weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სახალხო დამცველმა აქციების დროს კარვების გამოყენების საკითხზე საკონსტიტუციოს მიმართა

13:35 სამშაბათი, 16 ოქტომბერი 2018

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საპროტესტო აქციების დროს კარვების გამოყენების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით, სასამართლოს კი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა.

საქართველოს სახალხო დამცველის შესწავლის საგანი არაერთხელ გამხდარა შემთხვევები, როდესაც საპროტესტო აქციის მონაწილეებს სამართალდამცავ ორგანოთა თანამშრომლები არ აძლევდნენ კარვის, გასაშლელი საწოლის, ბანერების და სხვა დროებითი კონსტრუქციების გაშლის საშუალებას. სახალხო დამცველის განცხადებით, უნდა აღინიშნოს, რომ ეს აქციები მიმდინარეობდა ფართო ტროტუარზე, ხელს არ უშლიდა ტრანსპორტის მოძრაობას, არ კეტავდა შენობის შესასვლელს და არც დაწესებულების საქმიანობას აფერხებდა, ამდენად, სრულად იყო დაცული შეკრების თავისუფლებით.

„ბოლო პერიოდში ცალკეული საჩივრების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა ერთგვარი ტენდენცია, რომ აქციის მიმდინარეობისას კარვის ან სხვა დროებითი კონსტრუქციების განთავსება სამართალდამცავი ორგანოების მიერ იზღუდება“, - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ქვეითთა სამოძრაო ტერიტორიაზე აქციების და მანიფესტაციების გამართვისას, კარვის, გასაშლელი საწოლის, ბანერების და სხვა დროებითი კონსტრუქციების გამოყენების ამკრძალავი ნორმა საქართველოს კანონმდებლობაში არ მოიპოვება. ამის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთ წერილში მითითება ხდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 134-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, როგორც ამ უფლების შეზღუდვის საფუძველზე.

სახალხო დამცველის თქმით, მანიფესტაციების გამართვის დროს კარვის, გასაშლელი საწოლის, ბანერების და სხვა დროებითი კონსტრუქციების გამოყენების აკრძალვა არ ექცევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 134-ე მუხლის რეგულირების სფეროში.

ამის მიუხედავად, სახალხო დამცველმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს სადავო ნორმის იმ განმარტების კონსტიტუციურობა, რომელიც მას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისცა.

„თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ გაიზიარებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სადავო ნორმის განმარტებას და მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 134-ე მუხლის მე-2 ნაწილი არ შეიძლება ეხებოდეს შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლებას, ნორმის ამგვარი განმარტება უკვე სავალდებულო იქნება და პოლიციის თანამშრომლები მის საფუძველზე ვეღარ შეზღუდავენ შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს კარვებისა და სხვა, სათანადო დროებითი კონსტრუქციების გამოყენებას. მეორე მხრივ, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაინახავს სადავო ნორმაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიცემული განმარტების რესურსს, სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დაამტკიცებს სადავო ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურობას“, - აღნიშნავს ნინო ლომჯარია.

იგივე საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა.

როგორც ცნობილია, ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვეს, უკანონოდ იქნას ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება (ქმედება), რომლითაც მათ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტროტუარზე კარვის განთავსების შესაძლებლობა არ მიეცათ.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც უკავშირდება სახელმწიფოს მხრიდან შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ფარგლებს. სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ მიდგომაზე, რომლის თანახმადაც, უფლების შეზღუდვის მართლზომიერების შესაფასებლად, სარჩელის განმხილველმა სასამართლომ აუცილებელია, პირველ რიგში შეაფასოს, თუ რამდენად ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა მსგავს შემთხვევაში აქციის მიმდინარეობისას კარვის განთავსების აკრძალვას.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]