weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პარლამენტთან კარვების გაშლაზე სარალიძისა და მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა გადაიდო

12:14 ოთხშაბათი, 31 ოქტომბერი 2018
ფოტო: რადიო თავისუფლება ფოტო: რადიო თავისუფლება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა გადაიდო. ამის მიზეზი შსს-ს წარმომადგენლის შუამდგომლობა გახდა, რომლის მიხედვითაც, სამინისტროს გარკვეული ინფორმაციის წარმოსადგენად დამატებითი დრო სჭირდება.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი შეკრების უფლებისა და კარვის განთავსების შესაძლებლობის შეზღუდვაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ.

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლო პროცესის განზრახ გაჭიანურებას ცდილობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააყენა შუამდგომლობა, სადაც განმარტა, რომ რაღაც საიდუმლო მასალებზეა საუბარი, რომლის წარმოდგენაც დღემდე ვერ მოახერხა და რის გამოც დღემდე არ გვაძლევენ კარვების გაშლის უფლებას. არვიცი, რა მასალებზეა საუბარი. აქამდე ძალიან დიდი დრო ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაგრამ მტკიცებულებები არ წარმოადგინა.

ეს კეთდება იმისთვის, რომ გაჭიანურდეს და მაქსიმალურად გაიწელოს კარვების გაშლის თემა.

ფაქტობრივად, განუსაზღვრელი ვადით არის გადადებული სასამართლო პროცესი. 15 ნოემბერს გვექნება ინფორმაცია, როდის ჩაინიშნება. ფაქტია, შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებით ხდება ეს ყველაფერი“, - ამბობს ზაზა სარალიძე.

სასამართლოში მოსარჩელეების ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. ადვოკატების განცხადებით, პოლიციის ქმედება, არ დაუშვას აქციის მონაწილეების მიერ შეკრების ადგილას კარვის განთავსება, წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრების ფორმის კონტროლის მცდელობას, რაც უხეშად არღვევს კონსტიტუციითა და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გარანტირებულ შეკრების უფლების არსს.

„შსს ვალდებულია, ხელი არ შეუშალოს შეკრების ჩატარებას იმ ფორმით, რომელიც მშვიდობიანია და არჩეულია აქციის მონაწილეთა მიერ. აქციის ფორმის, დროისა და ადგილის არჩევის უფლება შეკრების უფლების ნაწილი და მისი შინაარსია. მოსარჩელეთა მიერ ორგანიზებული შეკრება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მათი შვილების მკვლელობის საქმეების ობიექტური და სრულყოფილი გამოძიების მოთხოვნას და გააჩნია მშვიდობიანი შეკრების ფორმა, რის გამოც შეკრების თავისუფლებაში ჩარევის საფუძველი სახელმწიფოს არ გააჩნდა“, - აცხადებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია 10 სექტემბერს დაიწყეს. ისინი ღამეებს რუსთაველის გამზირზე ათენებენ. სარალიძე და მაჩალიკაშვილი მოითხოვენ მათი შვილების სიცოცხლის ხელყოფის საქმეების ობიექტურ და სრულყოფილ გამოძიებას და სახელმწიფოს მიერ დამნაშავეების დასჯას. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]