weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

სასამართლო თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის საკითხზე საქმის განხილვას იწყებს

10:33 სამშაბათი, 30 ოქტომბერი 2018
ფოტოზე თემირლან მაჩალიკაშვილის დედა / ფოტო © პანკისის სათემო რადიო WAY ფოტოზე თემირლან მაჩალიკაშვილის დედა / ფოტო © პანკისის სათემო რადიო WAY

თბილისის საქალაქო სასამართლო თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების, აიზა მარგოშვილისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვას იწყებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ. თემირლანის მშობლები მათი გარდაცვლილი შვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე დავობენ. პროცესი დღეს, 30 ოქტომბერს, 15:00 საათზე გაიმართება.

2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ საჯარო განცხადებებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მტკიცებით ფორმაში უთითებდა თემირლან მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივ კავშირებზე.

სუს-ის განცხადებით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული პირები დაკავშირებულები იყვნენ, 21-22 ნოემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს.

იგივე შინაარსის განცხადებები შემდგომში სხვა საჯარო პირებმაც, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთეს.

სპეცრაზმის მიერ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ.

სასამართლოში მოსარჩელეების ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იცავს. ადვოკატების განცხადებით, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე, მტკიცებით ფორმაში, ყოველგვარი ეჭვის ან სხვაგვარი შესაძლებლობის დაშვების გარეშე თემირლან მაჩალიკაშვილის დამნაშავეობაზე და მის მიერ ტერორისტული საქმიანობის მხარდაჭერაზე მითითება, არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმფციას და მიზნად ისახავდა საზოგადოების თვალში მის დამნაშავედ წარმოჩენასა და დეჰუმანიზებას.

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამარლოს პრეცედენტული სამართალი ამ კუთხით ერთგვაროვანია და იმპერატიულად ადგენს სასამართლოსა, თუ სისხლის სამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს ვალდებულებაზე დაიცვას პირის უდანაშაულობის პრეზუმფცია, რაც გულისხმობს ორგანოთა ვალდებულებას არ გამოიყენონ დანაშაულის აღმნიშვნელი სიტყვები და არც სხვა სიტყვებით გამოხატონ წინასწარი აზრი პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით, ვიდრე არ დამტკიცდება პირის დამნაშავეობა კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. ცხადია, აღნიშნული არ გამორიცხავს შესაბამისი ორგანოების მხრიდან მოსახლეობის ინფორმირებას მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია მხოლოდ ფაქტების სახით იქნეს მიწოდებული და მას არ ჰქონდეს დეკლარაციული, მტკიცებითი ხასიათი ბრალდებულის დამნაშავეობასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია მაჩალიკაშვილის მშობლების სარჩელში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]