როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლის კერები ოთხი დღის წინ ლიკვიდირებული ხანძრიდან მოშორებით, მეორე მთის ფერდობზე გაჩნდა. იწვის ტყის ქვედა საფარი, ეკალბარდი და ბუჩქნარი. ხანძრის გავრცელების მასშტაბები ამ დროისთვის უცნობია.
„ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია 50 მეხანძრე-მაშველი ინდივიდუალური აღჭურვილობით და მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის ინტენსიური სამუშაოები. დამატებითი ძალების მობილიზება ხდება თბილისიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან. ხანძრის ქრობის სამუშაოებში, ადგილზე მყოფ 50 მეხანძრეს გვიან ღამით, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის – დავით სუხიშვილის ხელმძღვანელობით, 100-კაციანი ჯგუფი შეუერთდება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
უწყების ინფორმაციით, ხანძრის ქრობაში საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ვერტმფრენი.