weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

8 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული წარსულში ამნისტირებული და შეწყალებულია

10:28 კვირა, 28 ოქტომბერი 2018

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის განცხადებით, გორში, 25 ოქტომბერს, 8 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძე ამნისტირებულია 2012 წლის ამნისტიის კანონით, ასევე მას დარჩენილი სასჯელი პრეზიდენტმა 13 თვით შეუმცირა.

„პირველ რიგში, გამოვთქვამ დიდ მწუხარებას გორში მომხდარი ტრაგედიის გამო და თანავუგრძნობ ბერიაშვილების ოჯახს.

ამ ინფორმაციას ჩვენ გუშინაც მოგაწვდიდით, მაგრამ, პერსონალური ინფორმაციის დაცვის სტანდარტიდან გამომდინარე, თავს ვიკავებდით კომენტარისგან, ვიდრე მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ ადამიანს ბრალი არ წარედგინა.

გორში 25 ოქტომბერს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული იაგო ნებიერიძის საქმე შეწყალების კომისიამ 2016 წლის დეკემბერში განიხილა. ნებიერიძე სასჯელს იხდიდა 2008 წლის 29 სექტემბრიდან ძარცვისა და ყაჩაღობის მუხლებით: მას მსჯავრი დაედო ძარცვის ერთ ეპიზოდზე და ყაჩაღობის ერთ ეპიზოდზე. მას მიესაჯა 18 წელი და 4 თვე. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრი შეუმცირა 17 წლამდე და 4 თვემდე. 2012 წლის ამნისტიის კანონით მსჯავრი შეუმცირდა 10 წლამდე, ანუ სასჯელი შეუმცირდა 7 წლით და 4 თვით.

იაგო ნებიერიძის საქმის განხილვის დროს მას მოხდილი ჰქონდა 8 წელი და 3 თვე. მოსახდელი რჩებოდა 2 წელი და 3 თვე.

კომისიამ იმსჯელა და ერთხმად გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტისთვის შეეთავაზებინა დადებითი რეკომენდაცია. კომისიის რეკომენდაცია განაპირობა შემდეგმა ფაქტორებმა: იაგო ნებიერიძეს საპატიმრო დაწესებულებიდან ჰქონდა დადებითი დახასიათება; მოხდილი ჰქონდა სასჯელის ძალიან დიდი ნაწილი; ჯანმრთელობის ცნობასა და ფსიქოლოგის დასკვნაში არაფერი იყო  ნათქვამი რაიმე ტიპის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემასა და აგრესიულ ხასიათზე, რასაც შეეძლო საზოგადოებისთვის ზიანი მოეტანა; სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ დოკუმენტებში დადასტურებული იყო, რომ მსჯავრის მოხდის დროს (2008 წლიდან) იგი იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.

ამ მასალების განხილვისას კომისიის წევრთათვის დამატებით ისიც გახდა ცნობილი, რომ მანამდეც (2004-2007) გამოძიების ეტაპზე იაგო ნებიერიძე ასევე იყო წამების მსხვერპლი, რასაც თავის ყოველწლიურ ანგარიშში მოიხსენიებდა სახალხო დამცველი.

პრეზიდენტმა არ გაიზიარა კომისიის რეკომენდაცია სრულ გათავისუფლებასთან დაკავშირებით და  იაგო ნებიერიძეს დარჩენილი საპატიმრო სასჯელიდან მხოლოდ 1 წელი და 1 თვე ჩამოაკლო“, - განმარტა ზვიად ოქრიძემ.

პროკურატურამ იაგო ნებიერიძეს ბრალი 27 ოქტომბერს წარუდგინა.

8 წლის გოგონა გორში  მოკლული 25 ოქტომბერს იპოვეს. ბავშვის ცხედარი სამართალდამცავებმა წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვის ნაპირას ნახეს. თვითმხილველების თქმით, ბავშვს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოცმული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]