weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

NGO-ები მთავრობას მოუწოდებენ, ნამოხვანჰესის სამშენებლო სამუშაოები შეაჩეროს

11:13 ორშაბათი, 16 ნოემბერი 2020
Mtisambebi.ge-ის ფოტო Mtisambebi.ge-ის ფოტო

არასამთავრობო ორგანიზაციები – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), მწვანე ალტერნატივა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) – ეხმაურებიან ნამოხვანი ჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა საპოლიციო ძალის გამოყენებით დაშალას და მთავრობას მოუწოდებენ, შეწყვიტოს რეპრესიული მეთოდების გამოყენება.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2020 წლის 14 ნოემბერს, სახელმწიფომ სოფელ ჟონეთში ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამართული აქცია საპოლიციო ძალის გამოყენებით დაშალა. ადგილობრივი მაცხოვრებლები ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ენერგეტიკული პროექტის წინააღმდეგ ორგანიზდებიან და აპროტესტებენ გარემოზე ჰესის მაღალი ზეგავლენისა და ადგილობრივი მოსახლეობის წუხილების სახელმწიფოს მხრიდან იგნორირებას,სახელმწიფო კი, მათთან დიალოგის ნაცვლად, პროტესტის ჩასახშობად საპოლიციო ძალას იყენებს და რეპრესიული მეთოდებით ცდილობს ადგილობრივების სამართლიანი წინააღმდეგობის დაძლევას.

რიონის ხეობის სოფლებში მცხოვრებლები უკვე 21-ე დღეა ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობას აპროტესტებენ. ჰესის მოწინააღმდეგეები ადგილზე მორიგეობის დაწესებით ცდილობენ მშენებლობის პროცესის შეჩერებას და ღამეს კარვებში ათევენ. მოსახლეობა სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას ითხოვს, რომელსაც კომპანია მოსამზადებელი სამუშაოების სახელით ახორციელებს. თუმცა, ამ დრომდე კომპანიას არ აქვს წარმოდგენილი არსებითი ხასიათის დოკუმენტაცია და ექსპერტული კვლევები მშენებარე ჰესის ზეგავლენის შესახებ, თუმცა, მის მიერ დაწყებული ე.წ. მოსამზადებელი სამუშაოები არსებით ჩარევას გულისხმობს და მნიშვნელოვნად გარდაქმნის ადგილობრივ ბუნებრივ და სოციალურ გარემოს. 

ადგილობრივი მოსახლეობა სახელმწიფოს პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრას და საკუთარი წუხილების გაზიარების შესაძლებლობას ითხოვს, თუმცა, დიალოგის პროცესის დაწყების ნაცვლად, ადგილობრივების განმარტებით, ხეობაში 100-მდე პოლიციელი მობილიზდა და აქციის მონაწილეები, მათ შორის, ხანდაზმულები, ქალები და ბავშვები, ფიზიკური ძალის გამოყენებით გადაიყვანა სავალი გზიდან.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციასა და ადგილობრივებზე დაყრდნობით, პოლიციასთან დაპირისპირების პროცესში აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა.

ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობა წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე იგეგმება. ნამახვანი ჰესების კასკადი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ენერგეტიკული პროექტია და მისი დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მგვტ.-ს შეადგენს. კასკადი მდინარე რიონის ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს. პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, მაღალია მისი პოტენციური ზეგავლენა ადგილობრივ სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე, ისევე როგორც ზეგავლენასთან დაკავშირებული რისკები. კომპანიის მიერ მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ ქვემო ნამახვანის პროექტის განხორციელება დაკავშირებული იქნება მნიშვნელოვანი რაოდენობის მიწის დაკარგვასთან, რაც ძირითადად გამოწვეულია 610 ჰა სარკის ზედაპირის მქონე წყალსაცავის მოწყობით. იქვე აღნიშნულია, რომ პროექტი ფიზიკური და ეკონომიკური განსახლების თვალსაზრისით მაღალი რისკის მატარებელია, წყალსაცავის წყლით დაიტბორება და ფიზიკურ განსახლებას ექვემდებარება 100 ოჯახი. კიდევ უფრო მეტი ოჯახი დაექვემდებარება პროექტის არაპირდაპირ ზეგავლენას. ამასთან, პროექტს თან ახლავს სერიოზული სეისმური რისკიც; ექსპერტების შეფასებით, ნამახვანის და ტვიშის კაშხლების კასკადი 5 მაგნიტუდის მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს, მაშინ, როცა რაჭაში 1991 წელს 7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ არ უზრუნველყო პროექტის ადამიანების ჯანმრთელობისა და გარემოს უსაფრთხოებისათვის შესამოწმებლად კანონითა და პროექტის სკოპინგის დასკვნით სავალდებულო კვლევების ჩატარება, შესაბამისად ნამახვანი ჰესების კასკადის გარემოზე ზემოქმედების ხასიათი და მასშტაბი კომპანიისა და სახელმწიფოს მხრიდან სათანადოდ გამოკვლეული არ არის. მიუხედავად ამისა, 2020 წლის 28 თებერვალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა და ნებართვის მფლობელს კრიტიკულად მნიშვნელოვანი და კანონით სავალდებულო ინფორმაციის წარმოდგენა გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაავალა, რაც ამ დრომდე წარმოდგენილი არ არის.

ნიშანდობლივია ისიც, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვაც, თავის მხრივ, ითვალისწინებს მთელ რიგ დოკუმენტაციას, რომელიც კომპანიამ მშენებლობის დაწყებამდე უნდა წარმოადგინოს. შესაბამისად, ამ ეტაპზე ვიღებთ მდგომარეობას, როდესაც კომპანია ფაქტობრივად ჰესის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს იმ პირობებში, როდესაც, მშენებლობის ნებართვითა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით მოთხოვნილი არსებითი მნიშვნელობის კვლევები და დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ აქვს.

იმ ფონზე, როდესაც ადგილობრივ მოსახლეობას, საზოგადოებას და დარგის სპეციალისტებს არაერთი კრიტიკული დასკვნა და შეკითხვა აქვთ როგორც ჰესის მშენებლობის კანონიერების, ისე მისი უკიდურესად მაღალი ზეგავლენისა და რისკების შესახებ მასშტაბური ენერგეტიკული პროექტის მშენებლობა გაუმჭვირვალედ და ამ შეკითხვებისა და მოსაზრებების იგნორირებით, შეუფერხებლად მიმდინარეობს. ხელისუფლება ადგილობრივი მოსახლეობის წუხილებსა და მშვიდობიან პროტესტზე პასუხად რეპრესიულ მეთოდებს იყენებს და საპოლიციო ძალის მეშვეობით ცდილობს ადგილობრივების პროტესტის ჩახშობას, რითაც უხეშად არღვევს პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას:

- შეწყვიტოს რეპრესიული მეთოდების გამოყენება ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდობიანი და სამართლიანი პროტესტის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ შექმნას მოსახლეობასთან, ფართო საზოგადოებასთან და დარგის სპეციალისტებთან განგრძობადი და რეალური დიალოგის ფორმატი;

- უზრუნველყოს ნამახვანი ჰესის სამშენებლო სამუშაოების შეჩერება ფართო საზოგადოებრივ ჯგუფებთან და განსაკუთრებით ადგილობრივ მოსახლეობასთან ჯეროვანი კონსულტაციების გამართვამდე და კომპანიის მხრიდან ჰესის შესაძლო ზეგავლენის თაობაზე არსებითი ხასიათის დოკუმენტაციისა და კვლევების წარმოდგენამდე;

მოვუწოდებთ სასამართლოს:

- უზრუნველყოს წარმოებაში მიღებული სარჩელის დროული და მიუკერძოებელი განხილვა, რათა ადგილობრივებს მიეცეთ მათი უფლებების სამართლებრივი გზებით დროულად გადაწყვეტის შესაძლებლობა.

მოვუწოდებთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მედია ორგანიზაციებს:

- აქტიურად დაინტერესდნენ ნამახვანის ჰესის პროექტის კანონიერებისა და მისი შესაძლო ზეგავლენის საკითხებით და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი ადგილობრივი მოსახლეობის წუხილების მხარდაჭერისა და ნამახვანის ჰესის მშენებლობის პრობლემურობის დღის წესრიგში დაყენების მიზნით;

ხელმომწერი ორგანიზაციები: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); მწვანე ალტერნატივა; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]