weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქობულეთში 15 წლის გოგონას ქორწინების ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო

11:23 სამშაბათი, 23 ოქტომბერი 2018

ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში 15 წლის გოგონას ქორწინების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. „ტვ 25“-ის ინფორმაციით, მე-11 კლასის მოსწავლე გოგონა სრულწლოვან მამაკაცს ცოლად დაახლოებით ერთი თვის წინ გაჰყვა, ქორწილი კი ორი დღის წინ იყო, რომელსაც სკოლის დირექტორიც ესწრებოდა.

იმ კლასის დამრიგებელი, სადაც 15 წლის გოგონა სწავლობდა, ირწმუნება, რომ მოზარდი სკოლის დაწყებამდე დაოჯახდა. პედაგოგის თქმით, მან ამის შესახებ დირექტორს აცნობა, თუმცა მას შემდეგ განვითარებული მოვლენებით არ დაინტერესებულა.

„როცა ბავშვი ამ ნაბიჯს დგამს და ოჯახმა თუ იცის ეს ყველაფერი, თავს ზემოთ ძალა არ არსებობს. არის დაუწერელი კანონებიც ამ ქვეყანაში, სამწუხაროდ“, - ამბობს კლასის დამრიგებელი და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.

სკოლის დირექტორის განცხადებით, არასრულწლოვნის ქორწინების შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც გოგონა სასწავლებლად უკვე სხვა სკოლაში იყო გადასული. მისივე თქმით, მოსწავლის დედა ამავე სკოლის მასწავლებელია და ქორწილში თანამშრომლის მიწვევით მივიდა.

„1-ელ ოქტომბერს მშობელმა დაწერა განცხადება, რომ ბავშვს გადაიყვანდა სხვა სკოლაში. ამოვრიცხეთ სკოლიდან. ამის შემდეგ გავიგეთ, რომ ეს ბავშვი გათხოვდა. რადგან უკვე სხვა სკოლის მოსწავლე იყო, ჩავთვალე, რომ იმ სკოლის დირექტორი დარეკავდა იქ, სადაც საჭირო იყო“, - ამბობს დირექტორი.

„ტვ 25“-ის ინფორმაციით, იმავე სკოლის მოსწავლე კიდევ ერთმა გოგონამ გასული წლის დეკემბერში შექმნა ოჯახი. დირექტორი ამ შემთხვევაშიც ამბობს, რომ გოგონა სკოლიდან 2-3 თვის გადასული იყო.

ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრში განაცხადეს, რომ არსრულწლოვნების ქორწინების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ჰქონდათ.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან. ადრე მოქმედი წესი, რომლის თანახმადაც მშობლების თანხმობით დაიშვებოდა 16 წელს მიღწეული პირების ქორწინება, 2016 წლის 1 იანვრიდან გაუქმებულია.

TV25

აჭარაში ბაზირებული დამოუკიდებელი ტელეკომპანია, რომელიც დაარსდა 1993 წლის 15 ივნისს. მაუწყებლობის არეალი მოიცავს ბათუმს, ქობულეთს, ხელვაჩაურს, ოზურგეთის რაიონის ნაწილს და ზღვისპირა ზოლს სარფიდან ქალაქ ფოთამდე. ტელეკომპანიის ვებგვერდია www.tv25.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]