weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

გაუგებარია რატომ გადაიზარდა ეს ყველაფერი ქუჩაში – ბითაძე ნამახვანჰესის აქციაზე

13:12 ორშაბათი, 24 მაისი 2021

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, ნამახვანჰესთან დაკავშირებით პროტესტი ქუჩაში რატომ მიმდინარეობს. ბითაძე ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მიერ თბილისში გუშინ გამართულ აქციას და მათ მიერ დაყენებულ მოთხოვნებს გამოეხმაურა.

„სხვადასხვა გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური გარემოსდაცვითი ექსპერტები ხელახლა აკეთებენ პროცესის მონიტორინგს, დაიწყო მედიაცია ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლის მიერ.

შესაბამისად, ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვის აბსოლუტურად გაუგებარია რატომ გადაიზარდა ეს ყველაფერი ქუჩაში, რატომ ვისმენთ ჩვენ კვლავ პოლიტიკურ და ძალადობრივ განცხადებებს ქუჩიდან“, – განაცხადა ბითაძემ ჟურნალისტებთან.

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ რიონის ხეობაში შვიდთვიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ, საპროტესტო აქცია გუშინ თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა. აქციის ორგანიზტორის და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, დედაქალაქში აქცია გაიმართა იმის გამო, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის შესაძლებლობა აღარ არსებობს. აქციის მოთხოვნებია: კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული. ასევე, აქციის მონაწილეები ითხოვენ ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადებას, ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას გადადგომას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ნამახვანჰესის პროექტის დოკუმენტაციის მომზადებაში და ხელი მოაწერა კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას.

აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს და პროტესტის 209-ე ღამე იქ გაათენეს. მათ დღეს, 12:00 საათამდე მისცეს ხელისუფლებას ვადა მათი მოთხოვნების შესასრულებლად, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, მსვლელობების გამართვა და დედაქალაქის პიკეტირება/პარალიზება დააანონსეს.

დღეს აქციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია და სახელმწიფოს ექნება შესაბამისი რეაგირება მათ მიმართ, ვინც კანონის ფარგლებს მიღმა გადავა.

რიონის ხეობაში ნამახვანჰესის წინააღმდეგ უწყვეტი აქცია შვიდი თვის წინ დაიწყო. მანამდე, ადგილობრივებმა ჰესის მშენებლობაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები და ნებართვები სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა ერთი წლის წინ შეტანილი სარჩელის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს დღემდე არ დაუწყია.

ხელისუფლებას რიონის ხეობის მცხოვრებთა პროტესტზე მხოლოდ მას შემდეგ ჰქონდა რეაგირება, რაც მიმდინარე წლის თებერვალსა და მარტში, ქუთაისის ცენტრში მრავალათასიანი აქციები გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, პროტესტი მონაწილეებს დიალოგი შესთავაზეს. 15 აპრილს, საპროტესტო მოძრაობის ლიდერებმა სამი პირობა დააყენეს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, თანახმა იყვნენ დიალოგის გაგრძელებაზე. ეს მოთხოვნები იყო: რიონის ხეობიდან პოლიციის გაყვანა და გუმათში აღმართული რკინის კედლის აღება; ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების სრულად შეწყვეტა; აქტივისტებისთვის ნამოხვანში დაბრუნებისა და კარვების დადგმის უფლების მიცემა. 24 აპრილს მთავრობამ ნამახვანჰესის მოწინაღმდეგეებს მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა, რის გამოც მათ თბილისის საპროტესტო აქცია დააანოსნეს.

24 მარტის განცხადებაში მთავრობა ამბობს, რომ ჰესის კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადებულია მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. პარალელურად, მთავრობამ არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩართვის მიზნით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორის მოადგილე მოიწვია. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა „ენკა რინიუებლზთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა იუსტიციის სამინისტროს დაავალა.

პარალელურად, რიონის ხეობაში ინვესტორი კომპანია მასშტაბურ მშენებლობას ახორციელებს, რასაც ის და მთავრობა „მოსამზადებელ სამუშაოებს“ უწოდებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]