weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ვანო მერაბიშვილის ინტოქსიკაცია გამოირიცხა – პენიტენციური სამსახური

11:03 ორშაბათი, 15 ოქტომბერი 2018

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, მსჯავრდებული ვანო მერაბიშვილის სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგად მისი მოწამვლის ვერსია გამოირიცხა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილს ბოლო სამ თვეში სხვადასხვა ტიპის გამოკვლევები სამოქალაქო სექტორის რამდენიმე კლინიკაში ჩაუტარდა. 2-4 ოქტომბერს ის კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯია“-ში გადაიყვანეს, სადაც სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაცია და მათ მიერ რეკომენდირებული გამოკვლევები ჩაუტარეს.

„ვინაიდან დაცვის მხარე მუდმივად აპელირებს იმაზე, რომ მსჯავრდებული მერაბიშვილის დიაგნოზი - ჰორნერის სინდრომი შესაძლოა ინტოქსიკაციის შედეგი იყოს, „მედიქლაბ ჯორჯიაში“ ივანე მერაბიშვილს ტოქსიკოლოგების კონსულტაციაც გაეწია. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის მწვავე ეგზოგენური ინტოქსიკაციის კლინიკური სურათი არ გამოვლინდა, ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მსჯავრდებულს მძიმე მეტალების შემცველობაზე სისხლის ლაბორატორიული გამოკვლევა ჩატარებოდა. ანალიზი ჩატარდა 6 მძიმე მეტალზე: რკინა, სპილენძი, ტყვია, კადმიუმი, მანგანუმი და თუთია, ასევე კალციუმსა და მაგნიუმზე. მასალა გამოსაკვლევად გადაიგზავნა გერმანიაში „ლაბორატორია მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის“ მიერ. მიღებული პასუხის შედეგად ირკვევა, რომ ყველა ზემოთხსენებული მეტალის და მაკროელემენტის კონცენტრაცია სისხლში არის ნორმის ფარგლებში“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, მიღებული პასუხების საფუძველზე 12 ოქტომბერს გაიმართა ტოქსიკოლოგების კონსილიუმი, რომლის დასკვნითაც ინტოქსიკაცია გამოირიცხა. ამასთანავე, კონსილიუმმა დაადგინა, რომ ტოქსიკოლოგიური მიმართულებით ივანე მერაბიშვილი რაიმე სახის დამატებით გამოკვლევებს არ საჭიროებს.

„კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევების შედეგები გამორიცხავს მსჯავრდებულის ადვოკატების მხრიდან ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციის საფუძველს, რადგან ივანე მერაბიშვილს ყველა სათანადო გამოკვლევა ჩაუტარდა, რაზეც მედპერსონალის მიერ რეკომენდაცია გაიცა“, – განაცხადეს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

რამდენიმე კვირის წინ ვანო მერაბიშვილის ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა განაცხადეს, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის თქმით, ხელისუფლება ამბობს, რომ მერაბიშვილს ჰორნერის სინდრომი აქვს, თუმცა, მის გამომწვევ მიზეზს ვერ ადგენენ.

„ორ თვეზე მეტია, გვეუბნებიან, რომ ჰორნერის სინდრომის უკან შეიძლება იდგეს უმძიმესი დაავადებები, როგორიც არის სიმსივნე, ინტოქსიკაცია, ინსულტი. ამავდროულად, გვეუბნებიან, რომ არ აქვთ დადგენილი, რამ გამოიწვია ეს ჰორნერის სინდრომი“, – აცხადებდა ადვოკატი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]