weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები გაგრძელდება – მთავრობის გადაწყვეტილება

10:24 შაბათი, 24 აპრილი 2021

საქართველოს მთავრობამ არ დააკმაყოფილა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნა რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტის თაობაზე. ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, ხეობაში დარჩება პოლიციელების შემცირებული რაოდენობა და აქციის მონაწილეებს მათთან კოორდინაციით კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა ექნებათ.

ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია თბილისში 23 მაისს გაიმართება

მთავრობის მიერ ნამახვანჰესის მშენებლობის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მიღებულია შემდეგი გადაწყვეტილებები:

პრემიერ-მინისტრის დავალებით, კომპანია „ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას.

საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი. საერთაშორისო ექსპერტი „ნამახვანჰესის“ გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესწავლის მიმართულებით იმუშავებს.

საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ხელშეკრულების პირობების დაზუსტებას კომპანია „ენკასთან“. პროექტის სრულყოფის მიზნით, უახლოეს მომავალში, მთავრობა კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.

კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება.

კომპანია ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში.

საქართველოს მთავრობა საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ყველა დაინტერესებულ პირს უდასტურებს მზაობას, პროცესი გაგრძელდეს დიალოგის ფორმატში, რომლის ფარგლებშიც მოხდება ხელშეკრულების თითოეული პუნქტის პირობების განხილვა, იმისთვის, რომ არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს.

ასევე, „ნამახვანჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის დამატებით ბარიერებს და შეამცირებს ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას. ტერიტორიაზე დარჩება პოლიციელთა მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციასთან კოორდინაციით, კანონის ფარგლებში პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ.

15 აპრილს, ქუთაისის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საპროტესტო მოძრაობის ლიდერებმა სამი მოთხოვნა დააყენეს, რომელთა შესრულების შემთხვევაში, დიალოგისთვის მზადყოფნას გამოთქვამდნენ. ეს პირობები იყო: რიონის ხეობიდან პოლიციის გაყვანა და გუმათში აღმართული რკინის კედლის აღება; ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების სრულად შეწყვეტა; აქტივისტებისთვის ნამოხვანში დაბრუნებისა და კარვების დადგმის უფლების მიცემა.

ჰესის მოწინააღმდეგეები აცხადებდნენ, რომ თუ ხელისუფლება სამივე პირობას არ დააკმაყოფილებდა, ისინი აქციების გზით წავიდოდნენ - მოახდენდნენ ქალაქების პიკეტირებას და თბილისში აუღებელ აქციას გამართავდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]