weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ბახმაროში „ბახვი 1“ ჰესის მშენებლობის საკითხი კვლავ გააქტიურდა

18:23 ხუთშაბათი, 29 აპრილი 2021
გიორგი ნიკოლავას ფოტო გიორგი ნიკოლავას ფოტო

აპრილიდან, „ბახვი ჰესი” კვლავ დაუბრუნდა სკოპინგის ანგარიშის ეტაპს და აქტივისტები კვლავ ეწინააღმდეგებიან ჰესის აშენებას. ინვესტორ კომპანია „სი-სი-ი ეიჩ ჰიდრო VI”-ს ორი თვე ჰქონდა 22-პუნქტიან სიაზე პასუხების გასაცემად თუ რა სარგებელს მიიღებდა ადგილობრივი მოსახლეობა, როგორი იქნებოდა ეკოლოგიური ზიანის მასშტაბები და რა შეიცვლებოდა სინამდვილეში. კითხვების უმეტესობა ისევ კითხვებად დარჩა, თუმცა ერთი რამ ცალსახად ცხადია - კომპანია „ბახვი ჰესის” მშენებლობას ძველებურად ბახმაროს რეკრეაციულ ზონაში აპირებს და ბევრი საკითხის დაზუსტებას შემდეგ, გზშ-ს ეტაპზე გეგმავს. 

ბახმაროდან 2.5 კილომეტრში, მდინარე ბახვისწყალზე 12 მეგავატი სიმძლავრის „ბახვი 1“ ჰესის ასაშენებლად, „სი-სი-ი ეიჩ ჰიდრო VI”-ს უნდა დაესაბუთებინა ჰიდროელექტროსადგურის განთავსების მიზანშეწონილობა, რაზეც კომპანია პასუხობს: „პროექტის განხორციელება ბიოლოგიურ გარემოზე შეუქცევად ზემოქმედებასთან დიდი ალბათობით დაკავშირებული არ იქნება, ზემოქმედების რისკების საბოლოო შეფასება და შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებები კი მოცემული იქნება გარემოსდაცვით ზემოქმედების შეფასების ანგარიშში (გზშ)”. 

დოკუმენტის ამ ნაწილში, კომპანია ხაზს უსვამს, რომ რადგან ჰესის ასაშენებელი ადგილი შედის „გურიის დაცული ტერიტორიის წინასწარი საზღვრების შემადგენლობაში“, იგი ითანამშრომლებს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF), რომელსაც საკითხის შესასწავლად კიდევ 2 წელი სჭირდება და თავის დასკვნას 2023 წლის ივნისში გასცემს. 

ბახმარო, სადაც ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს მთისა და ზღვის ჰავა, წიწვოვანი მცენარეებითაა გარშემორტყმული და მხოლოდ 1 და 2 სართულიანი სახლებია აშენებული. ამ ბუნებრივმა პირობებმა მოსახლეობას ტურიზმის განვითარების შესაძლებლობა მისცა და ახლა ადგილობრივები შიშობენ, რომ ჰესის მშენებლობა ამ გარემოს დააზიანებს. ამასთან, ბუნდოვანია, რა სარგებელს მიიღებენ ბახმაროელები ჰესის მშენებლობით, რადგან როგორც დოკუმენტშია მითითებული: „პროექტი ვერ უზრუნველყოფს, რეგიონის მოსახლეობას საკმარისი სამუშაო ადგილებით, თუმცა შეამსუბუქებს ახლომდებარე დასახლების მდგომარეობას, ამ მხრივ, შექმნის რა როგორც დროებით ასევე მუდმივი დასაქმების შესაძლებლობებს”.

რაც შეეხება ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ადგილობრივებისთვის მიწოდებას, ინვესტორი კომპანია ამბობს, რომ წელიწადში 8 თვე, სექტემბრიდან აპრილის ჩათვლით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ელექტროენერგიას მიიღებს, თუმცა არაფერია ნათქვამი ელექტროენერგიის ტარიფსა და სხვა დეტალებზე.

„ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ელექტრომოხმარების ციფრებს თუ გავითვალისწინებით, ვნახავთ, რომ ოზურგეთის მოხმარება 2020 წელს იყო დაახლოებით 85.3 გვტსთ, რომლის 60%-ის უზრუნველყოფაც შეუძლია ბახვი 1 ჰესს მისი საპროგნოზო მონაცემების გათვალისწინებით“, - აღნიშნულია დოკუმენტში. 

დოკუმენტში, 22 პუნქტის დიდი ნაწილი ეთმობა ბახმაროს მიკრო კლიმატს და წყალშეგუბებით გამოწვეული სარკისებური ეფექტის საფრთხეს, ასევე მდინარის 4.5 კმ-იანი დერივაციულ მილში გატარებას, რაც ადგილობრივების აზრით, დააზიანებს ბახმაროს უნიკალურ კლიმატს, შეცვლის მდინარის კალაპოტს და კურორტზე მოიმატებს ჰაერის ტენიანობა. 

ჰიდროენერგეტიკოსი ვახტანგ ზარქუა ამბობს, რომ მდინარის ე.წ დერივაციულ მილში გატარებით, ის უბანი, სადაც ადრე წყალი მიედინებოდა, შესაძლოა, წყლის ბუნებრივი ნაკადის გარეშე დარჩეს. თავსხმა წვიმების დროს ჩამოტანილ ნაშალ მასალას: ქვას, ლოდს და ღორღს წყალი ვეღარ ჩარეცხავს, დაგროვდება და მდინარის კალაპოტს შეცვლის“. 

კომპანია დერივაციულ მილში მდინარის გატარების რისკებზე არაფერს ამბობს, თუმცა ეხმაურება წყლის სარკისებური აორთქლების საკითხის. ინვესტორის თქმით, ისეთი მცირე ჰესისთვის როგორიც „ბახვი 1“-ია (12 მეგავატი) არ არსებობს შესწავლის მეთოდოლოგია, რადგან „სარკის ზედაპირი იმდენად მცირეა, რომ ის ვერ ახდენს ზეგავლენას ტერიტორიის კლიმატის ცვლილებაზე“. 

„წყლის შეგუბების გავლენა შესაძლოა იყოს უმნიშვნელო, მაქსიმუმ 200 მ რადიუსით“, - ნათქვამია დოკუმენტში. 

დოკუმენტის მე-4 პუნქტი ბახმაროს ბიომრავალფეროვნების, ხე-მცენარეების, წყალმცენარეების და მდინარის წყლის ბინადრების შენარჩუნებას ეხება. კომპანია ერთი მხრივ, ამბობს რომ არც წიწოვანი და არც ფოთლოვანი ხე-მცენარეების მოჭრა არ იგეგმება, ხოლო მეორე მხრივ, ეწინააღმდეგება ამ პუნტქში თავისივე გამოთქმულ მოსაზრებას და ამ საკითხის შესწავლას გზშ-ს ეტაპზე აპირებს. 

კომპანია პირობას დებს, რომ „მცენარეთა სახეობებს შორის დომინანტია მურყანი, ჭრას დაექვემდებარება წიწვოვანი სახეობების მხოლოდ ერთეული ეგზემპლარები და შეიძლება მოიჭრას რამდენიმე ახალგაზრდა ნაძვის ძირი, საკომპენსაციო რგვის პრინციპით კი მოჭრილი ერთი ხის სანაცვლოდ მინიმუმ სამი იმავე სახეობის ხე დაირგვება.“

ასევე, კომპანია კვლავ გზშ-ის ეტაპზე გეგმავს მდინარე ბახვისწყლის ნაკადულის კალმახის საცხოვრებელი პირობების შესწავლას, რადგან „მდინარეში წყლის დონის შემცირება უარყოფით გავლენას მოახდენს იქთიოფაუნაზე“, რაც იმას ნიშნავს, რომ ბახვისწყალში შემცირდება თევზის სასიცოცხლო არეალი და საფრთხე შეექმნება სახეობის არსებობას. 

„თევზს შეუნარჩუნდება ბუნებრივი საარსებო პირობები, მოეწყობა ე.წ თევზსავალი, იქთიოფაუნაზე ზემოქმედების რისკების შემცირების მიზნით, დაგეგმილი და განხორციელებული იქნება შესაბამისი შემარბილებელი და საკომპენსაციო ღონისძიებები, რაც განისაზღვრება გზშ-ის ეტაპზე“, - ნათქვამია დოკუმენტში. 

ინვესტორ კომპანიას პასუხი არც ბახმაროს სეისმოლოგიურ მდგომარეობაზე აქვს, რადგან „სეისმომედეგობის კვლევების დასრულებას 2021 წლის დეკემბერში“ ელოდება, იქამდე კი 2009 წლის რუკით ხელმძღვანელობს, რომელიც უკვე მოძველებულია. 

დამატებითი მოკვლევიდან 2 თვის შემდეგ, ინვესტორმა კომპანიამ პოზიცია მხოლოდ ერთ საკითხზე შეცვალა. „სათავე ნაგებობის სამშენებლო ბანაკის და ფუჭი ქანების სანაყაროს განთავსების ადგილები და სამშენებლო ბანაკი გატანილია კურორტის სარეკრეაციო ზონის გარეთ. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე არ იქნება მოქცეული, ასევე ჰესის სათავე ნაგებობები და სამშენებლო ბანაკი“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ბახმაროში ჰესის აშენებას აპროტესტებდა და ამისთვის პეტიციაც შექმნა „არა ჰესს ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე“, სამოქალაქო აქტივისტი და გარემოს დაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკოს“ თავჯდომარე ირმა გორდელაძეა, რომლისთვისაც კომპანიის პასუხები დამაკმაყოფილებელი არ არის.

„საიდან ამტკიცებენ, რომ ჰესი რეკრეაციულ ზონაში არ არის, კომპანიის მოწოდებულ დოკუმენტში, ისეთი პუნქტია ჩასწორებული, რაც მეორეხარისხოვანია და არაფერს ცვლის, მთავარი რაც იყო უცვლელია, ჰესის აშენება უნდათ და წყალშეგუბება ისეც რეკრეაციულ ზონაში ექცევა“ -ამბობს გორდელაძე.

სკოპინგის განხილვის პროცესში სამინისტროს, ინვესტორი კომპანიის და ადგილობრივების გარდა, ჩართულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია. მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მიიჩნევს, რომ საკურორტო-რეკრეაციული ზონის სტატუსი ჰესის აშენებისთვის დამაბრკოლებელი სულაც არ არის. ეს პოზიცია კი მას შემდეგ აქვს, რაც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წერილობით დაუდასტურა, რომ საქართველოს კანონმდებლობით რეკრეაციულ ზონაში შესაძლებელია ენერგეტიკული ტიპის ობიექტების აშენება, მათ შორის ჰესის სათავე ნაგებობის, გადამცემი ხაზის და სხვ. 

„სამინისტროდან მიღებული პასუხებით და მიღებული დოკუმენტაციით ჩანს, რომ თავსებადობის თვალსაზრისით და კანონმდებლობის მიხედვით ჰესის აშენების პრობლემა არ დგას. გარემოს დაცვითი კუთხით რა პრობლემებია, ამაზე უნდა იმსჯელოს უკვე მთავრობამ, ეკოლოგიური კუთხით ჩვენი კომპეტენცია არ არის“ , - ამბობს კუჭავა.

მიუხედავად სამინისტროს მტკიცებისა, ფაქტია, რომ ბახმაროს, ევროპის ყველაზე მაღალმთიან კურორტს, რეკრეაციული ზონის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. საქართველოს მთავრობის N261 დადგენილებით, რომელიც ტერიტორიების განაშენიანებასა და გამოყენებას არეგულირებს, საკურორტო-სარეკრეაციო ზონაში ნებადართულია მხოლოდ დასასვენებელი, კვების, გასართობი, ჯანდაცვისა თუ სასპორტო ტიპის ობიექტების განთავსება.

ჰესის მშენებლობებთან დაკავშირებულ პრობლემებს მავნებლური ენერგეტიკული პოლიტიკის შედეგს უწოდებს ჰიდროენერგეტიკოსი ვახტანგ ზარქუა. მისი თქმით, „ბახვი 1“ ჰესის შემთხვევაში პრობლემა ის კი არ არის, პროექტი ტექნიკურად, ეკონომიკურად, გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მისაღებია თუ არა, არამედ პრობლემა ისაა, რომ პოლიტიკური უსამართლობის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა გათიშულია პროცესებს. 

ზარქუა თავად ესწრებოდა სკოპინგის ანგარიშის ონლაინ განხილვას 2 თვის წინ, პროექტის განსახილველად 29 იანვარს, ონლაინ რეჟიმში მხოლოდ 35 ადამიანი შეიკრიბა, რომელთაგან 5 სამინისტროს თანამშრომელი და 2 კომპანიის წარმომადგენელი იყო. ჰესის საკითხი განიხილეს, საჯარო შეხვედრა ჩატარებულად გამოაცხადეს და შემდეგ ეტაპზეც უხმაუროდ გადავიდოდნენ, რომ არა ადგილობრივების პროტესტი. ზარქუას თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას თავს იძულებით ახვევენ თბილისში გაკეთებულ პროექტებს, რის შემდეგაც, უნდათ თუ არა ეს ადგილობრივებს, მოდიან ვიღაც ინვესტორები, გარემოს დაცვის და ეკონომიკის სამინისტროდან აღებული „ნებართვებით“ და იწყებენ ჰესის მშენებლობას. 

„გარემოს დაცვის სამინსიტრო ხომ საერთოდ არ გვყავს, ისეთ რაღაცებს აწერს ხელს, რაც წარმოუდგენელია, მოვა ნორმალური ხელისუფლება, შეიცვლება პოლიტიკური ვითარება და ამაზე თითოეული მათგანი აგებს პასუხს“, - ამბობს ზარქუა. 

ორი თვის წინ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პირველად თავის ვებ-გვერდზე გაასაჯაროვა ე.წ სკოპინგის ანგარიში, რომელიც კომპანია „სერბერუს ფრონტიერის“ მიერ დაფუძნებული შპს „სი-სი-ი-ეიჩ ჰიდრო VI“ დაკვეთით, შპს „გამა კონსალტინგმა“ მოამზადა.

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, „ბახვი 1“ ჰესი, დერივაციული ტიპის უნდა იყოს, რაც ტერიტორიაზე ორი სათავე ნაგებობის, სამარაგო რეზერვუარის და სადაწნეო მილსადენის მოწყობას გულისხმობს.

მდინარე ბახვისწყალი, ინვესტორებისთვის ყოველთვის მიმზიდველი იყო. იქ ჯამში 5 ჰესის აშენება იგეგმებოდა, რადგან 42 კილომეტრის სიგრძის მდინარე, ერთმანეთის მიყოლებით ჰესების კასკადის აგების შესაძლებლობას იძლევა, რითაც ჰიდროელექტროსადგურებზე ენერგიის გამომუშავების სიმძლავრე მატულობს. ამჟამად, მდინარე ბახვისწყალზე მხოლოდ ერთი „ბახვი 3“ ჰესი ფუნქციონირებს, რომელიც 2012 წელს აშენდა და ორჯერ მეწყერის გამო დაზიანდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]