weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

„გადაარჩინე ხადა“ – ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის წინააღმდეგ საერთაშორისო პეტიცია შეიქმნა

13:32 პარასკევი, 10 ივლისი 2020

„გადავარჩინოთ უნიკალური ხადის ხეობა“ – ასე ჰქვია საერთაშორისო პეტიციას, რომლის ხელმომწერები ითხოვენ, რუსეთისკენ მიმავალი მასშტაბური მაგისტრალი ხადის ხეობის გავლით არ აშენდეს. პეტიციის ადრესატები საქართველოს მთავრობა, ასევე პროექტის დამფინანსებელი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები – აზიის განვითარების ბანკი (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) არიან.

ორენოვანი პეტიცია მთიულეთის სათემო ორგანიზაციის მიერ შეიქმნა. ადგილობრივი აქტივისტების განცხადებით, ერთი წელია სხვადასხვა მეთოდით იბრძვიან იმისთვის, რომ რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის მაგისტრალის ხადის ხეობაზე არ გავიდეს. მათივე თქმით, ადგილობრივი მოსახლეობისა და ექსპერტების მრავალმხრივი პროტესტისა და სასამართლო სარჩელების მიუხედავად, მაგისტრალის წინასამშენებლო სამუშაოები მაინც დაიწყო.

„ვფიქრობთ, ეს არ არის მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ბრძოლა. ამ პროექტის ხადის ხეობაში განხორციელებით დავკარგავთ ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის მემკვიდრეობას. ამიტომ, გთხოვთ, გავერთიანდეთ ხადის დასაცავად და ერთად ჩავუყაროთ საფუძველი მის სწორად განვითარებას“, – აცხადებენ პეტიციის ავტორები.

პეტიციის ტექსტში ნათქვამია, რომ მაგისტრალი საფრთხეს უქმნის ხადის ხეობას და მის განუმეორებელ ბუნებრივ ლანდშაფტს, ზღვის დონიდან 1900 მეტრამდე გაშენებულ სოფლებს და მათ მაცხოვრებლებს, მდიდარ ბიომრავალფეროვნებასა და კულტურულ მემკვიდრეობას - პატარა ხეობაში მოქცეულ ათეულობით კოშკსა და სალოცავს, რომელთა ერთ ჯგუფს მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, ასევე, ჯერ კიდევ შეუსწავლელ არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ ძეგლებს.

პეტიციის ავტორები აღნიშნავენ, რომ გზის მშენებლობას დამღუპველი გავლენა ექნება გარემოზე და ხეობაში ეკოტურიზმის განვითარების პოტენციალზე.

„მშენებლობა შეიძლება შეიცავდეს სეისმურ და გეოლოგიურ რისკებს, რადგან ისინი საპროექტო დოკუმენტაციაში ჯეროვნად არ არის შეფასებული. პროექტის დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ თითქოს მისი ინფრასტრუქტურა მორგებულია კლიმატის ცვლილების შესაძლო შედეგებს, თუმცა, რეალურად, პირიქითაა - პროექტმა შესაძლოა ხელი შუწყოს სხვადასხვა სტიქიური პროცესების (ეროზია, მეწყერი, ზვავი) დაჩქარებას“, – ვკითხულობთ პეტიციის ტექსტში.

პეტიციის ავტორები მიიჩნევენ, რომ მაგისტრალის აშენების ნაცვლად, მთავრობამ ხადის ხეობის ეკო-ტურისტული პოტენციალის გამოყენებაზე უნდა იზრუნოს.

„თბილისიდან საათნახევრის სავალზე მდებარე მაღალმთიანი ხადის ხეობა მნახველებისთვის თითქმის მთელი წელი მისაწვდომია და ის მარტივად შეიძლება იქცეს ეკო-ტურისტულ და საგანმანათლებლო კერად, მუზეუმად ღია ცის ქვეშ. ამის ნაცვლად, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფო 475 მილიონ აშშ დოლარს საერთაშორისო ბანკებიდან სესხულობს, 83.6 მილიონი კი საქართველოს ბიუჯეტიდან იხარჯება. პროექტის დაბალი ეკონომიკური მიმზიდველობა, უარყოფითი გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების ფონზე, კიდევ უფრო სათუოს ხდის მის სიკეთეს ქვეყნისთვის“, – ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციის ავტორები და ხელმომწერები ითხოვენ:

- დაუყოვნებლივ შეჩერდეს ქვეშეთი-კობის გზის მიმდინარე სამშენებლო (მათ შორის მოსამზადებელი) სამუშაოები.

- საზოგადოების ფართო ჩართულობით შემუშავდეს ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ხადის ხეობაზე გამავალი მონაკვეთის ალტერნატივა, რომელიც თავიდან აგვაცილებს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების (ბიომრავალფეროვნების) განადგურებას და მოსახლეობისგან მის დაცლას.

- ალტერნატიული ხეობის შერჩევის შემდეგ, სამშენებლო (მათ შორის მოსამზადებელი) სამუშაოების დაწყებამდე, ჩატარდეს აუცილებელი წინასწარი კვლევები, რათა თავიდან ავიცილოთ პროექტის შესაძლო უარყოფითი ზემოქმედება ადგილობრივ მოსახლეობაზე, კულტურულ და არქეოლოგიურ ძეგლებსა და ბიომრავალფეროვნებაზე.

- გადაიდგას თანმიმდევრული ნაბიჯები, რომ ხადის ხეობა გამოცხადდეს დაცულ ლანდშაფტად, რათა დავიცვათ ხეობაში ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული ურთიერთქმედების შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული გარემო, შევინარჩუნოთ ადგილობრივი ტრადიციული სამეურნეო საქმიანობა და მასთან ერთად განვავითაროთ ხადაში მდგრადი ეკოტურიზმი.

- საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ხადის ხეობის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესატანად წარდგენა.

დაახლოებით ერთი წლის წინ, საქართველოს მთავრობას, აზიის განვითარების ბანკსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს 8 არასამთავრობო ორგანიზაციამაც მიმათა. მათ შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ ქვეშეთი-კობის მაგისტრალის პროექტთან დაკავშირებული ადგილობრივი და ეროვნული რისკები სათანადოდ არაა შესწავლილი, ხოლო საზოგადოების მონაწილეობა ფორმალობამდე იქნა დაყვანილი. ორგანიზაციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო ისეთი ალტერნატიული პროექტის შემუშავება, რომელიც ხადის ხეობასა და მის მოსახლეობას განადგურების საფრთხეს ააცილებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]