეს ქვაბული, სადაც რკინა-ბეტონის კონსტრუქციაა დამონტაჟებული, დაიფაროს მიწით და აღდგეს ლანდშაფტის პირვანელი იერსახე, ხოლო ადგილობრივმა თვითმმართველობამ იზრუნოს პერსონალისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფაზე“, – განაცხადა „რეგინფოსთან“ სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ბექა ბარამიძემ.

ბექა ბარამიძის თქმით, ხადას ხეობის გზის მშენებელი კომპანიის სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო დააკვირდება.

„მათ ეყოლებათ არქეოლოგიური ზედამხედველი, რომ მიწის სამუშაოებისას არ დაზიანდეს თეორიულად კულტურული ფენები. სხვა მხრივ ჩვენი მხრიდან მათ უკვე განსაზღვრული აქვთ კულტურული ძეგლების კოორდინატები და პერიოდული მონიტორინგიც განხორციელდება. ჯერჯერობით სხვა ძეგლებს საფრთხე არ ემუქრებათ, მხოლოდ ამ ძეგლს შეექმნა მათი თვითნებობით პრობლემა“, – აღნიშნა ბექა ბარამიძემ.

ნაღვარევის წმ. გიორგის სახელობის ელესია გვიანი შუასაუკუნეების ნაგებობაა. განსაკუთრებულ მხატვრულ ღირსებას მოკლებული ძეგლი ისტორიითაა საყოველთაოდ მნიშვნელოვანი. გადმოცემის მიხედვით სამასმა არაგველმა კრწანისის ბრძოლის წინ ფიცი ამ ეკლესიაში დადო.

ეკლესიას რესტავრაცია 2009 წელს ჩაუტარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]