weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

რა ხდება ნამახვანჰესის გარშემო - მედიაციის გაუხმაურებელი დეტალები

19:19 ორშაბათი, 16 აგვისტო 2021

რა არის მთავარი საკითხები ნამახვანჰესთან დაკავშირებით, რაზეც ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეწყობით, ჰესის მოწინააღმდეგეები და მთავრობის წარმომადგენლები უკვე ორი თვეა დახურულ შეხვედრებზე მსჯელობენ? რატომ არ ჩაერთო ნამახვანჰესის მშენებელი „ენკა“ მედიაციაში და როგორ აუხსნა მხარეებს კომპანიის უარი ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ? რა შესრულდა და რა არა დასმული მოთხოვნებიდან? რის გამო ეწინააღმდეგება მთავრობა, რომ ნამახვანჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტების რევიზია ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისიამ განახორციელოს?

მთავრობამ რიონის ხეობის გადარჩენის მოძრაობასთან და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მედიაციისთვის ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელი 24 აპრილს მოიწვია. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ნამახვანჰესის საწინააღმდეგოდ გამართული ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლები ქუთაისში და აქტივისტების უწყვეტი პროტესტი ნამოხვანსა და გუმათში.

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამავლობით, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს შორის, პირველი შეხვედრა 12 ივნისს, ნატახტარში გაიმართა. შეხვედრას ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვისა და მოლაპარაკებების ცენტრის თავმჯდომარე დირკ ბუშლე ხელმძღვანელობდა.

არასამთავრობოების მოთხოვნით, მედიაციისთვის მნიშვნელოვანი იყო სამი მთავარი საკითხის გადაწყვეტა:

  1. ვითარების განმუხტვა რიონის ხეობაში;
  2. ნამახვანჰესის საპროექტო დოკუმენტაციისა და ხელშეკრულების რევიზია დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების მიერ;
  3. საქართველოს ენერგოუსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავება.

ვითარების განსამუხტად:

  • მთავრობას რიონის ხეობაში, სოფელ გუმათთან ბლოკპოსტი უნდა მოეხსნა;
  • მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტებსა და სხვა მოქალაქეებს ნამოხვანის მიმართულებით თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა უნდა მისცემოდათ;
  • ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს უნდა შეძლებოდათ დაბრუნებულიყვნენ ნამოხვანში, პროტესტის გამართვის თავდაპირველ ადგილას;
  • პოლიციას უნდა შეეწყვიტა რეპრესიები აქტივისტების მიმართ;
  • უნდა შეჩერებულიყო ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები.

ჰესის მშენებლობის შესაჩერებლად არასამთავრობო ორგანიზაციებმა მთავრობას შესთავაზეს, სამშენებლო სამუშაოები შეემოწმებინათ, არსებული განგრძობითი დარღვევები კი შეჩერების საფუძველი გახდებოდა. მოლაპარაკების პროცესში ჩართულმა გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, რომ ინსპექტირებას ვერ განახორციელებდნენ, რადგან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები კორონავირუსით დაინფიცირდნენ. შეთანხმდნენ, რომ სამშენებლო სამუშაოების შეჩერებაზე მომდევნო შეხვედრებზე იმსჯელებდნენ. ინფორმაცია ინსპექტირებაზე უარის თქმის მიზეზის შესახებ, „მთის ამბებს“ გარემოს დაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

17 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ გუმათში, ქუთაისი-ალპანის გზაზე დადგმული რკინის ჯებირები აიღო, თუმცა საპოლიციო კონტროლი შენარჩუნდა. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს გუმათში კარვები 11 აპრილიდან აქვთ გაშლილი, მას შემდეგ, რაც ისინი ნამოხვანიდან აყარეს. ამ ადგილას პოლიციელები რკინის ჯებირების აღების შემდეგაც აჩერებენ ნამოხვანის მიმართულებით მიმავალ ადამიანებს და ამოწმებენ. „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტებს კი ხეობაში უმეტესად არ უშვებენ „მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების“ საბაბით.

19 ივნისს, იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებს რიონის ხეობის სოფლებში ჟონეთსა და ნამოხვანში პროტესტის გასაგრძელებლად 13 ადგილი შესთავაზეს.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერებმა კარვის გასაშლელად მთავრობის მიერ მითითებული ადგილები პოლიციის თანხლებით დაათვალიერეს, თუმცა მათთვის მისაღები არცერთი არ აღმოჩნდა. ვარლამ გოლეთიანის თქმით, ზოგ ადგილას კარვის გაშლა შეუძლებელი ან სახიფათოა, ზოგან კი სატელეფონო კავშირი არ არის. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს სოფელ ნამოხვანში, პროტესტის თავდაპირველ ადგილას დაბრუნება სურთ, სადაც მათი კარვები პოლიციამ 11 აპრილს დაარბია, ჰესის მშენებელმა კომპანიამ კი ტერიტორია ექსკავატორებით გადათხარა.

21 ივლისს, პატიმრობიდან სამ-სამი ათასლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტები ირაკლი მუკბანიანი და დავით ხუციშვილი. პროკურატურა მათ პოლიციელებზე თავდასხმას ედავებოდა. 29 წლის ირაკლი მუკბანიანი 1-ელი ივნისიდან იყო დაკავებული, დავით ხუციშვილი კი 10 ივნისიდან.

მედიაციის პირველივე შეხვედრიდან მალევე კომპანია „ენკამ“ ნამოხვანში გიგანტური ჰესის სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა. სამშენებლო მოედნებიდან ტექნიკის გაყვანამდე, „ენკას“ სატვირთო მანქანების თითქმის ყველა მძღოლი ტელეფონით იღებდა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტების ფიზიკურ წინააღმდეგობას, როცა „ენკას“ მანქანებს ხეობაში არ უშვებდნენ და წინ უდგებოდნენ.

ნამახვანჰესის გარშემო შექმნილი კრიზისის დასაძლევად, ივნისსა და ივლისში დაახლოებით 10 შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. შეხვედრებში მონაწილეობენ: მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერები; არასამთავრობო ორგანიზაციები - მწვანე ალტერნატივასოციალური სამართლიანობის ცენტრი; ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები; მწვანეები; პლატფორმა - სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის; მთავრობას წარმოადგენენ - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი; იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე; საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კასპიისა და შავი ზღვის რეგიონების ენერგეტიკისა და ტრანზიტის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე; სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი. პირველ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენელი მურმან მარგველაშვილი და საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი, რომლებიც ნამახვანჰესის მშენებლობას ლობირებენ. არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით, ისინი მეორე შეხვედრიდან წინარე მედიაციის პროცესში აღარ მონაწილეობენ, რადგან პირველი შეხვედრის მოლაპარაკების დეტალები გაასაჯაროვეს, რითაც მედიაციის წესები დაარღვიეს.

შეთავაზების მიუხედავად ნამახვანჰესის მშენებელმა კომპანიამ მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა და არცერთ შეხვედრას არ დასწრებია, არადა, საქართველოს მთავრობის ჩარევით „ენკას“ ქართველ დირექტორად დანიშნული მერაბ ლომინაძე მანამდე ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს დიალოგისკენ საჯაროდ მოუწოდებდა.

„თუ ეს არის კითხვები, რომელიც ეხება გარემოს დაცვას, სეისმოლოგიას, სოციალურ პაკეტს, ამ შემთხვევაში მე პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს არის კითხვები ჩვენთან და არა სახელმწიფოსთან, მაგრამ თუ მათ დღის წესრიგში არის პოლიტიკური ელფერის შემოტანა ამ პროცესებში, მაშინ ჩვენ ვერაფერს ვიზამთ. კამათი შობს ჭეშმარიტებას. მე ვარლამსა და მის სამეგობროს მოვუწოდებ, რომ ჩვენ შევხვდეთ, დავსხდეთ, გნებავთ კამერებით, გნებავთ კამერების გარეშე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანმა უარი თქვას საკუთარი სიტყვისა და აზრის გამოხატვის უფლებაზე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის პროტესტს წყვეტს, მაგრამ აუცილებელია დიალოგის დაწყება, აუცილებელია მხარეების მოსმენა. აქვე ვიტყვი, თუ ვარლამს არ აქვს ჩემთან კითხვები, მე მაქვს მასთან კითხვები და როგორც ერთ-ერთ რიგით მოქალაქეს დიდი სურვილი მაქვს, ამისათვის ყველა შესაძლებლობა გამოვიყენო“, - აცხადებდა 13 აპრილს, TV პირველის ეთერში მერაბ ლომინაძე.

„მთის ამბების“ ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე „ენკას“ უარი ასე ახსნა: ნამახვანჰესის მშენებლობა შეწყვიტეს და საერთაშორისო არბიტრაჟში აპირებენ სარჩელის შეტანას, რადგან პროექტის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცათ და ფინანსურად დაზარალდნენ.

საქართველოს მთავრობასა და „ენკა რინიუებლზს“ შორის დადებული ხელშეკრულება, სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტის შემთხვევაში, კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას ყველა შემთხვევაში მთავრობას აკისრებს. ხელშეკრულების ამ შინაარსით გაფორმების წინააღმდეგი იყო იუსტიციის სამინისტრო, რომლის გასაიდუმლოებული დასკვნაც „მთის ამბებმა“ მოიპოვა და გამოაქვეყნა.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი „მთის ამბებთან“ არ ადასტურებს, რომ მედიაციის მონაწილეებს ასეთი ინფორმაცია მიაწოდა. „ენკას“ პოზიციის გასაცნობად, კომპანიის დირექტორს მერაბ ლომინაძეს რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ვერ დავუკავშირდით. განმარტება „ენკას“ სათავო ოფისს ვთხოვეთ, საიდანაც პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

რაც შეეხება მეორე საკითხს, ნამახვანჰესის შესახებ საპროექტო დოკუმენტაციისა და ხელშეკრულების რევიზიას დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტების მიერ, ეს მოთხოვნა ორ ნაწილად გაიყო: პირველი - ნამახვანჰესის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (გზშ) და კვლევები რამდენად შეესაბამება ევროკავშირის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დირექტივას და მეორე - საქართველოს მთავრობასა და „ენკას“ შორის დადებული ხელშეკრულება და ჩატარებული ტენდერი შესაბამისია თუ არა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და სტანდარტებთან.

ევროკავშირის ენერგეტიკულმა გაერთიანებამ ტენდერისა და ხელშეკრულების შეფასება საკუთარ თავზე აიღო და ის დასკვნას თავად მოამზადებს.

ნამახვანჰესის გზშ-ს, კვლევების, ქვეყნისთვის ამ პროექტის საჭიროებისა და სარგებლიანობის დასაბუთების, ასევე, კომპეტენციის შესაფასებლად, არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო კომისიის შექმნას ითხოვდნენ. ენერგოგაერთიანებამ თქვა, რომ ექსპერტების მოსაწვევად მათ ფინანსები არ ჰქონდათ. ტექნიკური დავალების ღირებულება დაახლოებით 100 ათასი დოლარია. არასამთავრობოებმა იშუამდგომლეს, რომ დაფინანსების მოსაძიებლად ევროკომისიისთვის მიემართათ, საიდანაც ურჩიეს, რომ რევიზია ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისიისთვის (NCEA) ეთხოვათ. მთავრობის წარმომადგენლებმა ნამახვანჰესის გზშ-ს რევიზიის პროცესში ნიდერლანდების კომისიის მოწვევაზე უარი თქვეს.

ნამახვანჰესთან დაკავშირებით მედიაციის წინა პროცესში დასმულ მესამე მთავარ საკითხზე, რომელიც ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებას ეხება და რაც ქვეყანას არ აქვს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა მხარეებს პირობა მისცა, რომ სამინისტრო ამუშავებდა კლიმატისა და ენერგეტიკის ეროვნულ გეგმას, რომლის ერთ-ერთი თავიც ენერგოუსაფრთხოებაა. თვალაბეიშვილი მედიაციის პროცესის მონაწილეებს დაჰპირდა, რომ სამუშაო დოკუმენტს მიაწოდებდა, შესაძლებლობა ექნებოდათ ემსჯელათ ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე და შენიშვნები გამოეთქვათ. სამინისტრომ მხარეებს ასეთი დოკუმენტი მართლაც მიაწოდა.

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამავლობით ნამახვანჰესის საკითხზე მომდევნო შეხვედრა, სავარაუდოდ, სექტემბერში გაიმართება.

30 ივლისს, მედიაციის მონაწილე საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა მთავრობას მოუწოდეს, განუმარტოს საზოგადოებას ის მიზეზები, რის გამოც, მათთვის მიუღებელია პროექტის გადახედვის პროცესში საერთაშორისო, მაღალი რეპუტაციისა და კვალიფიკაციის ორგანიზაციის ჩართვა. არასამთავრობოები ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისიას გულისხმობდნენ.

„კვალიფიციური და მიუკერძოებელი შეფასებების შესასრულებლად ერთ-ერთ პრეტენდენტად განიხილება სფეროში უდიდესი გამოცდილებისა და რეპუტაციის მქონე ყველაზე აღიარებული ინსტიტუცია ჩვენი მეგობარი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოდან. პროცესში ამ ორგანიზაციის ჩართულობა სრულად მისაღებია როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის, ისე თავად ენერგოგაერთიანებისთვისაც. თუმცა, მთავრობას აქვს მცდელობა, რომ მიმდინარე მოლაპარაკებებიდან და შესაბამისად, მომავალში დოკუმენტების რევიზიის პროცესიდან გამოირიცხოს ეს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაცია. სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან ასეთი მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციის ერთპიროვნულად და დაუსაბუთებლად გამორიცხვა პროცესისადმი საზოგადოების ნდობას ასუსტებს და მხარეებს უთანასწორო პირობებში აყენებს. შესაბამისად, აუცილებელია, მთავრობის წარმომადგენლებმა უახლოეს მომავალში, საჯაროდ, წარმოადგინონ არგუმენტები, თუ რატომაა ამ ევროპული ორგანიზაციის ჩართვა პროცესში მათთვის მიუღებელი“, - ნათქვამია განცხადებაში.

მინისტრების მოადგილეებს დავით თვალაბეიშვილსა და ნინო თანდილაშვილს ვკითხეთ, რას ეფუძნება მთავრობის წარმომადგენლების უარი, ნამახვანჰესის გზშ-ს და მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების რევიზია ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისიამ განახორციელოს. ორივე თანამდებობის პირისგან სიტყვა-სიტყვით ერთნაირი პასუხი მივიღეთ: „ჩვენი პოზიციაა, რომ პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლა განახორციელოს დამოუკიდებელმა, ნეიტრალურმა და პროფესიონალურმა კომპანიამ. მთავრობა თანახმაა ამ შესწავლისთვის გამოყოს თანხა და კომპანიის შერჩევის პროცესი იყოს გამჭვირვალე მედიაციის პროცესში მონაწილე მხარეების ჩართულობით“.

მთავრობასთან დაახლოებულმა გიორგი აბრამიშვილმა, რომელიც საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციას ხელმძღვანელობს და ნამახვანჰესის მშენებლობას ლობირებს, 1-ელ აგვისტოს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისია ანტისახელმწიფოებრივ და სეპარატისტულ საქმიანობას ეწევა. ამის მაგალითად აბრამიშვილი ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისიის 2013 წლის ანგარიშს ასახელებს, სადაც სვანეთში, ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის გზშ-ს დოკუმენტებია განხილული.

„ნამახვანის საკითხის ირგვლივ მედიაციის პროცესში სწორედ იმ ექსტრემისტმა არასამთავრობოებმა, რომლებსაც ხშირად ვახსენებ ხოლმე, წამოაყენეს ულტიმატუმი იმის თაობაზე, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტი აუცილებლად უნდა წარმოადგინოს „ნიდერლანდების გარემოსდაცვითი შეფასების კომისიამ“ - (Netherlands Comission for Enviromental assesment).

რუსული „რბილი ძალის“ ხაზი სწორედ ამ კომპანიაზე გადის: ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისია ის ორგანიზაციაა, ვინც, მაგალითისთვის, ხუდონჰესის შესახებ 2013 წლის დასკვნაში აღნიშნა, რომ სვანები არიან განსხვავებული ეთნიკური ჯგუფი ქართველებისგან „Indigenous People“.

ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, რომ სვანეთი დაპყრობილი აქვს საქართველოს, რომ „არაქართველი“ სვანები განიცდიან ქართველების მხრიდან კოლონიურ ჩაგვრას, რომ მათ სჭირდებათ თვითგამორკვევა. როდესაც ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისია სვანებს „Indigenous People“-ს უწოდებს, ეს ნიშნავს, რომ ის მიიჩნევს შემდეგს: სვანები არ არიან ქართველები; ქართველებმა, რომლებიც მოგვიანებით დასახლდნენ ამ ტერიტორიაზე, დაიწყეს სვანების ჩაგვრა-შევიწროვება; სვანებს თვითგამორკვევის საკითხში სჭირდებათ ხელშეწყობა და ავტონომია. ეს ხდება რუსეთის და აფხაზეთის საზღვარზე - არ დაგვავიწყდეს! ძნელად მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ასეთი ნარატივით, რაც კუთხური სეპარატიზმის გაღვივებას უწყობს ხელს, ნიდერლანდების კომისია ანტისახელმწიფოებრივ და სეპარატისტულ საქმიანობას ეწევა და ჩვენი „ეროვნული გარემოსდამცველი“ არასამთავრობო ორგანიზიციებიც ამ ნარატივის ხელშეწყობა-აფიშირებას ახდენენ“.

რა ორგანიზაციაა ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომისია; რა დაწერეს მათ ხუდონჰესზე 2013 წელს მომზადებულ დასკვნაში, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს თხოვნით მომზადდა და რის შემდეგაც ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი შეჩერებულია, ნებართვები არ გაიცა; ვის გულისხმობენ ტერმინში „indigenous people“ (მკვიდრი ხალხი) საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რომელთა გასაჩივრების ორგანოებმა ორწლიანი გამოძიების შემდეგ, სვანეთში დაგეგმილი ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი საერთაშორისო სტანდარტებისთვის შეუსაბამოდ მიიჩნიეს, ამის ერთ-ერთ მიზეზად კი „ძირძველი მოსახლეობის“ უფლებებთან წინააღმდეგობა დაასახელეს; როგორია და რა კრიტერიუმებს ეფუძნება ამ ტერმინის თანამედროვე გაგება; რატომ ქმნიან მითს სვანების სეპარატისტობის შესახებ - „მთის ამბები“ მომდევნო სტატიებში გიამბობთ.

 

ამ თემაზე:

რა მიზნით იქმნება მითი სვანების სეპარატისტობის შესახებ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]