weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

RMG-ს დაევალა მდინარე კაზრეთულას დაბინძურება წლის ბოლომდე აღკვეთოს - მინისტრი

16:43 სამშაბათი, 03 აპრილი 2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, კომპანია RMG-ის, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტში სამთომოპოვებით სამუშაოებს ახორციელებს, დაევალა, რომ მდინარე კაზრეთულას დაბინძურების ფაქტები 9 თვეში, 2018 წლის 31 დეკემბრამდე აღკვეთოს, ხოლო მდინარეების ფოლადაურისა და მაშავერას დაბინძურება 2020 წლის 31 მარტამდე.

ლევან დავითაშვილმა კომპანია RMG-ს მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესახებ დღეს პარლამენტში, გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, გამომდინარე იქედან, რომ ქვემო ქართლის რეგიონში განსაკუთრებით მწვავედ დგას RMG Cooper-ის და RMG Gold-ის საქმიანობის შედეგად წყლის დაბინძურების საკითხი, სამინისტროს მიერ დადგენილი გონივრული ვადების ფარგლებში კომპანიებმა უპირველესად უნდა აღმოფხვრან საოპერაციო არეალების მიმდებარედ არსებული მდინარეების დაბინძურება.

„კომპანია RMG Copper-ს დაევალა დაუყოვნებლივ დაიწყოს ყველა შესაძლო ღონისძიების განხორციელება მდინარე კაზრეთულას დაბინძურებისგან დაცვის მიზნით. კომპანიამ 2018 წლის 31 დეკემბრამდე მდინარე კაზრეთულაში უნდა აღკვეთოს საწარმოს მხრიდან ნებისმიერი დაბინძურება. როდესაც სამინისტრო შეამოწმებს ვალდებულების შესრულების მდგომარეობას, კაზრეთულას დაბინძურების ფაქტები აღარ უნდა ფიქსირდებოდეს. ეს არის მეტად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ვფიქრობთ, რომ ამ ვადაში მიღწევადია.

გარდა აღნიშნულისა, მდინარეების ფოლადაურისა და მაშავერას დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, 2020 წლის 31 მარტამდე ორივე კომპანია - RMG Gold და RMG Copper ვალდებულია დაუყოვნებლივ დაიწყოს კუდსაცავებიდან და ფუჭი ქანების სანაყაროებიდან ჩამდინარე წყლების შესაგროვებელი სადრენაჟო სისტემისა და გამწმენდი მოწყობილობის მონტაჟი. ამ ვადების განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნა ასევე ის გარემოებაც, რომ გამწმენდი ნაგებობების მოსაწყობად აუცილებელია გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რასაც დაახლოებით 6 თვიანი ვადა სჭირდება.

კომპანიის მხრიდან ჩასატარებელი სამუშაოების მასშტაბი საკმაოდ დიდია, გამომდინარე ტერიტორიის სიდიდისა, თუმცა ამ შემთხვევაში, სამინისტროს მიდგომა იყო მაქსიმალურად მკაცრი, რათა მოკლე ვადებში აღმოიფხვრას წყლის დაბინძურების პრობლემები რეგიონში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

2017 წლის ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამთომოპოვებითი საქმიანობის შედეგად დაბინძურების არეალი და მასშტაბები საგანგაშო მდგომარეობამდეა გაზრდილი. დაბინძურებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორია და დმანისის მუნიციპალიტეტის დიდი ნაწილი.

ტყვიით დაბინძურებულია საყდრისის საბადოსთან ახლოს მდებარე სოფლების სავარგულები. უნდა აღინიშნოს, რომ ტყვია ტოქსიკური და ჯანმრთელობისთვის საშიში ელემენტია. იგი უარყოფითად მოქმედებს ბავშვების ტვინის ფუნქციონირებაზე, იწვევს გონებრივ ჩამორჩენას, მეხსიერების დაქვეითებასა და სხვადასხვა ფსიქიკურ აშლილობას. ორგანიზმში დალექვის შემდეგ, ტყვია იქიდან ძალიან ძნელად განიდევნება, ამას საშუალოდ 10-დან 30 წელი ესაჭიროება.

რეგიონში განვითარებულია მებოსტნეობა, წარმოებით დაბინძურებული მდინარეები მაშავერა და ფოლადაური კი სამელიორაციო სისტემაში გამოიყენება. ბოსტნეული დიდი რაოდენობით ითვისებს სიმსივნის მაპროვოცირებელ მძიმე მეტალებს – ტყვიასა და კადმიუმს. აღნიშნული პროდუქცია კი ბაზარზე ყოველგვარი კონტროლის გარეშე შედის. სპეციალისტების შეფასებით, ეს პრობლემა უდიდეს საფრთხეს უქმნის როგორც ადგილობრივ, ასევე ქალაქების მოსახლეობას, რომელიც ამ ბოსტნეულით მარაგდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]